Thursday, July 15, 2010

სამახსოვრო გრანიტი ანუ მოვრჩეთ სტალინზე

გგონიათ უბრალო ქვაა? ეს ძეგლის ფუნდამენტის გრანიტია. მე და კიდევ 20-მდე ადამიანმა (რაც ვნახე) აიღო ესეთი ქვები და სახლში წაიღო (სავარაუდოდ). "იქნებ ჩემმა შვილმა გაყიდოს და სახლი იყიდოს"-ო, იმედს იტოვებდა ერთი მადგანი. :) მე რამეში ჩავსვავ და დავაწერ რომ ესაა ქვა აქედან და აქამდე, ამას და ამას გაუძლო და თურქ-სელჩუკთა ქალს ვერ გადაურჩა თქო.
თურქ-სელჩუკების ქალი იმ შუაშია, რომ ეს "KATO" ყოფილა იმ თურქების სპეცტექნიკა, ავტობანს რომ აშენებს. და დღეში 1000 ლარს აძლევენო. რა ვიცი, რას არ გაიგებ ამ ჭორებიდან. 50 მუშა მუშაობდა და 15 ლარი დღეშიო. არადა 10 იყო სულ მაქსიმუმ. მაგას თავი დაანებე და ეს ქვათა შემგროვებლები რომ დავინახე და დამაინტერესდა რას აკეთებდნენ და ახლოს რომ მივედი, გაიჩითა ერთი ბომჟი. ბომჟმა მითხრა, ხურდა ფული არ გაქვს, არაყი მინდა დავლიოვო. ხუთლარიანი მქონდა და ვერ მივცემდი. ამიტომ უარი ვუთხარი. საპასუხოდ ბომჟმა სულში ჩამხედა და მითხრა, იცი მე ჩერნობილის ავარიის დროს იქ ვმუშაობდი და პრიპიატშიც ვიყავიო. ავხედ-დავხედე.. მუტანტს არ გავდა, თმა საკმარისზე მეტი ქონდა დასხივებულისათვის.. მარა არაყის ანტირადიაციულმა ეფექტმა დამაეჭვა. რომ შემატყო დაინტერესება, მითხრა ჰო, ორი წელი ვიმუშავე და ხურდა არა გაქვსო? მე ისევ უარი ვუთხარი და ძლივს ნაპოვნი გრანიტი ავიღე. ბომჟმა გამომართვა, ეს რა არისო? გრანიტი თქო. ჰო, ვიცი, მე პრიპიატშიც ვიყავი და იქაც იყო გრანიტიო. ამას კი მე წავიღებო. კაი თქო. მეორე ვიპოვე. ისიც გამოართვა და მითხრა, ამასაც მე წავიღებ და ხურდა არა გაქვსო? დამანებე თავი თქო - დავუტიე და სურათში ნაჩვენები გრანიტი გამოვჩხრიკე. ბომჟმა თავი დამანება და ბურტყუნით წავიდა - მე ჩერნობილშიც ვიყავი და პრიპიარტშიცო. საინტერესო ადამიანი იყო.
მოკლედ, მორჩა კინო. დღესვე დაიწყეს მშენებლობა უკვე სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში - ეს ყურმოკრული ამბავია. სავარაუდოდ დასავლეთისკენ მომზირალ დიდ ბელადს ჩრდილოეთისკენ გაახედებენ. როგორც გავიგე არ აუშენებენ იმ ტრიბუნას, რომელზეც ბავშვობაში მე და ჯადო ავდიოდით და წინ, მოედანზე მიმავალ მანქანებს ზოგს ჯოჯოხეში ვუშვებდით ფილაზე ხელის დაჭერით, ზოგს - სამოთხეში. აღარ ააშენებენ იმ მოაჯირებს, რომელიც სადღაც 90 სანტიმეტრის სიმაღლეზე ადიოდა და სულაც არ წარმოადგენდა წინააღმდეგობას ტრეისერებისათვის. და სანამ დიდი ბელადის ძეგლი დასავლეთის ნაცვლად ჩრდილოეთს მიაპყრობს გაქვავებულ მზერას, აღმოსავლეთით ძალიან ლამაზი ცისარტყელა გამოჩნდა..
ჰმ.. რაღაცა არსებობს..


UPDATE

დღეს უკვე ასე გამოიყურება მოედნის ეს ნაწილი..

No comments: