Tuesday, April 14, 2015

კონჩიტა

გალაქტიონს ეზოში ცისფერი თოვლი ქონდა..
შენ კი "ყველადავასების" სინდრომი გაქვს.
კახაბერ გორდაძე, კლასელი, 2000 წელი, მე-10 კლასი


აზრზე ხართ?! 1 ნოემბრის მერე არაფერი დამიწერია. და იმის გამო, რომ შევპირდი შენზე არაფერს დავწერ თქო, ფაქტიურად არც არაფერია დასაწერი.
ცხოვრება სინუსოიდაა: აღმართი, დაღმართი, ისევ აღმართი, ისევ თავქვე, ისევ აღზევება, ისევ შეცდომა, ისევ მოხვეჭა, ისევ დაკარგვა, ისევ შეხორცება, ისევ ბრძოლა, ბრძოლა, მცდელობები.. თუ მცდელობას მოაკლებ, სინუსოიდა მილევადი ხდება. მილევადი, როგორც ხელფასის წინა დღეებში დარჩენილი ფული, როგორც გამოცდამდე დარჩენილი წუთები, როგორც იმედი..

ბაზარი არაა, გადატენი, თავიდან დაიწყებ, ისევ მოგიშუშდება, მაგრამ "ყველადავასება", პოზიტივის დანახვა მოვლენებში, ყველას მდგომარეობაში შესვლა გადადის სულერთიაში, რააზრიაქვსში და მაგისდედაცში.. და მერე უბრალოდ არსებობ. არსებობ და გეშინია. და იმისა კი არა, რომ აღარ იარსებებ. იმისა, რომ რაღაც აზრისთვის გაჩნდი ქვეყანაზე და შენი დანიშნულება ვერ იპოვე, არასაკმარისად ეცადე, არაიმდენად გამოსადეგი ხარ, როგორიც გეგონა. მაგრამ მაინც გადატენი და თავიდან ცდი საწინააღმდეგოს დამტკიცებას. ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძლიერები ვართ.

                                 

და ისედაც, რომ დაფიქრდე, ყველა მადგანი ჩემი ნაწილი გახდა. ანუ, ჩემი არსება შედგება მათი ნაწილებისგან, იმ გრძნობებისგან და ემოციებისგან, რაც დამიტოვეს. ბოლო შემთხვევაში დამრჩა "სოც.ქსელებში უსაქმური ხალხია მარტო", "რატომ დებ სურათებს მაშინ, როდესაც ჩემთან ერთად ხარ? აქ რატომ არ ხარ?", "არავის აინტერესებს შენი მოსაზრებები. თუ სათქმელი გაქვს, ინტერნეტში კი არ უნდა თქვა", "რატომ უნდა გავაზიარო სად ვიყავი? ვის რაში აინტერესებს?", "მაშინ მიდი, აი, უცხო გამვლელი ხომაა, რატომ არ ელაპარაკები?", "შენ მარტო შენ თავზე ფიქრობ.", "პატრიოტიზმი? პატრიოტიზმი არ არსებობს. რატომ უნდა ვიბრძოლო ვიღაცისათვის? ხომ შეიძლება ამ დროს შენს სახლში შემოვიდეს მტერი?"





ამბობენ, შენ ის ხარ, რაც შიგნიდან ხარ. შენ არ ხარ შენი ხელფასი, შენი მანქანა, სახლი.. ისიც კი არ ხარ, როგორც გამოიყურები. დღეს შეიძლება მსუქანი იყო, ხვალ არა - შენი შინაგანი არ იცვლება და სწორედ ეგ ხარ შენ. ხოდა შინაგანად ხელოვანი ვარ. სენსიტიური ვარ მელოდიის დარღვევაზე, რომელსაც რამდენი წერია ვწერ. და ვინც მელოდიას მირღვევს, ადრე თუ გვიან გადის ოთახიდან.

და მაინც, რატომ დავიწყე ამ პოსტის წერა: ჯერ ერთი თითქმის 6 თვე გავიდა და არაფერი დამიწერია - ნამუსიც კარგი საქონელია. მერე, იმიტომ არაფერი დავწერე, რომ მართლა ვის რა ფეხებზე კიდია ან რა ხდება ჩემსკენ ან საერთოდ, ზოგადად.. დაბოლოს: "თვით წვერებიან ქალსაც კი ყავს შეყვარებული. შენ კი - არა!"