Monday, November 29, 2010

ცეკვის თანამედროვე სახეობები

როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, ამ თემაზეც მინდოდა ერთი-ორი სმეშნოი სიტყვა მეთქვა. პლუს კიდევ ერთი ახალი სათაური დავამატე გუშინდელი ძილისწინა ფილოსოფიური საუბრების მერე: "გრძნობათა თეორია". ახლა კი ვისაუბროთ თანამედროვე ცეკვის სახეობებზე, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს ხოლმე რესტორნებში ქორწილის ან ისე, უბრალო პურიჭამის დროს.
ზამბარა
  • ყველაზე გავრცელებული და ადვილი სტილია. გამოიხატება ერთ ადგილზე ან რიტმული გადაადგილებით ხტომაში. ვწევთ ხელებს რაც შეიძლება მაღლა, ვიქნევთ თავს რაც შეიძლება უაზროდ და ვხტუნაობთ და ვხტუნაობთ. მაგარი ასწორებს დაბოლილზეო - ამბობენ. მე ვიცი, რომ ასწორებს, თან მართლა ძალიან მაგრად, თუ არის ფლეშ-განათება, კლუბური მუსიკა და/ან სხვა არაფერი მოძრაობა აღარ გახსენდება.
მორცხვი.
  • განსაკუთრებით გავრცელებულია მამაკაცებში. ესეც მარტივი ცეკვის სტილია. როგორც წესი, ამ სტილს მიმართავენ, როდესაც მოცემული მამრის პარტნიორი მდედრი კარგი ან საშუალო დონის მოცეკვავეა, ხოლო მამრს ერიდება საკუთარი სიტლანქის გამოვლენა და მდედრის მოძრაობების არევა. გამოიხატება ერთ ადგილზე დგომით, თითქმის მკერდამდე მიკეცილი ხელების ექეთ-იქით მცირედი ქნევით და მასთან სინქრონში ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ.. გამოიყენება ნელი ან საშუალო ტაქტის მუსიკის დროს.


ტანგო.
  • როგორც წესი გამოიყენება ე.წ. "მედლენნების" დროს. ჭეშმარიტი ცეცხლოვანი ტანგოდან ამ სტილს ერთადერთი ღირსება სხეულთან ახლო მანძილზე შეხება დარჩა. მდედრს ამ დროს აქვს ხელების სამი შესაძლო პოზიცია: მხრებზე, კისერზე და ერთი ხელი მხარზე, მეორე გაშლილი და მამრის ხელით. თუმცა არჩევას პრინციპში მამრი უფრო აკეთებს. მას ხომ ასევე სამი პოზიცია აქვს და რაც მთავარია, ცეკვა წესით მას მიყავს: თეძოზე, დუნდულზე ან ერთი ხელი წელზე, მეორე გაშლილი და მდედრის ხელით. დიახ, ამ სტილით ცეკვისას ნამდვილად მიღებულია მამრმა ხელები მდედრის დუმდულებზე დადოს, ხოლო მდედრმა მამრს კისერზე შემოხვიოს ხელები. ამ პოზაში წესით და რიგით ერთმანეთს სახეში უნდა უყურებდნენ, რასაც ტაბრუდამხვევი ეფექტი აქვს: მხოლოდ სახეა ფოკუსში, უფრო ზუსტად - თვალები. ყველაფერი დანარჩენი ბუნდოვანი ხდება. თან თუ მუსიკას აყოლილები, როგორც წესია, წელის ნარნარი მოძრაობით ბრუნებს აკეთებთ, ამ ყველაფრის გაბუნდოვნება უფრო შესამჩნევი ხდება და გრძნობ როგორ მატულობს არტერიული სისხლის წნევა.
ცნობილები
  • სახალისო და ყველასთვის ცნობილი ილეთების გამოყენება ცეკვის დროს. ასეთი მრავალის ჩამოთვა შეიძლება: ხელებით ტალღის გაკეთება, განსაკუთრებით თუ რამდენიმე აკეთებთ ასე.. ტაში მკერდის წინ და თავის მარცხნივ წაგრძელება, ტაში მკერდის წინ და ახლა მარჯვნივ წაგრძელება.. საჩვენებელი და შუა თითების გაპარჭყულ მდგომარეობაში თვალების გასწვრივ რამდენჯერმე გასვება - განსაკუთრებით ჭრის თუ საწინააღმდეგო სქესს ეპრანჭებით.. შესაძლოა უცებ მოცეკვავეთა შუაში ჩახტომა და გაჭიმულ მდგომარეობაში თავ-წინ-გადახრილ-დაბლა-მაყურებელმა ხელ-ფეხის სინქრონულად სწრაფად ქნევა დაიწყოთ - ნიკა გრიგოლიასი არ იყოს და.. ვისაც გამოყვა, შეიძლება ტელეღიპუცების სტილში მუხლებში მოხრილმა მუხლების სიმაღლეზე ჩაშვებული ხელებით ტალღები აკეთოთ ზემოდან ქვემოთ და ფეხების მოძრაობაც აუწყოთ.. მოკლედ, ძალიან ბევრია რა.
მატარებელი
  • არ ვიცი როგორ "უცნობს", მაგრამ მე "ვაგონი მიქრის" მგონია უზუსტესი მარკეტინგული გათვლის პროდუქტი. ამ სიმღერამდეც ძალიან ბევრჯერ შეამჩნევდით ე.წ. მატარებელში - ჯაჭვში ჩაბმულ მოცეკვავეებს, რომელიც რამე ტაქტური მუსიკის ფონზე სულ წინ მიმავალ "ელმავალ" მოცეკვავეს მიყვებიან, ერთი ხელი წინა მოცეკვავის წელზე აქვთ, მეორეს კი იქნევენ, თითქოს ვინმეს ემშვიდობებიან. "ვაგონი მიქრის" არა მარტო სახელით, არამედ ტაქტით, ტექსტით და სულით ზუსტად ეხმიანება აღნიშნულ სტილს. სწორედ ამიტომ დარჩა ამდენხანს რესტორნებში და სწორედ ამიტომ ახსენდებათ "მატარებელში" ჩაბმა მოცეკვავეებს. არადა მარტივია ყველაფერი, უბრალოდ მისდევ წინ მიმავალ ადამიანს, ძირითადად მარჯვენა ხელის კიდებ წელზე, ხოლო მარცხენას ან იქნევ, ან რამეს სვავ, ან სიგარეტს წევს და მოკლედ, ისე იყენებ, როგორც გაგისწორდება.
წრეში.
  • "ზილინა" ვისაც უთამაშია ბავშვობაში, ეცოდინება (არის ასეთი სიმღერა: ზილინაა, ზილინაა (წრეში ხელებჩაკიდებული ბავშვები აქეთ იქით ირხევიან), ჰოპ (ახტნენ), ზილინა ზილინაა. [აქ ვიღაცის სახელი] დღეობაშიი დიდი კვერი ცხვებოდაა (ისევ რხევა), აი ამსიმააღლეე (ყველა ზემოთ წევს ჩაკიდებულ ხელებს, რომ აჩვენონ როგორი მაღალი კვერი ცხვებოდა), აი ამსიგაანეე (რამდენადაც ჩაკიდებული ხელები იძლევა საშუალებას, იმხელაზე ფართოვდება ბავშვების წრე)). მოკლედ, მოცეკვავეები ქმნიან წრეს, რომელიც, უნდა აღინიშნოს და, გაუცნობიერებლად იქმნება. მერე რომელიმე გამბედავი შევარდება ან რომელიმე გაუბდავს შეაგდებენ ამ წრის შუაგულში და მან უნდა წაიცეკვოს რამდენიმე ილეთი (თუნდაც "ცნობილები"), შეძლებისდაგვარად ვალმოხდილი გამოვიდეს ცენტრიდან და ხელი შეუწყოს სხვის შეგდებას იქ.


