Wednesday, October 6, 2010

ორი - ნაწილი 1

მისტიკა რომ მიყვარს გეცოდინებათ. ამ ბოლო ხანებში რამდენიმე ისეთი ნაწარმოები წავიკითხე ზოგიერთ ბლოგერთან, რომ მომინდა მეც დამეწერა რამე. სიმართლე გითხრათ წერის ნიჭი არასოდეს მქონია, მაგრამ აი გამიქსვის, რამდენიმე ნაწარმოებიდან ამოღების და ერთიან კომპოზიციათ ქცევის ნიჭი მგონი რომ მაქვს. (ამ გახსენებაზე, ნახეთ ფროდიჯის "სმიქ მაი ბიჩ აფ" ის გაკეთების პროცესი)
..ტელევიზორი შიშხინებდა. ნიკამ თვალები მოისრისა და შეეცადა გაეხსენებინა რატომ ჩართო ტელევიზორი. ასეე.. ფეხბურთი არ იყო გუშინ, კინოს არ უყურებდა, არც მისი საყვარელი გადაცემა უნდა ყოფილიყო წინა ღამით. ტელევიზორი კი შიშხინს განაგრძნობდა. შშშშშენი დედაც, რა! - ვერ გაიხსენა ვერაფერი ნიკამ, საბნიდან გამოძვრა, ერთი ფლოსტი უცებ იპოვა, მეორეს ფეხით ძებნა დაუწყო და ამასობაში ტანსაცმლის ჩაცმა დააპირა, რომ მაძებარ ფეხზე წითელი ლაქა შენიშნა. ფარდები კარგად გაწია, ახლად ამოსული მზის სხივებს ფეხი მოუმარჯვა და ლაქას დააკვირდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ამ ფეხზე თოკი ება და თანაც ჩანდა რომ ამ თოკისგან განთავისუფლებას ლამობდა. ტელევიზორი შიშხინებდა...
- ბჯოუ, შენა გი ხვა ხა? - გვერდით მისდევდა და როგორც შეეძლო თავის აზრს აგებინებდა გიორგი. საბედნიეროდ ნიკამ კარგად იცოდა გიორგის მეტყველების მანერა და მიხვდა, რომ მას ეს ესაა შეეკითხვნენ "გიჟი ხომ არა ხარო" - სა მიხ, სა სართმევს გამაართვი, შენა მკლა, შენა?
- მე რა ვიცოდი, რომ გაფუჭებული იყო? - საქმე იმაშია, რომ ნიკა მძღოლად მუშაობდა. დაქონდა სხვადასხვა საქონელი ერთი მაღაზიიდან მეორეში, ერთი კლიენტიდან მეორესთან და გიორგი მისი მომსახურების ერთ-ერთი მიმღები იყო. სიმართლე ვთქვათ, მძღოლს მართლაც არ ევალება პროდუქციის ხარისხის გასინჯვა და რატომ ცხარობდა საწყობის გამგე, ვერ გაეგო.
- მა რას ფულ შენ მე, ჰააა? - გიორგის სახე ისეთი ფერის იყო, პირდაპირ შეგეცოდებოდა ასეთი დიდი გული რომ არ ქონოდა - უკ მას მუტ სართმევს, გაიგეე?
- რა ჩემი საქმეა, წავედი მე, შენს გარდა იმდენი ხალხი მყავს კიდე. გაარკვიე შენ თვითონ - ნიკა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. უკან კი ყვირილი დაეწია: შენა მკლა, შენა?!
..კი, ეს მომენტი კარგად ახსოვდა. მერე.. მერე რა მოხდა? მეორე კლიენტთან წავიდა რა თქმა უნდა. მეორე კლიენტთან.. რა ერქვა? ღმერთო გამახსენე..
- ..და აი, ახლა ის ჩვენთანაა - ექსკურსიას უძღვება კობა - მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ის სწორედ ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში იქნა აღმოჩენილი!
"ის" თიხის დოქია. სხვა დოქებისაგან განსხვავებით მას არა ერთი, არამედ ორი ყური აქვს. სხვა დოქებისაგან განსხვავებით მას ორი მუცელი აქვს - ერთი ქვემოთ, მეორე ზემოთ. ყურები მუცლებს აერთიანებს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს წრეს ქმნიან. თავის მხრივ მუცლებს შორის ჩაღრმავებაც თითქოს წრეს ქმნის.
