თითოეული დაზოგილი თეთრი იგივე ნაშოვნი თეთრია
ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო აქვს პრობლემა საკუთარი ფინანსური თანხების მართვასთან დაკავშირებით. მუშურ-გლეხურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ვალებით ცხოვრობენ და თვიდან თვემდე ღმერთის და/ან ხელფასის იმედად გააქვთ თავი. და რა მოხდება მაშინ, თუ შუა თვეში გაუთვალისწინებელი გასავალი გაჩნდება? მაგალითად ავტოავარია, საშიში დაავადება, სამუშაოდან გათავისუფლება ან რამე მსგავსი? გამოსავალი კრედიტის აღებაა. თუმცა ეს ყოველთვის გამართლებული არაა. მოდით მე და თქვენ თანმიმდევრობით მიყვვეთ ფულის დაზოგვის ხელოვნებაზე საუბარს და თუ ბევრს ვერაფერს შეიძენთ ჩემი პოსტიდან, ცოტას მაინც იხალისებთ. პოსტი დაწერილია "აიფონიანი ნაშობის", ჯეოსელის განვადებების და ანინა ტეფნაძის პოსტის გავლენით.
სად მიდის ფული?
არსებობს გამონათქვამი, რომ ზედმეტი ფული არ არსებობს. ასევე არსებობს გამონათქვამი, რომ მუცელს აღორებ - ღორია, აქორებ - ქორიაო. ყოველთვის შეიძლება ფულის დახარჯვა, რამეთუ ნებისმიერი გამყიდველი სხვაზე არაფერზე ოცნებობს, ოღონდ თქვენი ფული ჩაიგდოს ხელში. ეს ნერვების და ინტელექტის ომია. მარკეტოლოგები წლობით მუშაობენ როგორ მოატყუონ თქვენი ტვინი ლამაზი გაფორმებებით, ქვეცნობიერი ფაქტორებით (სუნი, შიშველი ქალი გარეკანზე), ტვინის წამღები რეკლამებით რომ როგორმე თქვენი ფული გამყიდველს მისცეთ.
თქვენი ერთად-ერთი იარაღი საღი აზრია. თუ სადმე მიდიხართ და რამე მოგეწონებათ გზაში, არაა აუცილებელი იყიდოთ. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ ის თუ არა. შავი სათვალე გინდათ? კი ბატონო. მაგრამ გაიხსენეთ, იქნებ უკვე გაქვთ შავი სათვალე, რომელიც არც კი იცით სად წაიღოთ. კიდევ ერთი საერთოდ არ გამოგადგებათ, ეს იქნება ზედმეტი ფულის ხარჯი და ზედმეტი ნაგავი თქვენს სახლში. კომპასი მოგეწონათ ნათურით? დაფიქრდით, მისი ყიდვის გამო რამეზე ხომ არ მოგიწევთ უარის თქმა.
ერთი შეხედვით პატარა თანხების ხარჯვა დიდი არაფერი გასავალია. იგივე შესვენებაზე ნახევარი კილო ტკბილეულობის ყიდვა, ყავის ჩამოსხმა აპარატიდან, საჭმლის ყიდვა ფასთ-ფუდში და ასე შემდეგ. გასავალი 5 ლარზე მეტი არ იქნება დღეში. მაგრამ თვეში 20 სამუშაო დღე რომ ვთქვათ (22 სამუშაო დღეა მაქსიმუმი), 100 ლარი უკვე პატარ-პატარა რამეებში წასულა. თქვენი ხელფასის რამდენი პროცენტია 100 ლარი? 10? თუ 25? იქნებ უმჯობესი იყოს კვირაში ერთ დღემდე შეიზღუდოთ ტკბილეულის ყიდვა, საჭმელი სახლიდან ატაროთ და ყავა თვითონ მოიდუღოთ?
ასე რომ თუ თქვენი თავისუფალი თანხა შემოსავლის მეოთხედზე ნაკლები რჩება ვალების და გადასახადების გასტუმრების შემდეგ, ფრთხილად მოეკიდეთ ნივთების შეძენის საკითხს. თქვენი ასარჩევია მუცელს აღორებთ თუ აქორებთ.
გასავლის განაწილების პრინციპები
ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარე ორგანიზმია, განსაკუთრებით თუ პატარა მასშტაბებით ავიღებთ. როდესაც ქვეყნის ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, მასზე მილიონობით ფაქტორი მოქმედებს, რასაც ათასობით ადამიანი აკვირდება და შესაბამის მიმართულებას ირჩევს. თქვენი საკუთარი ჯიბის ეკონომიკა კი მარტო ერთი ადამიანის ხელშია - თქვენი. არაფერია დასაძრახი, სასირცხვილო და მოსარიდებელი იმაში, რომ საკუთარ ფულს მართავთ. გაცილებით დიდი თავის მოჭრაა ფულის აქეთ-იქით ყრა და ბოლოს ვალებში სულის ამოხდომა. ასე რომ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შთააგონოთ, რომ გინდათ შავი დღის ფული გქონდეთ (თუ რა თქმა უნდა მართლა გინდათ. მე არანაირად არ მაქვს სურვილი ძალა დავატანო ვინმეს, გინდა თუ არა ფული მოაგროვე თქო) და მერე დაიწყოთ სხვა რამეების კეთება.