პიანი მასტერი
  • იშვიათი და ფრიად სახალისო ცეკვის ხერხი, რომელსაც ვერც ერთი ბრძენი ვერ აღწერს, რამეთუ არც ერთი გააზრებული, დალაგებული და რაც მთავარია, ტაქტს აყოლილი მოქმედება არაა ამ სტილში. ამ ხერხს მიმართავენ ზე-მთვრალი მოცეკვავეები, რომელთა ერთადერთ მიზანს შეადგენს ცეკვის დასაწყისში დაკარგული სიმძიმის ცენტრის დაბრუნება. ქვემიზანს, თუ ძირითადი მიზანი არ გამოუვიდა, შეადგენს ხელების რაც შეიძლება გაშლა და მერე ამ გაშლისას დაკარგული ეკვალიბრიუმის აღდგენა.
პატრიოტი
  • სპეციალურად ან ისე ნასწავლი ქართული ცეკვების ილეთების მაქსიმალურად გამოყენება. არაა მთავარი ილეთების სწორი მიმდევრობით შესრულება, რამეთუ ყველა გარშემომყოფი აზრზე არაა და პლუს დალეულზე მაგარი სანახავია შენი ტაქტში ჩამჯდარი და ნაციონალური სულის გადმომცემი მოძრაობების ხილვა. ყველაზე გავრცელებული ცეკვათაგანი ამ სტილში არის "აჭარული". ამ ცეკვის შესასრულებლად საჭიროა სულ 3-4 ილეთი. 1. - მაჯაში მოხრილი ხელები და მხრების თამაში - წმინდა აჭარულია. მერე რა, თუ ფეხები აჭრული ცქვიტი ხტომის ნაცვლად უბრალოდ წინ და უკან მიდიან.. 2. ე.წ. ჭიპონი - ცალ ფეხზე დაყრდნობილი ტაშის დაკვრა ხან აქეთ, ხან იქით, ხან მუხლზე, ხან ცერზე.. 3. - მუხლებში მოხრილი წინ წინ ხტუნვა შესაბამისად ხელები იდაყვში მოხრილი და თითქოს მანქანას "რუჩნიკით" ქოქავ, ასეთი მოძრაობის გაკეთება. 4. - ტრიალი გაშლილი და მაჯაში მოხრილი ხელებით, ხტომი ვითარცა ქურციკი და ერთი ხელი მაღლა, მეორე დაბლა და უკან და ასე დარბაზის შემორბენა.

ეს არის სულ რაც მახსენდება. არის კიდევ ერთი ცეკვის სტილი, მილენა, რომელმაც სახელი ჩემი თანამშრომლისგან მიიღო. ამ გოგოს შეუძლია ყველა ზემოთ ჩამოთვილი სტილი ისე გამიქსოს, რომ ულამაზესი რამე გამოვიდეს, განსაკუთრებით, თუ დალეული ხარ. :) თქვენ თუ გახსენდებათ კიდევ რამე ცნობილი ცეკვის სტილები რესტორანში, გთხოვთ დააკომენტაროთ. წავედი მე.