- საინტერესო ექსპონატია - ზედ ყურთან დაუწყო საუბარი კობამ - ჰიპოთეზის დონეზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის გამოიყენებოდა რაიმე რელიგიური რიტუალისათვის ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევის აღსანიშნავად. თუმცა ეს ალბათ თქვენთვის საინტერესო არაა. ჩვენ უბრალოდ მისი გადატანა გვინდა მუზეუმში, ასე რომ თქვენი ასე ვთქვათ რბილი მანქანა სწორედ რომ დროულია. ჩვენი თანამშრომელი წამოვა თქვენთან ერთად.. ნუუ, საბარგულში იქნება, რომ ექსპონატს არაფერი დაემართოს. თქვენ მშვიდად და წყნარად მიიტანეთ ადგილამდე და მორჩა, მერე ჩვენ მოვუვლით.
- და სად არის თქვენი თანამშრომელი? - ნიკას არ ეგონა მისი მანქანა პროდუქციის და შუშის ნაწარმის გარდა სამუზეუმო ექსპონატების გადასაზიდადაც თუ გამოდგებოდა.
- თაკო! თაკო მეთქი, კაცო! თუ ქალო.. მოდი აქ, მოვიდა უკვე მანქანა კაცო.. თუ ქალო.. - კობას იუმორის უცნაური გრძნობა ქონდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - თაკოს მწვანე თვალები აქვს. ნიკა პირველ რიგში ახალგაცნობილების თვალებს იმახსოვრებს ხოლმე. მაშ ასე, მწვანე თვალები, იყენებს გასარუჯ კრემს, არ აქვს საყურე.. არა, ერთი ცალი აქვს რატომღაც.. და თვალებიც რანაირი აქვს, რამხელა გუგებით..
შენობიდან გამოსულმა ნიკამ წამით ისევ უცნაურ თვალებზე შეავლო მზერა თაკოს და.. არა, აშკარად მოეჩვენა თორემ ჰორიზონტალური გუგები ადამიანს შეუძლებელია ქონდეს. ფარულად ისევ შეხედა.. არა, მოეჩვენა აშკარად. ნორმალური, დაახლოებით მისი სიმაღლის, გამხდარი.. ზედმეტად გამხდარიც კი, გოგოა. საინტერესოა, რატომ აყოლებენ მას და არა ვინმე ჯანიან ბიჭს. თუ რამეა და ექსპონატმა რყევა დაიწყო, დაიჭერდა მაინც.
 - მეც საკმაოდ ღონიერი ვარ ამის დასაჭერად - ნიკას გაოცებულ მზერას საკუთარი გაუსწორა გოგონამ. არა, ნორმალური თვალებია.. - თქვენ ისე მიყურებდით, მაშინვე მივხვდი რაზეც ფიქრობდით - თეთრი კბილებიც ქონია. საინტერესოა საკუთარია თუ ხელოვნური.
- არა, როგორ გეკადრებათ - მარტო თვალები ხომ არაა ეს გოგო, საკმაოდ ნორმალური ვინმე ჩანს. აზროვნებს. მუზეუმში მუშაობს. ასეთი ხალხი შეიძლება მოსაწყენადაც ლაპარაკობდეს.. არა, ჯობია არ იფიქროს, ქვეყნის საქმე აქვს.
- არაა პრობლემა, თავიდან ყველა მასე მიყურებს, მაგრამ მერე და მერე, განსაკუთრებით ბოლოს.. სულ ეცვლებათ წარმოდგენა - ღმერთო, ისევ ჰორიზონტალური გუგები! მემგონი ცუდადაა, წავიდეს ცივი წყალი დალიოს ის დროა - ლუდს დალევთ? - თაკო მარტო ცქერის პრობლემაზე არ შეჩერდა.
- მე ხომ მძღოლი ვარ, არ შეიძლება - აფსუს, დალევდა მართლაც.
- სამწუხაროა. მაშინ მოდით მე ლუდი და თქვენ წვენი - არადა უკვე გზაში არიან. ახლა უნდა გააჩეროს, გადავიდეს, იყიდოს წვენი და ლუდი, მერე უკან გამოვიდეს. აბა გოგოს ხომ არ გაუშვებს? - გამიჩერეთ და მე ვიყიდი, არ დამიწყოთ ახლა დაპატიჟებები. ჩვენ ხომ უკვე მეგობრები ვართ? - უკვე ფსიქიკაზე მოქმედებს მუზეუმის თანამშრომელი.
- აბა, როგორ გეკადრებათ - ნიკა იძულებით გაჩერებას აკეთებს. ჯობია თვალებზე არ შეხედოს, სწრაფად იყიდის წვენს და გამოფხზლდება და მერე აღარაფერი მოეჩვენება. ასე. ზუსტადაც! კარების გაღებისას თიხის ფერის ნატეხი ვარდება ძირს. დაეჭვებული ნიკა ნატეხს იღებს და თაკოს აჩვენებს - ხომ არ დაგვერხა? გოგონა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს. გინდა თუ არა თვალებში უნდა შეხედო. არა, მოეჩვენა, აშკარად მოეჩვენა. ნატეხს ჯიბეში იდებს და მაღაზიის კარს ძლიერად აწვება..