გასავლის განაწილებაში თვითშეგნების შემდეგ მეორე ბაზური საჭიროებაა რაღაც მიზნის დასახვა. მაგალითად შემდეგ ზაფხულს დასასვენებლად წასვლა ზღვაზე ან აიფონის ყიდვა. და აი აქ უკვე გვეხმარება მათემატიკა: დაისახეთ მიზნად რა თანხა დაგჭირდებათ, რა დროა დარჩენილი იქამდე/რა დროში გინდათ იქამდე მისვლა და თითოეული შემოსავლიდან რა თანხა უნდა გადადოთ გვერდით მიზნის მისაღწევად.
არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება არგუმენტი "ფულს ვერ ვინახავ" - ეს არის აბსოლუტური სისულელე და თავის მოტყუება. ფულის შენახვა ისევე ადვილია, როგორც მისი ხარჯვა, როგორც დილით აბაზანაში კბილების გამოხეხვა, როგორც მეგობრის მისალმება, როგორც წვნიანის კოვზით ჭამა. თქვენ ხომ არ გეგმავთ წინასწარ, როდესაც საწოლიდან დგებით, რომ პირის დაბანვის დროაო, ეს ხომ რეფლექსის დონეზეა. ასევეა ფულის დაზოგვაც. უბრალოდ თავიდან ცოტა გაჭირდება, თქვენ ხომ ჩვეულ რაღაცეებზე უარის თქმა მოგიწევთ.
დაიწყეთ 5 ლარის გადადებით. ჩათვალეთ რომ ეს ფული არც გქონიათ. ჩააგდეთ თუნდაც ყულაბაში და დაივიწყეთ ამ ფულის არსებობა. დაიყვანეთ რეფლექსის დონეზე, რომ როდესაც შემოსავალი გაქვთ - 5 ლარი მიდის ყულაბაში ულაპარაკოდ. ეს დიდი ფული არაა, მაგრამ ეფექტი დიდი ექნება - ის თქვენში დამგროვებელს გააღვიძებს. დამგროვებელი კი ყველა ადამიანში ზის.
დაიწყეთ 5 ლარის გადადებით. ჩათვალეთ რომ ეს ფული არც გქონიათ. ჩააგდეთ თუნდაც ყულაბაში და დაივიწყეთ ამ ფულის არსებობა. დაიყვანეთ რეფლექსის დონეზე, რომ როდესაც შემოსავალი გაქვთ - 5 ლარი მიდის ყულაბაში ულაპარაკოდ. ეს დიდი ფული არაა, მაგრამ ეფექტი დიდი ექნება - ის თქვენში დამგროვებელს გააღვიძებს. დამგროვებელი კი ყველა ადამიანში ზის.
გასავლის განაწილების მესამე პრინციპია დაგეგმვა, რასაც მეორე პრინციპშიც შევეხეთ. დაწერეთ! წერა და ფურცელზე დაწერილის დანახვა არის ძალიან ძლიერი რამე. თავში ბაზური მონახაზის ქონა და "აქედან ვერ ამოშლი" მასხრობები ჩააბარეთ წარსულს. როდესაც დაწერთ, რომ აი შემოსავალი ამდენი მაქვს. ხარჯი კი აქ უნდა წავიდეს, აქ შეიძლება წავიდეს, ეს შეიძლება არ გაკეთდეს, ამაზე დროებით თავი შევიკავოთ - ყველაფერი იქნება თვალნათელი და კარგად. მეტს კი არაფერს აკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისას. თქვენ ხართ სახელმწიფოს მინიატურული მოდელი. ხოდა თუ საკუთარ ერთი ციცქნა შემოსავალს ვერ უვლით და ფული არ გყოფნით, ქვეყანა არ უნდა დაადანაშაულოთ ფულები სად მიაქვთო.