Sunday, November 28, 2010

ხინკლის ჭამის პროცესი

რაღაცდრომშვიდობისა, ბლოგის მკითხველებო. ბლოგერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას ძალიან ბევრი დასაწერი თემა მოსდის თავში, მაგრამ ვერ ახერხებს ამის დაბლოგვას და ან დრაფტებში ინახავს სათქვმელს ან კომპის გვერდით აკრავს. მაგალითისთვის იხილეთ პიკოლინას პოსტი. მე პოსტების სახელებს მობილურში ვიწერ ხოლმე - ხანდახან შუა ქუჩაში მაფიქრდება სათაურები. ამ დროისათვის მაქვს შემდეგი იდეები: ვიდეოპოსტები თემებზე: სტალკერის გაქართულების ისტორია, გორელი ტრეისერები და გორი-ქარელი ველოსიპედით. ჩვეულებრივი პოსტები თემებზე: Hλlf-Life 2 - გაქართულება, ცეკვის თანამედროვე სახეობები, ჩხუბზე და გაწევ-გამოწევაზე ბალღებში, მესაფლავის ვნებანი და წინამდებარე "ხინკლის ჭამის პროცესი" რომლის დაწერას ჭონას ჯერ კიდევ როდის შევპირდი, ჩორტ ევო ზნაეტ.
ხინკალი - ესაა ხორბლის ფქვილით გაკეთებულ თხელ ცომში გახვეული ხორცის და გემოვნებით შერეული ინგრედიენტების მოხარშვის პროდუქტი. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი საქართველოში, ვისაც ხინკალი არ ექნება ნაჭამი. ასე რომ ბევრ ბლა-ბლა-ბლას არ დავიწყებ, პირდაპირ გაგაცნობთ ჩემი დაკვირვების შედეგებს. ჭამა ყველას უყვარს, მით უმეტეს თუ საჭმელი მხიარული და გემრიელია. სწორედ ასეთია ხინკალი. თუკი მეგობრების წრეში აპირებთ ხინკლის მირთმევას, მიაქციეთ ყურადღება მათ სახეებს. მაშ ასე.

სტადია 1 - მშივრები. ხშირად გამოყენებადი ფრაზები: აუფ, აუფ, იცი რა ხინკალია აქა? ყველაზე კარგია.. არა, რა გვერდით, ამათი ჯობია. შესაძლოა იყოს მცირედ კრიტიკული ფრაზებიც: ხომ არ გააფუჭეს? გვიან მოაქვთ? მაგრამ საერთო ჯამში ყველა კმაყოფილია და ელოდება საკვებს.
სტადია 2 - იგვიანებს. ისე როგორ მოხდება, რომ არ დაიგვინაოს ხინკლის მოტანამ, ჰო? ჰოდა აი აქ იწყება მთავარი. 5 წუთის წინ რომ ამბობდა ყველაზე კარგი ხინკალიაო, იმას ნელა-ნელა ეპარება ეჭვი: ბიჯო და, არ მოქონდათ ხოლმე ასე გვიან. რა დაემართათ ნეტა? იქვე ჩნდება პროვოკატორიც: ესაა შენი კარგი სახინკლე? ხომ გითხარით გვერდით შევიდეთ თქო? (გეგონება გვერდით არ დაიგვიანებს). უკმაყოფილების გამოხატვის მერე სავარაუდოდ რომელიმე შემოაგდებთ თემას: გუშინ გაცნობილი გოგო ან ძმაკაცის მანქანის ამბები, რომელიც მანამდე გაგრძელდება, სანამ უკმაყოფილების ახალი ტალღა არ დაიწყება ან ხინკალს არ მოიტანენ. მთელი მეორე სტადიის მანძილზე არ წყდება იმ ლუდის სმა, რომელიც ხინკალზე ადრე მოაქვთ და რომელიც სავარაუდოდ შეუკვეთეთ.
სტადია 3 - მოიტანეს. მიაქციეთ ყურადღება ხინკლის მჭამელთა სახეებს. როგორი სიმშვიდე, ნეტარება და სათნოებაა მათ თვალ-ღაწვზე. ნირვანის მიღწევამდე სულ 1 ნაბიჯია. აუცილებლად გადაუხდიან მადლობას მიმტანს, რომელსაც პირდებოდნენ, რომ უნდა ვეჩხუბოთ სადაა აქამდეო და საქმიანად შეუდგებიან პილპილის მოყრას და იმის დაცინვას, ვინც პილპილმოყრილს არ ჭამს.
სტადია 4 - ჭამა. სიჩუმე. მხოლოდ ნეტარების ბგერები ისმის პირველი 3 ხინკლის შეჭმის დროს. სახინკლეს მეპატრონის საყურადღებოდ: თუ ნეტარების ხმები 1 ხინკლის მერე აღარ ისმის, სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება ხინკლის ხარისხს და მეხინკლის პატიოსნებას. მე-3-ე ხინკლის მერე კი იწყება აზრების გაცვლა. საჭირო ფრაზები: აუფ, აქაც გაუფუჭებიათ. არა რა, ხინკალზე მაგარი არაფერია. ერთი ეგ სალფეტკი მომაწოდე. რა არის, რამდენი პილპილი დაგიყრია?! გვერდით უკეთესია თქო, ხომ გითხარით.
ქვესტადია 4.1. - ჭამის მეთოდები. ესაა მთავარი, რის გამოც პოსტის წერა დავიწყე. მაშ ასე, განვიხილოთ ხინკლის ჭამის მეთოდები.

