Saturday, April 26, 2014

ფაქტები ჩვენს ქვეყანაზე

დიდი ხნის წინ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მარა ვერაფრით მოვიცალე. ხოდა რადგან თვე იწურება და მე სინდისმა შემაწუხა, რამე დაწერე ბლოგზეო, ძალიან საინტერესო ფაქტები მინდა გითხრათ ჩვენი ქვეყნის ვითარებაზე, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოდ გადმოგვცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კონფერენციაზე.






1. ჩვენს თავს მხოლოდ 2013 წელს დავეწიეთ. ყველამ ვიცით, რომ 1990 წელს რომ დაიწყო საბჭოეთის და შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის რღვევა, დედა აღარ ყავდა ქვეყანას. უარესი ისაა, რომ კაცი-შვილმა არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა და საკუთარ თავზე დაიწყო ზრუნვა ყველამ. ვისაც იარაღი ქონდა და ძალა - მეტი მიისაკუთრა და საბოლოო ჯამში 1994 წელს საქართველოს სახელმწიფოს ჯამში 1 მილიონი დოლარიც კი არ გააჩნდა. აი 94 წლიდან ნეელა მაგრამ მაინც, იწყება აღმასვლა. მხოლოდ 1998 წელს მიიღწა ის, რომ ჯართი არ იყო საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი. ხოლო 2013 წელს მივაღწიეთ განვითარების იმ დონეს, რომელიც იყო 1989 წელს. გამოვიდა, რომ 14 წელი სულ დაიკარგა. და რა თქმა უნდა თურქეთი უკეთეს დღეში იქნება, მან ამ 14 წლის მანძილზე განვითარება გააგრძელა. არადა 89 წელს თურქეთს ვუსწრებდით ერთი თავით.





2. საქართველო - თხილის ქვეყანა. ძალიან უხერხულად ჟღერს, არა? მივეჩვიეთ ვთქვათ, რომ საქართველო ყურძნის ქვეყანაა. არადა სომხური ყურძენი შემოგვაქვს და თხილის გაყიდვიდან გაცილებით მეტი შემოსავალია. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ არ გვაქვს ყურძნის შესანახი მაცივრები. აი, მოვიდა ბევრი ყურძენი. დავწურეთ, გამოვიდა ღვინო. დაგვრჩა სუფრის ყურძენი. სად შევინახოთ? სარდაფში. რამდენი ხანი? მეორე წლამდე გაძლებს? აი სომხებს მაცივარი აქვთ. ჩვენ არ გვაქვს. რას აკეთებს სახელმწიფო? ამაშია საქმე სწორედ, რომ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რომ ხელი შეუწყოს ვიღაცას, რომელიც მოინდომებს და გააკეთებს ამ მაცივარს საქართველოში. მარა აკეთებს ვინმე? არა.





3. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ქმნის ქვეყნის პროდუქციის 10%-ს. ეს რომ გავიგე მაშინღა დავფიქრდი იმაზე, რომ გლეხი კაცი საკუთარ მოსავალს თვითონვე ხმარობს და დღევანდელი საჭმლისთვის შრომობს. ის, ვისაც გასაყიდად მოაქვს ან ქვეყნის გარეთ გააქვს, არის სწორედ ის 10%. ჩვენი მიწების დამუშავება ხდება ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც ამ 100 წლის წინ გამოიყენებოდა. რომ მოინდომო 100 კომლიან სოფელში მხოლოდ 3-4 კომლი იქნება საკმარისი იგივე ფართობის მიწის დასამუშავებლად უახლესი ტექნიკა რომ გამოიყენო კაცმა. მარა სად წავა დანარჩენი 96 კომლი? ჭამა ხომ უნდა? ხოდა ქვეყნის სატკივარიც სწორედ ამაშია, რომ ქალაქში რომ წავიდეს, ტოტალური უმუშევრობა იქნება. ამიტომ იძულებულია დარჩეს სოფელში, თავის სამყოფი საჭმელი მოიყვანოს და ქვეყნის მშრომელმთა ნახევარმა მხოლო 10 % პროდუქცია შექმნას.


