Thursday, June 27, 2013

რა სარგებლობა მოაქვს თბილისს?

ორი სიტყვით რომ ვთქვათ: არაფერი გადასარევი. თუმცა არასოდეს მომწონდა ფაქტების ორი სიტყვით შეფასება, ასე რომ დავიწყოთ დედა-ქალაქის და ჩემი პუჭურა ქალაქის შედარება.


პირველი, რაც გორიდან თბილისში გადმობარგებისას გეცემა თვალში და ფეხებში, ესაა უზარმაზარი მასშტაბები. ს კაკოვა ჩორტა?! გორში ყოველთვის 1 წუთის სიზუსტით შემეძლო დამეგეგმა მარშუტი და ცხოვრება ზოგადად. თბილისში კი აღმოჩნდა, რომ ნახევარი საათი ისე შეიძლება აორთქლდეს შენი რესურსებიდან, როგორც არაფერი - დაიხარჯოს რა გზაში. მარტო საბურთალო სპორტის სასახლიდან ვიდრე ვაჟას ძეგლამდე იქნება გორის ფართობის. და ამ გზის ფეხით გავლა სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. გორში იგივე იდეის მქონე გადაადგილებამ, ანუ ერთი უბიდან მეორეს ბოლოში მაააქსიმუმ 10 წუთი წაიღოს. მთლიანად გორის გავლა შეიძლება ნახევარ საათში.



მეორე, რასაც მთელი არსებით შეიგრძნობ, ესაა გადატვირთულობა. თბილისი არის გადატვირთული როგორც ხალხით, ისე მანქანებით, ისე მაღაზიებით, ისე ნაგვით, ისე ლოთებით, ისე მათხოვრებით, ისე ნახშირორჟანგით და შესაბამისად - მაღალი ტემპერატურებით. ერთი დღით როდესაც ჩამოდიხარ საქმეზე, ისე ვერ ამჩნევ, მაგრამ როდესაც მთელი კვირის მერე გორში ბრუნდები - ს კაკოვა ჩორტა?! სადაა ხალხი? სადაა მანქანები? სად წავიდა მოსახლეობა? მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება - ეს ხომ ჩემი პუჭურა ქალაქია.. მარა მერე ფიქრობ, ჩემი თუა, ეს უცნობი ხალხი ვინ დადის, სად არიან ჩემი ნაცნობ-მეგობრები? სად და თბილისში! ბლინ, ნე სმეშნო!


მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - აქაო და დედაქალაქიაო თუ არ ვიცი სხვა რის გამო, თბილისში ცხოვრება გაუმართლებლად ძვირი ჯდება. ქირით ყოფნა აბსოლუტური უაზრობაა რომელიც შეიძლება ადამიანმა გააკეთო. სამწუხაროდ ხდება ცხოვრებაში ისეც, რომ უაზრო ნაბიჯების გადადგმა გიწევს. გორში ორ იზოლირებულ ოთახს ავეჯით, სამზარეულოთი და აბაზანათი ცენტრში 150 ლარად ვიხვეწებოდით - იქირავეთო. ასეთ ბინას თბილისში 300 დოლარზე ნაკლებად ვერ ნახავ. ხოლო ძირითადი კონტენტია 150-200 ლარიანი ერთი ოთახები იშვიათად ავეჯით და ეზოში მდებარე საერთო აბაზანით და სამზარეულოთი სადღაც გადაკარგულში, ისევ შევარდნაძე რომაა პრეზიდენტი. ამას ემატება კვების მინიმუმ 150 ლარიანი ხარჯი და ტრანსპორტის მონიმუმ 100 ლარიანი ხარჯი. გამოდის, რომ 500 ლარი შემოსავალი ისე იქცევა გასავლად, როგორც არაფერი. ს კაკოვა ჩორტა?! გორში ამ ხარჯებს აკლდება ტრანსპორტის ხარჯი (ფეხით მიხვალ ყველგან), კვების ხარჯი ჩამოდის 120 ლარამდე, ბინის - 150 მდე. ანუ 300 ლარად უკვე შეიძლება ცხოვრება.

მეოთხე ისაა, რომ თბილისში ძალიან ბევრი უცნაურად ჩაცმული ადამიანი დადის. სიმართლე გითხრათ, ეს არანაირ ზიანს არ მაყენებს, მაგრამ ასეთი ხალხის გარემოცვაში შენც უცნაურად ჩაცმას იწყებ და მერე უკვე მთელი გორი გიყურებს უცნაურად. მაგას თავი დაანებე და პირადად ჩემთვის გაუგებარია რატომ ხარჯავს ეს ხალხი უზარმაზარ ფულებს საოცარ მანქანებში, ჩაცმაში და ძვირიან ადგილებში წასვლაში, როდესაც სახლი არ უვარგა, ვალებშია ჩაძირული და გაცილებით იაფიანი მანქანითაც მშვენივრად გადაადგილდება, იგივენაირ ტანსაცმელს არაბრენდ მაღაზიაშიც მშვენივრად იყიდეს გაცილებით იაფად და შარდენზე ერთი ლუდის ფასად საკაიფოდ შეჭამს ვთქვათ მაჭახელაში - იქვე რომაა 500 მეტრში. რომ არ მოვიტყუო, გორშიც საკმაოდ ბევრს ყავს კარგი მანქანა, რომელიც უბრალოდ ცოდოა გორის გზებისთვის. გორშიც გვაქვს შარდენ ბარი, სადაც ჩემმა მეგობრებმა ერთი კვირა გადაბმული ვიზიტების შედეგად დატოვებული ხელფასის დატირება ახლაც არ დაამთავრეს. და გორშიც არის ასეთი ძვირიანი ტანსაცმლის მაღაზიები, მარა ოღონდაცა რა!