მთლიანი

გაუგებარია, რატომ ჭამს ადამიანი ხინკალს მთლიანად. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ძალიან სწრაფად შეიჭამოს მაქსიმალური რაოდენობის ხინკალი. თუმცა ამის უარყოფილით მხარე ისაა, რომ ვერც გემოს იგებ და მეცელსაც იტკენ ადრე თუ გვიან. ჭამის ხერხი გამოიხატება იმაში, რომ ხინკალს კუჭში ხელი მოკიდო, მთლიანად შეიტენო პირში, კბილებით მოაწყვიტო კუჭი (ან არც მოაწყვიტოს), ხოლო პირში დარჩენილი მასა გადაყლაპო. ამ მეთოდს აქვს ალტერნატივა: პირში დარჩენილი მასა დაღეჭო და ისე გადაყლაპო. მეთოდი "მთლიანი" ვერ გახორციელდება დიდი ხინლის შემთხვევაში. თუ რა თქმა უნდა, თქვენ უფრო დიდი პირი არა გაქვთ.

მესაკუთრე

ყველაზე გავრცელებული მეთოდი. ამ დროს არა მარტო ხინკლის გემოს იგებ, არამედ მის ყველა დანარჩენ თვისებას: ტემპერატურას, სირბილეს, გლუვობას და რა ვიცი კიდე რა.. გამოიყენება ყოველდღიური ან ხანგრძლივი ხინკლიჭამის დროს. ხერხი მგდომარეობს იმაში, რომ ორივე ხელით დაიჭირო ხინკალი, პირისკენ მოქცეული ადგილი მოაკბიჩო, დაღეჭო, გადაყლაპო. შემდეგ მცირედი ამოტრილებით ხინკლის წვენი შესრუპო და გააგრძელო ორივე ხელით დაჭერილი ხინკლის ცენტრის გარშემო ტრიალით შეჭმა. საკმაოდ მოთხვრადი მეთოდია, საჭიროებს ბევრ ხელსახოცს.

გვირილა

წინა ორი მეთოდის კომბინაციაა ფაქტიურად და ჩემი საყვარელი ხერხია. საშუალებას იძლევა სწრაფად შეიჭამოს ხინკალი და ამავე დროს გემოს გარდა გაიგო მისი ზოგიერთი თვისება. მეთოდი მდგომარეობს შემდეგში:  ცერა, საჩვენებელი და თუ საჭირო გახდა, შუა თითითაც ვკიდებთ ხინკალს კუჭში და ვატრიელებთ ისე, რომ კუჭი ქვემოთ აღმოჩნდეს. შესაბამისად, ხინკლის მთავარი ნაწილი ზემოთ ექცევა. ახლა პირისაკენ მიმართულ ნაწილის ცომს პატარა მონაკბეჩით ვხსნით, ვწრუპავთ ხინკლის წვენს, შემდეგ ასეთი პატარა მონაკბეჩებით მთლიანად ვათავისუფლებთ ხინკალში არსებულ ხორცს, რომელიც შეიძლება ან ცალკე ერთ ლუკმად შეიჭამოს, ან კუჭის მიდამოებში დარჩენილ ცომთან ერთად ჩაიკბიჩოს ერთ ან რამდენიმე ლუკმად.

სტადია 5 - მაძღრები. აი ამ სტადიის დროს მოდის ყველაზე ფილოსოფიური აზრები და იხსნება ლაპარაკის ჩაკრები. ხალხი კმაყოფილი  სახით გადაეყრდნობა სკამის ზურგს და ამბობს: იფ, იფ, იფ.. ასევე გამოყენებადი ფრაზებია: რაც კაია, კაიაა.. ძლივს თვალებიდან არ გამოვიხედეე? ხინკალი ყველაფერს ჯობია.. აუ, რამდენი ვჭამე.. სად არის კაცო დასატოვი ხინკალი?.
სტადია 6 - წასვლა. ხინკალი საკმაოდ მსუყე საკვებია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიღების მერე ჩნდება სიმძიმის გრძნობა და ძილის სურვილი. ამის წამალია სუფთა ჰაერზე წინა სტადიის გაგრძელება. გამოყენებადი ფრაზებია: ახლა რაღა ვქნათ? ვაჰ, როგორ მეძინება.. ვყოფილიყავით ცოტაც..
მორჩა, ეს იყო სულ. სამწუხაროდ ჟურნალისტის თვისებები არა მაქვს, ამიტომ ისეთი ხარისხის პოსტებს ვერ ვწერ, როგორსაც ვასასი და დოინჯი, მაგრამ ჩემთვის ქე მაინც ვნერვიულობ. აბა თქვენ იცით, ხინკალზე თუ დამპატიჟებთ, უარს არ ვიტყვი. :) წავედი ახლა, ჰალფ-ლაიფს მივხედო.