..არ ჯობია ახლა უბრალოდ ადგეს და ეს შიშხინა ტელევიზორი გამორთოს? ჯანდაბას ლაქა ფეხზე და ჯანდაბას რომ არ ახსოვს არაფერი. ახალი დღე იწყება. ადგეს, დაიბანოს, ჭამოს რამე და ჰაიდა სამუშაოდ, არ ჯობია? თან ფეხიც არ სტკივა, მერე რა რომ მოჭერილი თოკის კვალს გავს ეს ლაქა? მეორე ფლოსტიც როგორც იქნა იპოვა. ნიკამ ტელევიზორი გამორთო და სამზარეულოში გავიდა. არა, მემგონი სძინავს ისევ და სიზმარს ხედავს..
- მააგარი ძნელი პროფესია არი შოფრობაი რა! ძაან დამღლელია - ნიკას ისედაც დაღლილ ტვინს დღეისათვის ბოლო კლიენტი ბურღავს, რომელსაც მთელი ტონა ხილი ჩამოუტანია საიდანღაც და ახლა სადღაც მიაქვს - აი მეე მაგალითათა ვაფშე არა მყაავს მანქანაი რა. მაგრამა ვიცი რაც არი ე შოფრობაი. ამას წინათა.. მაიცა გითხრა.. აი, მაშინ გორბაჩოვი იყო ჯერ კიდევა, რა. ხოოდა ბიჯო, მე და ძმაკაცები ჩემები. მაიცა გითხრა.. ესე იგი, მეე, ჟორაი, ტუხოს ბიჭი, ანდროვიჩი და ხურმა ანზორა მოვრიგდით რომაო აი ამ ტავარსა, ეხლა მარტო მე რო დამაქვს, დაუდებდით ტუხოს ბიჭის მაშინაზე და წავიღებდით რუსეთში კაცო. რატომა ამდენი? მაიცა გითხრა.. იმიტომა რომა, სულ რო გვევლო რა. დაიძინებდა ერთი, მეორე ატარებდა და ასე რა. ხოდა მივდივარ, დედა მოუვა, სტოსოროკი მიჭირავს, რუსეთშია. ხოდა ე მამაძაღლი, ღორმა არ გადამირბინა წინა კაცო? რო ვთხარე ტორმუზსა, დედა მოუვა, მთელი ასტრახანის გზები სულ მივხაზ-მოვხაზე..
- აი, მოვედით უკვე - მძღოლობა მართლაც დამღლელი საქმიანობაა და ნიკას ძილი უნდა. მოთმინებით დაელოდა ტვირთის დაცლას და ფულის მისაღებად მოეზადა.
- შენა, ჯიგო, ვისი ბიჭი ხარ? - ბოლო კლიენტი თან ფულს ითვლის და თან ნიკას გენიოლოგიას არკვევს - ერთი ჯარის ძმაკაცი მყავდა, გოჩა ერქვა, იმასა გევხარ შვილო. მაიცა გითხრა.. ლიოჩიკები უნდა გამოვსულიყავით წესითა. სულ შაგაობა და შაგაობა, სირბილი და სირბილი. სტარშინა ვცემეთ ერთხელა, დედა მოუვა, მთელი თვე ვერა დგებოდა ფეხზე..
..მაგიდაზე ორი ჭიქა დევს. ორივეში ჩაი ასხია შუამდე და ორივესთან სკამებია გამოწეული. ვიღაცამ.. ან უფრო ზუსტად, ვიღაცეებმა, ჩაის სმა დაიწყეს და რატომღაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს ეს საქმე. ნიკა ნელა მივიდა მაგიდასთან. იქნებ გაიხსენოს რა მოხდა ღამით. ჩაი.. არა, თვითონ არ დალევდა ჩაის, მშვენიერი კაკაო აქვს. ჩაიც რაღაცნაირი მუქია, თითქოს წითელი. ძალიან მძაფრი სუნი აქვს. ამასობაში მეორე ოთახიდან ფაჩუნის ხმა გაისმა.. არა, უფრო ნაბიჯების. ორი.. თუ ოთხი ფეხის ხმა. ნიკამ სამზარეულოს დანა აიღო და დაკუზული მივიდა კარებთან. მისი თვალები შიშისა და გაოცებისაგან გაფართოვდა. მისაღებ ოთახში ორი შავი სილუეტი მოძრაობდა..