ექსელიზაცია
შესანიშნავია და პირდაპირ ბრწყინვალეა, თუ საოფისე პროგრამებში ერკვევით და მით უმეტეს თუ ექსელთან გქონიათ შეხება. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია. თუ ტრადიციული ბუღალტერიის მომხრე ხართ, მაშინ უჯრებიანი ბლოკნოტი დაგჭირდებათ და კალკულატორი. თუმცა პრინციპი ერთი და იგივეა: ვაკეთებთ მომავლის შენებას დაზოგვის გზით. ამისათვის დაგჭირდება ძალიან მარტივი ცხრილი (შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ აქედან):
უბრალოდ შეავსეთ ეს ცხრილი. ჩაწერეთ შემოსავლები საიდან გაქვთ და რამდენი. ჩაწერეთ რაში და რამდენი ხარჯი გაგდით და თვალნათლივ დაინახავთ რამდენი ფულის დახარჯვა შეიძლება და რამდენის შენახვა. ერთად-ერთი სირთულე დაწყებაა. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეზარება ან არ უნდა თავს გამოუტყდეს, რომ ეზარება. შიში იმაზე, რომ რაღაც არ გამოვა ბუნებრივია. მაგრამ უმჯობესია სცადო, მართლა სცადო, საკუთარი თავის მოსატყუებლად კი არა, რეალურად სცადო და რაღაც გამოვა. სულ ცოტა მაინც რომ გამოვიდეს, უკვე დიდი საქმეა. უკვე მარცვალი დათესილია, ადამიანს გეგულება, რომ ფული გაქვს და თავი ქუდშა. თავდაჯერებულობის გრძნობა ძალიან კარგი რამეა.
პ.ს. ექსელი წინა თვის ანაბარს მეორე თვის ანაბარს მიუმატებს და დაიწერება შესაბამისი თვის ანაბრის ჯამში. ამის გამო თეთრი უჯრა რომაა A18 არ გაამოძრაოთ. მანდ უნდა ჩაიწეროს სწორედ ის შენახული, გვერდით გადადებული და "ვითომც არ მქონია" თანხები.
ცხოვრება "პტიჩკის" გამო
ხანდახან ადამიანს ავიწყდება რისთვის ცხოვრობს. დადის სამუშაოზე, არ გადის შვებულებაში, აკლავს თავს საქმეს და ესაა მისი ცხოვრება. დაზოგვა არაა თქვენი ცხოვრების აზრი. არავითარ შემთხვევაში არ შეიყვაროთ ფული. უნდა გიყვარდეთ ფულით მოტანილი ბედნიერება. თქვენთვის მოტანილი ბედნიერება, საყვარელი ადამიანებისთვის მოტანილი ბედნიერება, ქვეყნისთვის მოტანილი ბედნიერება. არ დაგავიწყდეთ რისთვის აგროვებთ, რისთვის ცხოვრობთ ზოგადად და რა გინდათ ცხოვრებისგან. უნდა დააგროვოთ ამ მიზნისთვის და არა "პტიჩკის" მონიშვნისათვის, აი ფული მაქვს და ვსო. თქვენ არ ხართ მეჯღანუაშვილი, თქვენ არ იკლებთ ფულს თქვენთვის და აგროვებთ იმის გამო, რომ უბრალოდ ფული გქონდეთ. თქვენ აგროვებთ საკუთარი და საყვარელი ხალხის ბედნიერების გამო. ეს უნდა გახსოვდეთ სულ.
თუ ვინმემ გადაკრული სიტყვა თქვა იმის გამო, რომ თქვენ აგროვებთ, ყურადღება მიაქციეთ მის შემოსავალს: თუ შემოსავალი ბევრი აქვს - თავში აქვს ალბათ ავარდნილი. თუ შემოსავალი ცოტა აქვს და მაინც ბევრს ხარჯავს - ასეთი ადამიანი ან სულელია ან "ლევი" არხებიდან იღებს შემოსავალს. ორივე შემთხვევაში იცოდეთ, რომ დაგროვება, ისევე როგორც შრომა არ არის სირცხვილი, არ არის დამცირება, არ არის საკუთარი თავის დაკნინება. უბრალოდ თქვენი ამჟამინდელი შემოსავალი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელები უფრო ფართოდ გაშალოთ და ფული ლაღად გასცეთ.
არ ღირს იყოთ ყვავი, ნაკელზე იჯდეთ და კუდს არ დებდეთ. არ ღირს ვიღაცასთან ხელგაშლილობაში გაჯიბრება კრედიტის დახმარებით - კრედიტი დასაბრუნებელი გექნებათ, თქვენ კი უარეს ორმოში აღმოჩნდებით. კრედიტის აღება დოპინგის მიღებას გავს. სპორტსმენი თუ ძლიერია, დოპინგს შეუძლია მისი ძალის ცოტა კიდე გაძლიერება ისე, რომ ორგანიზმი ძალიან არ დაზიანდეს. თუ სპორტსმენი სუსტია, დოპინგი ძალას მისცემს, მაგრამ შეიძლება მოკლას. ჯობია ივარჯიშოთ, ნელ-ნელა მოიმატოთ ძალა, მოაგროვოთ ფული, ნახოთ უკეთესი შემოსავალი ვიდრე ერთიანად დიდი ვალი დაიწოლოთ და მოკვდეთ მისი გადახდის სიმძიმით.
ხო მართლა, გილოცავთ, ეს ჩემი მე-500-ე პოსტია.