Sunday, November 21, 2010

Dr. Acid - დოქტორი მჟავა

დოქტორი მჟავა - იგივე გიორგი მაღლაკელიძე. დაიბადა 1991 წელს ქუთაისში, მაშინვე დაიწყო გაზრდა, გადაიტანა 90-იანი წლები, წავიდა ამერიკაში, ჩამოვიდა უკან, ყავს შეყვარებული, სწავლობს ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიას, უყვარს ლუდი, არ უყვარს თბილი ლუდი, უნდა ბევრი ლუდი და არ უნდა რომ იჯდეს უსაქმურად.

ბოლო თვისებიდან გამომდინარე მან შექმნა ჯგუფი AcidLabz-ი, რომელმაც წარმატებით თარგმნა ქართულ ენაზე თამაშები: World of Goo (ლორწოს სამყარო. პაზლი), Luxor 3 (ლუქსორ 3. პაზლი), Magic Balls 3 (ჯადოსნული ბურთები 3. პაზლი), Plants vs Zombies (მცენარე ზომბის წინააღმდეგ. პაზლი), Braid (ბრაიდი. პაზლი), Tag (შეიგრძენი ფერების ძალა. პაზლი პირველი ხედიდან), Portal (პორტალი. პაზლი პირველი ხედიდან), Max Payne 2 (მაქს პეინ 2. შუტერი მესამე ხედიდან), Stalker - Shadow of Chernobyl - (სტალკერი - ჩერნობილის აჩრდილი. შუტერი პირველი პირიდან). ასევე AcidLabz-ი საკუთარი საიტით ავრცელებდა ისეთ გადაქართულებულ თამაშებს როგორებიცაა: Splintel Cell (ნათარგმნია Gamezone.ge-ს მიერ), Far Cry 2 (ავტორი არ მახსოვს), Silent Hill (ავტორი არ მახსოვს). ამის გარდა საიტზე ვრცელდებოდა პროგრამები, როგორებიცაა: Gom Player, Team Work და კიდევ რამდენიმე, რომელთა სახელებსაც ვერ ვიხსენებ. ყველა ეს პროდუქტი იყო აბსოლუტურად უფასო და გაკეთებული მხოლოდ ენთუზიაზმით და საქმის სიყვარულით. სწორედ AcidLabz-ში მოღვაწეობის გამო დავიწყე წიგნის -  "მეტრო 2033"-ის თარგმნა.
დიდი ხნის მანძილზე საიტი არსებობდა დომენ Shemo.ge-ზე სახელით Wish.shemo.ge. თუმცა გაუგებარი და აუხსნელი მიზეზების გამო დომენმა შეწყვიტა მოღვაწეობა და გაუფრთხილებად მოსპო ასილდაბზის ფორუმი თუ გვერდი. ყველა ზემოჩამოთვლილ პროგრამათა გარდა დაიკარგა ჩემი ნაშრომი სტალკერზე. ეს იყო 4 გვერდიანი სრული ინსტრუქცია თამაშის შრიფტებზე და მათი შეცვლის ხერხებზე. 4 გვერდში ჩადებული 6 თვის მუშაობის შედეგები, რომელიც გაუფრთხილებად მოსპო დომენის გაუქმებამ. საბედნიეროდ მჟავამ მითხრა, რომ ეს მასალები შეინახა. თუმცა ამის შემდეგ ის დაიკარგა. დაიკარგა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი და საერთოდ, საქმეები. გიორგის დაკარგვამ გამოიწვია ასიდლაბზის დაშლა. თუმცა მე ამ ფაქტს არ შევეგუები და გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს.
უბრალოდ, თუ ამ პოსტს კითხულობ, ბატონო მჟავა, ეგება როგორმე მიპასუხოთ გამოგზავნილ სმს-ებზე და გადმომცეთ ასიდლაბზისგან დარჩენილი პროგრამული უზრუნველყოფა თუ მასალები  - რავარც შემპირდით. თორემ Half-Life 2 (ცოცხალ-მკვდარი 2. შუტერი პირველი ხედიდან) მინდა ვთარგმნო და ძალიან შემიწყობდა ხელს. ასევე მინდა Cake Mania 2 (ტორტო-მანია 2. დროის მენეჯმენტ თამაში)-ის თარგმნაც, მაგრამ ამ ოხრებმა PopCap Games-დან რაღაც ფორმატით შეინახეს, Dat არის და ჩორტ ევო ზნაეტ რას გულისხმობდნენ ამის ქვეშ.

Monday, November 15, 2010

Feel Free, Ser!

- ..და ვერ ატყობ, რომ მომწონხარ?
- არა (დაიბნა), რატომ?
- ვინმესთვის, შენს გარდა, მიმიცია საჩუქრები? ვინმე გამიცილებია? არათანამშრომლური ყურადღება გამომიჩენია? ნუთუ 1 წლის მანძილზე ვერ მიხვდი?
- არა.. (უფრო დაიბნა), საჩუქრები.. მაგიტომ რომ ვიფიქრო.. არა.. ვერ მივხვდი.
- ახლა ხომ გითხარი? შენ რას მიპასუხებ?
- მე.. შენ კარგი ბიჭი ხარ. მართლა. არ გავხარ სხვებს.. მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა.. არ მინდა ტყუილი იმედი მოგცე.. იქნებ ჩემშია პრობლემა..
- შეიძლება მზად არ ხარ?
- ჰო, მზად არ ვარ. დავრჩეთ კარგ თანამშრომლებად..
(თქვენ იცით ჩემი ხასიათი. As you wish, mine Milord!)
**********
/- Transsmission over. (საუბრის დასასრული)
->
/- Status: Feel Free, Ser! (გრძნობა: თავისუფალი ვარ!)
/- Orders: Set Scan Range.. (გეგმა: საქმეს შუა გზაზე ხომ არ მივატოვებთ, კაცო? @ სიყვარული ყველას უნდა)
-> Scanning.. (ძებნა)
-> Scanning done. (მოიძებნა)
/- Resoults: 5th Freedom Level (თავისუფლების მე-5-ე დონე)
*********
ყველაფერი თავიდან იწყება და ამჯერად ახალი გამოცდილებით და ახალი შემართებით. Feel Free, Ser!