- შვილო, ასე გვიანობამდე რომ მუშობ, გამოდის რამე? - მეზობლის ქალი დალი კიბეებზე შეხვდა ნიკას - ჩემი გულოც სულ ასეა, დღე ხომ მუშაობს და ხანდახან ღამეც ამუშავებს უფროსი. გაწყდა ამ უფროსების სინსილა, ისეთი დაღლილი მოდის ხოლმე ჩემი გულო სახლში, ისეთი, ისეთი.. ქმარი რომ ყავდეს რა კარგი იქნება.. აი შენნაირი კარგი, მშრომელი ბიჭი..
- აბა რა, უნდა გათხოვდეს და ოჯახი შექმნას - ხასიათს არ უფუჭებს დალის ნიკა - ღამე მშვიდობისა დალი დეიდა.
- მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, შვილო.
ახლა თავი რომ მიდოს, ეგრევე დაეძინება. ასე, გაუხდელს. არა, ჯობია წვერი მაინც გაიპარსოს. მოიცა, ეს რა აქვს ჯიბეში? აა, ის თიხის ნატეხია. აბა, მთელი დღე რომ ნაგვის გადასაგდებად ვერ მოიცლი, საქმეა ესა? ნიკა ნატეხს მაგიდაზე დებს და თვითონ აბაზანაში შედის რომ წვერი გაიპარსოს. საძულველი პროცედურაა, მაგრამ რას იზავ, საჭიროა. ისაა დაამთავრა პარსვა, რომ მისაღებიდან რაღაც ფაჩუნი მოესმა.. არა, უფრო ნაბიჯების ხმას გავდა. ორი.. თუ ოთხი ფეხი მოძრაობდა. მეზობლის ბავშვი შემოიპარა ალბათ და ახლა დაიმალება. მერე ნიკა იპოვის და ის კამფეტს მოსთხოვს. ჩუმად და მალვით, ისე რომ ბავშვს არ გაეგო, ბიჭი მისაღებში შეიპარა და სახტად დარჩა: მის წინ ზუსტად მისი ორეული იდგა, ოღონდ შავი, შუაღამისფერი კანით და თითქოს მანათობელი მწვანე თვალებით. ჰორიზონტალური გუგები!

2 comments:

zorbeg said...

მე მგონი შენც ჩემი მოგონილი ისტორია გეგონა რაც ჩემ ბლოგზე ეწერა. არადა მართლა ნამდვილი ამბავია (ნუ ყოველ შემთხვევაში ავტორი ეგრე ასაღებს)

გურამი said...

არა, ეს მართლა მე მოვიგონე. :)