4. ურბანიზაცია. როგორც წესი ქვეყნის სიმდიდრე ქალაქად იქმნება: ქარხნები, ფაბრიკები, ორგანიზაციები.. როგორც სემინარზე ითქვა, კომუნისტებს კარგად ესმოდათ ურბანიზაციის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ გააშენეს ტრიალ მინდორზე ქალაქი რუსთავი. ამიტომ ააშენეს მთელი დასახლება "კომბინატი" გორში. მაგრამ ქართულ ურბანიზაციას ერთი თავისებურება აქვს: თავკომბალაობა. როგორც წესი, განვითარებულ ქვეყანაში ყველაზე დიდი ქალაქის მერე რა ქალაქიცაა, იქ უნდა ცხოვრობდეს დაახლოებით ნახევარი იმ ყველაზე დიდი ქალაქის. მაგალითად თბილისში თუ ცხოვრობს 1000 კაცი, მაშინ სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისში უნდა ცხოვრობდეს 500 კაცი. არადა თბილისში ცხოვრობს 1 200 000 მოსახლე და ქუთაისში მხოლოდ 100 000 - 12 ჯერ ნაკლები. ერთად-ერთი ქალაქი, რომელიც ვითარდება, თბილისის გარდა, არის ბათუმი. ისიც იმიტომ, რომ უდიდესი ძალისხმევა ჩაიდო ამ ქალაქში. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ომამდელ პერიოდში ატეხილი მშენებლობების ბუმი ყოფილა ურბანიცაზიის მხოლოდ ჩანასახი. ურბანიზაცია მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც კრედიტი ბინის შეძენაზე იქნება არა 7 ან 8 %, არამედ 1 ან 1.5 %.


5. ჩვენ შეგვიძლია მოვკლათ იმპორტი. ამის გაკეთებას საერთოდ არაფერი უნდა: იტყვი რომ მორჩა, აღარ შემოვა გერმანული მანქანები და ასეც იქნება. რუსეთმა თქვა, აღარ შემოვა ბორჯომიო და მასეც მოხდა. რუსეთს კიდია ბორჯომი, მარა მანქანების იმპორტით ბევრი სულდგმულობს. იმპორტის მოკვლა კი შეიძლება ვინმესთვის გამოსავალი იყოს. ტიპა რატომ შემოდის გარედან კვერცხი, როდესაც საკუთარი გვაქვს. ან სახელმწიფო რატომ არ იცავს საკუთარ მეწარმეებს, შეზღუდოს იმპორტი. კიბატონო, მოვკლავთ იგივე კვერცხის იმპორტს. რას მივიღებთ შედეგად: გაზრდილ ფასებს კვერცხზე, ცარიელ დახლებს.. რამეთუ ვერ აუვა მოთხოვნას ადგილობრივი წარმოება. თუმცა ეს მომენტი დროთა მანძილზე მოგვარდება. ნახავს ხალხი რომ ფული იშოვება ამ საქმეში და ყველა დაიწყებს ფერმების კეთებას.. რევიც.. ასე მგონია მე. მარა მანამ რა ვქნათ?







6. რით ცოცხლობს ქვეყანა? ჩვენ გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ფული გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. გადის იმიტომ, რომ რაც არ იშოვება ჩვენთან, იძულებული ხარ იყიდო გარედან: სონის ტელევიზორი, ვესტელის მაცივარი, ოპელის მანქანა ან გოპროს კამერა. ის კი არა და რაც ჩვენთან იშოვება, საჭმელი, ამასაც ვყიდულობთ. ვყიდულობთ დასვენებას უცხო ქვეყნებში. ვყიდულობთ პროგრამებს სხვა ქვეყნებიდან. რითი ვაკომპენსირებთ ამ დანაკლისს? უდიდესი წყაროა ტურიზმი. ასევე რაც ექსპორტზე გადის.. არ ვიცი, ჩაი მაგალითად. წვენები გაგვაქვს, თხილი იგივე.. ასევე საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები რომ გზავნიან ფულს, ესეც შემოსავალია. და ინვესტორები რა თქმა უნდა - ამათ ფულიც შემოაქვთ და ისეთ რამეებსაც აკეთებენ, რითაც ადგილზე იწარმოება ფული.




7. რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ! -  ჩაატარეს გამოკითხვა: რითი დაგეხმაროთ სახელმწიფო, რა გჭირდებათ რომ უკეთესი შემოსავალი ნახოთო. აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათ ჭირდებათ ფული, უკეთეს შემთხვევაში იაფი კრედიტი, და მერე მე მივხედავ თავსო. თითო-ოროლამ თუ მოითხოვა განათლება. ზუსტად ესაა მთავარი პრობლემა, რომ ცოდნა არაა ქვეყანაში. სწავლა ეზარება ყველას და სკოლიდან თუ ლექციიდან გაპარვა მაგარ ტიპობად ითვლება. რანაირად მოახერხა დაატომურებულმა, დაქცეულმა იაპონიამ ლიდერი გამხდარიყო და ამერიკისთვის გადაესწრო კაცო?! როგორ ახერხებს ისრაელი, რომელსაც საერთოდ არაფერი გააჩნია, ლიდერი იყოს წვენების ექსპორტში? რანაირად შეძლო ბანანის სახელწიფო ბრაზილიამ, რომელიც წესით აფრიკაზე უფრო განვითარებული არ უნდა იყოს, ასეთი ქვეყანა გამხდარიყო? როგორ შეძლო სამხრეთ აფრიკამ, ეგეც ხომ აფრიკაა, ყველაზე განვითარებული ქვეყანა იყოს აფრიკაში? გამოცდილების გაზიარება, სწავლა და ცოდნის გაღრმავება არის ჩვენი შველა და არა იმის ძახილი, რომ ყველაზე მაგარი ერი ვართ, არავის სწავლება არ გვჭირდება და სად იყვენენ ეგენი, ჩვენთან რომ ვეფხისტყაოსანი იწერებოდაო. გეთანხებით, მაშინ მართლა წინ ვიყავით, მარა ხომ არ შეიძლება მუდმივად იმ დონეზე დარჩენა, არა?



8. შვილები, როგორც მომავლის უზრუნველყოფა. არსებობს მომავლის დაზღვევის ორი ხერხი: 1. შრომის შედეგად დაგროვილი საპენსიო ფონდი და 2. ინვესტირება შვილებში. როგორც ყველა ხვდებით საქართველოში მეორე ხერხია დამკვიდრებული. მთელი შენი ცხოვრება შვილების კარგად ყოფნაზე ზრუნავ და მერე ისინი ვალდებულები არიან მოგიარონ სიბერეში. უბრალოდ შეიძლება "შვილი არ გამოგადგეს", მოგიკვდეს ავარიაში ან რამე მსგავსი, ცოლი მოიყვანოს, რომელიც ისე აურევს ტვინს, რომ შენ აღარც მოგხედავს.. არ მითხრათ რომ ასე არ ხდება. უმრავლეს შემთხვევაში შვილები მართლაც უვლიან მშობლებს. თუმცა ყველაფერს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი. ხომ ხდება, რომ მშობლებს უნდათ საკუთარი ოცნებები შვილებში განხორციელდეს (ისინი, რაც თვითონ უნდოდათ გაეკეთებინათ, მაგრამ ნაადრევი ქორწინების შედეგად გაჩენილ შვილებზე გადართულებმა ვერ შეძლეს) და საერთოდ არ მიყავთ იქითკენ, სადაც შვილს უნდა. საპენსიო ფონდის მინუსი კი ჩემმა ოჯახმა თავის თავზე გამოსცადა, როდესაც პაპაჩემმა ფული შეიტანა ბანკში, მერე საბჭოეთი დაიშალა და ფინანსებიც გაქრა.. :(


ჩვენ გვაქვს ქვეყანა ასაშენებელი. ეს ერთად-ერთი საქართველო არსებობს და ისიც ჩვენია, ჩვენ უნდა მივხედოთ, ჩვენ უნდა დავდოთ ყოველ დღე ერთი აგური მაინც მის საშენებლად, ჩვენ უნდა დავალაგოთ, გავამწვანოთ და დავიცვათ. თორემ სხვას ან მაგარი მოშნად კიდიხარ ან მაქსიმუმ არ კიდიხარ იმიტომ, რომ შენი მიერთება უნდა. რა თქმა უნდა არის ხალხი, ვისაც ოქროს ჯაჭვი ან თუნდაც ვერცხლის ჯაჭვი ურჩევნიათ თავისუფლებას, მაგრამ ვინც კეთილდღეობაში გაცვლის თავისუფლებას ვერც ერთს მიიღებს და ვერც მეორეს. ბოლოს კი სახალისო ვიდეო მაინც.. განწყობისთვის. :)