Thursday, November 11, 2010

რჩევები ახალბედა მძღოლებისათვის

მართვის მოწმობა უკვე დიდი ხანია (2 წელი იქნება) რაც მაქვს [თეორიული გამოცდა ჩავაბარა 30 დან 30 სწორი პასუხით და პრაქტიკული მე-3-ე ცდაზე. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს მართვის სრულყოფილად ცოდნას?], თუმცა საკუთარი ავტომობილის არ ყოლის გამო პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ დრომდე არ მქონდა. სულ რამდენიმე კვირაა, რაც ავტომობილის საჭეს აქტიურად მივუჯექი და მინდა ჩემსავით ახალბედა მძღოლებს გაგიზიაროთ გამოცდილება.
მე ვმოძრაობ ოპელ ვექტრათი. ასეთი ავტომობილები მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ ბევრს გამოადგება. ვივარაუდოთ, რომ თქვენს ავტომობილს საჭე მარცხნივ აქვს და ავღწეროთ მართვის მთელი პროცესი. აქსიომა: არავითარ შემთხვევაში, არასდროს და არანაირ ვითარებაში არ დაჯდეთ საჭესთან არაფხიზელი (იგულისხმება ნებისმიერი სახის თრობა ალკოჰოლიდან დაწყებული და სიყვარულით დამთავრებული. ავტომობილი ცხენი არაა და ვერ შეამჩნევს უეცრად გზაზე გადმორბენილ ბავშვს თუ საიდანღაც გაჩენილ ხრამს ან კედელს) პირველ რიგში უნდა მოვხვდეთ ავტომობილში. ამისათვის დაგვჭირდება ავტომობილის გასაღები ან დისტანციური მართვის პულტი, რომელიც ჩაკეტილ კარებებს გააღებს. მიაქციეთ ყურადღება: გასაღები ტრიალებს საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით და არა პირიქით! სალონში მოხვედრის შემდეგ შეეცადეთ კომფორტულად მოერგოთ სავარძელს და საჭეს. ამისათვის სავარძელს მარცხენა მხარეს ქვემოთ და უკან აქვს დასატრიალებელი, რომელიც მას მაღლა და დაბლა სწევს. ხოლო სადღაც იქვე უნდა იყოს რიჩაგის მსგავსი რამე, რომლის ენერგიულად მოქაჩვის მერე სკამის წინ და უკან მოძრაობა იქნება შესაძლებელი.

სტანდარტულად ავტომობილს პედლები ისე აქვს განლაგებული, როგორც ამ სურათზეა. ანუ 1 - გადაბმა (სცეპლენიე), 2 - მუხრუჭი (ტორმუზი), 3 - აქსელერაცია (გაზი). კარგად დაიმახსოვრეთ პედლების კომბინაცია, იმიტომ რომ ხშირად ეშლებათ და მუხრუჭის ნაცვლად აქსელერაციას ადგავენ ფეხს და შედეგი ტრაგიკულია ხოლმე. ავტომობილის დაძვრამდე ყურადღებით შეამოწმეთ სარკეები, გვერდით სარკეში, რომელიც ავტომობილის გარეთაა, კარგად უნდა ჩანდეს გზა. ასევე კარგად უნდა ხედავდეთ ავტომობილის უკანა ხედს სალონში მდებარე სარკიდან. გეთანხმებით, საკმაოდ რუტინული საქმეა, მაგარამ ამაზეა დამოკიდებული თქვენი პატრულთან ურთიერთობის მრავალი დეტალი.