მეხუთე - ერთი შეხედვით გაცხოველებული მშენებლობების მიუხედავად თბილისი საშინელი ადგილია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. პიკის საათებში ცხოვრება აღარ გინდა ადამიანს კილომეტრებზე გადაჭიმული საცობების გამო, რომლებიც ერთი მხრივ მძღოლების არაკომპეტენტურობის, მეორე მხრივ "ჯიპი მყავს და მაგარი ვარ"-ის და მესამე მხრივ ცუდი გზების გამო იქმნება. რამდენიც არ უნდა აწკაპუნო - დედაქალაქის კვალობაზე თბილისში ისეთი ცუდი გზებია, როგორსაც გორის რაიონის სოფლებშიც ვერ ნახავ. ახალი კორპუსების მშენებლობა მზის გამოყენების აბსოლუტური უგულვებელყოფით ხდება - არის ადგილები (მაგალითად სპორტის სასახლის უკან) სადაც წელიწადის არც ერთ დღეს არ ხვდება მზის არც ერთი სხივი. ამას დაუმატეთ ამ კორპუსებში მცხოვრებლთა ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების არ არსებობა და ისეთ ცხოვრებასთან შეუსაბამო პირობებს ვიღებთ, რომ სურვილი გიქრება რამე კარგი თქვა ადამიანმა. დიახ, გორში ძირითადად 2 სართულიანი სახლებია და ქუჩაში ძროხებსაც შეხვდები ხანდახან, მაგრამ ჰაერია, თავისუფალი გზებია და მზეა.


მეექვსე - თავკომბალობა. ყველაფერი თბილისში! ეს გასაგებიცაა, მეტი ხალხი მეტ ჰორიზონტებს ხსნის ბიზნესისთვის, მაგრამ მთავრობის ფუნქცია სწორედ ეგაა, რომ რეგიონებიდან ხალხი რომ სულ თბილისში მოდის სამუშაოდ და რეგიონი ცარიელდება, ისიც შენი ქვეყანაა და იმასაც მიხედვა უნდა. თორემ აჰა, მოდის ჩინელი, ინდოელი და ყიდულობს ამ შენს ქვეყანას. გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოვო. გორშიც არის თავკომბალა ადგილები - ჭავჭავაძის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ ყალიბდებოდა წმინდაწყლის ეკონომიკური ზონაც - იმედია გავლენ ბოლოში.


დაბოლოს, მეშვიდე - გორში ვერ ნახავ ამდენ იდეინ ადამაინს, რამდენიც თბილისშია. სამწუხაროდ გორში გართობა ხშირად სამუცლავით შემოიფარგლება. ჩემი სუბიექტური აზრით ეს სხვა გამახალისებლის არ არსებობით აიხსნება (სწორედ ისე, როგორც სოფლებში ადრე ოჯახდებიან). თბილისში კი ნახავ ზოოპარკს, მზიურის პარკს, თბილისის ზღვას, სამების ეკლესიას, ძველ თბილისს, მაგდონალდს, მეტროს, ლიტერატურულ კაფეებს, თეატრებს, კინოებს.. შეიძენ უმეტეს საქონელს, რაც კი მოგინდება. მიიღებ უმეტეს მომსახურებას, რაც კი მოგინდება. ივლი ქუჩაში ველოსიპედით და არავინ შემოგხედავს გაოცებული (მამენტ გორშიც უკვე შეეჩვივნენ ველოსიპედიან ადამიანებს). შეგიძლია არ შეგეშინდეს რომ 10 საათის მერე ტრანსპორტი არ იქნება. ღამით თუ მაგალითად პილმენი მოგინდება, არ შეგეშინდება რომ ვერ იყიდი. ადვილია კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-შესრულება. შესაძლებელია გაცილებით უკეთესი განათლების მიღება, ვიდრე გორში. შეხვდები ბევრ ცნობილ ადამიანს და საერთოდაც - შეჩვევაა ყველაფერი, ხომ ცხოვრობს ხალხი აქ და შენც შეძლებ ცხოვრებას. საკითხავი ისაა, რამდენად გიღირს ეს..

2 comments:

maddsolutiononline said...

Have you ever though living in a vanguard house? Now this will be no longer in your imagination by contracting our home builder from Brisbane. It will become a reality that will encourage you to step into a new level of expectations. Home home builder brisbane will create a comfortable and stylish home. Your worries have to stop from the moment that our home builder from Brisbane starts working for you.

Unknown said...

Dacã te-ai sãturat de numãrul usilor care þi-au fost închise în fatã, înscrie-te la un curs calificare si asigurã-ti mãcar o usã deschisã. Datoritã programelor de formare pe care le derulãm, caltitatea unui curs calificare este la cel mai înalt nivel, garantându-ti performanþa si oferindu-ti cheia succesului. Alege varianta potrivitã tie si înscrie-te la un curs calificare Expert Training!