ავტომობილის დაძვრა პირველი და არც თუ ადვილი მანევრია. მთელი 2 თვე შაბათ-კვირას ვვარჯიშობდი ხოლმე ნორმალურად დაძვრაში და ბოლოს ამომივიდა ყელში და დავანებე თავი ავტომობილს საერთოდ. ახლა გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ესაა აქსელერაციის ოპტიმალური დონის დარეგულირება. დიახ, ეს რთული პროცესია. გამოცდილი მძღოლები ამას ახერხებენ ძრავის ხმის მიხედვით, ახალბედებმა კი რა უნდა ვქნათ? არის ორი გზა: ტახომერტრი ინდიკატორების პანელზე - რომელიც აჩვენებს რამდენ ბრუნს აკეთებს ძრავი წუთში და იგივე ხმის მოსმენა. ძალიან მაღალი "გაზი" ბრუნვების დიდ რიცხვს იწვევს, ძრავი ბღუის და ავტომობილი მყისიერად წყდება ადგილს, გიკარგავს რა ორიენტაციას. ძალიან დაბალი აქსელერაციის დროს კი ძრავის ძალა არაა საკმარისი ავტომობილის ადგილიდან დასაძვრელად. სადღაც ნახევარსაათიანი პრაქტიკა მინიმუმ საჭიროა, რომ ნორმალური "გაზის" დონე იპოვოთ და რაც მთავარია, დაიჭიროთ. საქმე იმაშია, რომ დაიძვრება თუ არა ავტომობილი, შესაძლებელია ინერციის ძალით ფეხი ან მეტად დააჭიროთ "გაზს" ან სულაც აგეშვათ და ორივე შემთხვევაში მანქანის უჩნაური ქცევა დაბნევას გამოიწვევს. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით: დაამუღამეთ "გაზის" დაჭერა.
შემდეგი და ნაკლებად რთული მანევრია სიჩქარეში ჩაგდება. ჩავაგდოთ პირველ სიჩქარეში. მაშ ასე
0. ვდებთ გასაღებს ბუდეში (რომელი საჭის დაბლაა სადმე) და ვატრიალებთ წინ (საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით) იმდენად, რომ ძრავი ჩაირთოს.
1.  ვადგავთ "სცეპლენიას" ბოლომდე.
2. სიჩქარის რიჩაგი რბილად გადმოგვაქვს ჩვენსკენ და ვწევთ წინ (უფრო დაწვრილებით ამ პროცესზე: იგულისხმება, რომ თავიდან სიჩქარის რიჩაგი (ანუ ბერკეტი) არის ნეიტრალურ მდგომარეობაში - შუაში. რიჩაგებს ზემოდან ახატიათ ხოლმე რომელი სიჩქარე სადაა, მაგრამ პირველი სიჩქარე მუდამ არის მარცხნივ და წინ. ასე რომ ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ისე რომ მსუბუქი ნახტომით ჩვენსკენ გადმოვიტანოთ რიჩაგი, ასეთივე მსუბუქი ნახტომით ვაწვებით წინ, კაპოტისაკენ)
3. არ ვუშვებთ "სცეპლენიას ფეხს" (ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავი ჩაქრება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს)
4. "გაზის" პედლის საშუალებით ვაღწევთ იმ ჩვენს დამუღამებულ ოპტიმალურ დონეს.
5. ნეეეეელა (ნელა!) ვუშვებთ "სცეპლენიას" ფეხს მანამ, სანამ ავტომობილი მოძრაობას არ დაიწყებს. არავითარ შემთხვევაში არ არეგულიროთ ეს მანევრი "გაზის" პედლით. "გაზი" გეჭიროთ ერთ დონეზე და "სცეპლენიით" არეგულირეთ სიჩქარე: სწაფად წავა? დაადგით ბოლომდე. ნელა წავა? აუშვით ნეელა-ნეელა. ნუ, აშვების სიჩქარესაც დამუღამება უნდა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მთელი 2 თვე ვეჯახირებოდი. ხან გავარდებოდა მანქანა, ხან ჩაქრებოდა ძრავი.

მორჩა, ბედნიერები ვართ, ავტომობილი დაიძრა. ახლა გადავიდეთ უფრო რთულ მანევრზე: სიჩქარის შეცვლა. საქმე იმაშია, რომ პირველი სიჩქარით ხდება ავტომობილის დაძვრა ან ციცაბო აღმართზე ასვლა. ეს სიჩქარე გზაზე სამოძრაოდ არ გამოდგება. ასე რომ გადავიტანოთ მეორეში. :)
1. დარწმუნდით, რომ ავტომობილი მინიმუმ 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს (სხვანაირად ძრავს გაუჭირდება მეორე სიჩქარის დაძლევა). ამ სიჩქარის მიღწევა შესაძლებელია აქსელერაციის პედლის უფრო მეტად დადგმით.
2. (სწრაფად შესასრულებელი მოქმედებები) აუშვით "გაზის" პედალს. დაადგით გადაბმულობას ფეხი ბოლომდე. მოკიდეთ ხელი სიჩქარის რიჩაგს და მსუბუქად დაწიეთ უკან. 1 ბიჯი - ნეიტრალური, მეორე ბიჯი - მეორე სიჩქარეშია.
3. ნეელა აუშვით გადაბმულობას ფეხი. ასევე ნელა დააწექით "გაზს" - ამ მანევრის სწორად შესასრულებლად დიდი ხნის პრაქტიკაა საჭირო. სწრაფად აშვებული "სცეპლენიე" ძრავის ჩაქრობას იწვევს. ნელა აშვებული - აკარგვინებს სიჩქარეს ავტომობილს და ის ძიგძიგით აგრძელებს მოძრაობას. დაბალი "გაზი" = ჩამქრალი ძრავი. მაღალი "გაზი" = წინ გაჭრილი ავტომობილი.
4. გადაბმულობას როდესაც ბოლომდე აუშვებთ ფეხს, მოაშორეთ ფეხი ამ პედალს. შემთხვევითმა დაჭერამ შეიძლება გაუთვალისწინებელი რამეები გამოიწვიოს.
(ზემოაღნიშნული რამეები არ ეხება იმ მძღოლებს, რომლებიც ავტომატური გადაცემათა კოლოფიან ავტომობილს მართავენ. მათთვის მთავარია სწორად დაიჭირონ "გაზის" დონე)
ესეც ესე. გაჩერებას რაც შეეხება, ავტომობილის გაჩერება ხდება "გაზის" პედლის აშვებით, ნეიტრალურ სიჩქარეში გადართვით და მუხრუჭზე ნეეელა დაწოლით. მუხრუჭზე სწრაფი დაწოლა გამოიწვევს მგზავრების თავის ქნევებს და შეიძლება საკმარისი სიჩქარისას საქარე მინაც გაამტვრიოთ. პატივი ეცით პატრულს და საგზაო ნიშნებს, შეიცოდეთ ქვეითები და გაატარეთ მარჯვნიდან მომავალი ავტომანქანები. დაბოლოს, ნიშნები, რომელიც უნდა გააკრას ახალბედა მძღოლმა უკანა მინაზე.

Monday, November 8, 2010

მორბენალი მელანი

ტრეისინგით ვინცაა გატაცებული, მისთვის სამი ლინკი მაქვს.
  1. პირველი ესაა თვითონ "მორბენალი მელანი"-ს ლინკი: საკმაოდ სახალისო ფლეშ თამაში პარკურზე.
  2. ესაა სამგანზომილებიანი შოკვეა-ლეერ თამაში მინიკლიპისგან "თავისუფალი სირბილი" - ასევე საკაიფო თამაში Free Running-ის სტილში.
  3. დაბოლოს, ლეგენდარული "ანარეკლი" (თუ "სარკის კიდე" - ვერ გაიგებ როგორ უნდა თარგმნო ზუსტად "Mirror's Edge") - თამაშის ორგანზომილებიანი ფლეშ ვერსია მთელი თავის ნავაროტკებით.

Thursday, November 4, 2010

ლოცვით ან ნემსით მოკვლა

"ევთანასია (ძვ. ბერძნ. eu = კარგი, უშფოთველი + thanatos = სიკვდილი) - სამედიცინო დახმარების გზით ადამიანის მოკვდინების პრაქტიკა. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ევთანასია უკანონო ქმედებაა." - ამონარიდი ქართული ვიკიპედიიდან.
დღეს გავიგე ერთი საინტერესო ამბავი, რომლის არ დაბლოგვა უბრალოდ არ შემეძლო  (ორმაგი უარყოფა). საქმე იმაშია რომ:
..."აი დეიდაჩემი იყო მასე. მარა გული ქონდა ძალიან მაგარი, აი ძაალიან რა!" - მთხრობელი ჩემი ერთი პატარა და ძალიან აქტიური თანამშრომელია - "ხოდა ტიპი იმენა ავად გახდა, რა! ორი წელი, გეფიცები (ხელით გვაჩვენებს როგორ იფიცება: მკერდზე იდებს და აქეთ-იქით ამოძრავებს. ფრიად მაპროვოცირებელი მოქმედებაა), გეფიცები ხელით ვაჭმევდით. ასე, ვუდებდით საჭმელს და ბოლოს აღარც ჭამდა მთელი თვე. ვაფშე! (ხელით გვაჩვენებს როგორ არ ჭამდა: პირზე იდებს ორივე ხელს და აქეთ-იქით ამოძრავებს). ცარიელი ძვალი იყო, გახდა. მარა გული ქონდა ძაან მაგარი და არა კვდებოდა რა. ბოლოს მამაომ თქვა, ცოდოა ეგ ქალიო, სულის გასვლის ლოცვას წავუკითხავო (ხელით გვაჩვენებს როგორ გადის სული: მკერდზე იდებს და პირის მიმართულებით ამოძრავებს) და დაისვენებსო. ეგ იყო და ეგ - დაასრულა თუ არა ლოცვა მამაომ, მაშინვე აღარ იყო ჩვენთან დეიდაჩემი. (იქვე ინტერესდებიან, აბა სად იყოვო)"
ახლა მე რა მაინტერესებს. ეს ევთანასია და სულის გასვლის ლოცვა რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან თუ არა და მეთოდებით, ა? და კიდე ის მაინტერესებს, თუ ექიმს არა აქვს თუნდაც ავადმყოფის თხოვნით ამ ევთანასიის ჩატარება (ევთანასიის განხორციელება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და უთანაბრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110 მუხლს, რომელის თანახმადაც: მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე), ღვდელს რატომღა შეუძლია სულის გასვლის ლოცვის წაკითხვა, რახან ღვდელია? პირადად მე ვეთანხმები ადამიანის მოკვდინებას, თუ ის მართლა საშინელ ტკივილებს განიცდის და/ან მართლა არაფერი ეშველება. რაღატომ უნდა აწვალო კაცი, რომელიც დღეს თუ არა და ხვალ უეჭველი მოკვდება, მარა ეს ორი დღე დაიტანჯება და ეწამება? თან მით უმეტეს, რომ თვითონ აცხადებს თანხმობას, ე ბიჭო, მიშველეთ რამე, აღარ მინდა სიცოცხლეო. უი, რა საინტერესო რამე ვნახე: ტკივილის შემსუბუქების მიზნით მედიკამენტის მიცემა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პაციენტის ნაადრევ გარდაცვალებას გამოიწვევს, ევთანასიის შემთხვევას არ წარმოადგენს - ლაზეიკა, პაცანი! ამას ვამბობდი მეც! საქართველო გაბრწყინდება. ზეგა ოღონდა, ზეგა.