Friday, December 17, 2010

რატომ გავიყინე ერთ ადგილას..

შეკითხვა დაიდო ბლოგზე, რატომ აღარ წერო, არ გეწერინებაო? და გამახსენდა რომ აი რამდენი ხანია ერთი პოსტის სათაურიც კი არ ჩამინიშნავს მობილში. ეს ორი რამის ნიშანია: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ან მე ვერ ვამჩნევ. პირველი ობიექტური მიზეზია და ვერაფერს მოვუხერხებ, მაგრამ აი მეორეს მიზეზებზე კი მინდა შეძლებისდაგვარად სახალისოდ მოგიყვეთ. ლაპარაკია ჩემს სამუშაო რეჟიმზე.

მაშ ასე, ტბილი ძილიდან მაღვიძარას ხმას გამოვყავარ. "როცა წვიმს და გარეთ ბნელა, შენთან არის ძია გელა და ქოლგის ქვეშ მოდით ყველა, ელა, ელა.." - მღერის რიჰანა. უკვე ორგანულად ვეღარ ვიტან ამ სიმღერას, არადა სხვა უკეთესი გასაღვიძებელი მელოდიაც ვერ ვნახე. ჩემი დასავით საქართველოს ჰიმნს ხომ არ მოვუსმენ გასაღვიძებლად და მერე ალბათ ვეღარც ამას ავიტან ორგანულად. მოკლედ, გავიღვიძე. ზაფხულში კიდევ არა უშავს, მაგრამ აი ზამთარში თბილი საწოლიდან ადგომა ერთი სიკვდილია. ამიტომ რამდენჯერმე გადავაწევინებ მობილურის მაღვიძარას დარეკვის დროს და უეცრად ვამჩნევ, რომ უკვე 15 წუთით გადავცდი დაყენებულ დროს. "ბლინ, ნე სმეშნო" - ფეხის გრაციოზული მოძრაობით გადასროლილ საბანს უცივესი ჰაერი შემოყვება და სიცოცხლის სიმშვენიერეზე ფიქრს გაიძულებს. "..და ქოლგის ქვეშ მოდით ყველა, ელა, ელა.."
მადლობა ღმერთს უშესანიშნავესი მშობლები მყავს და განსაკუთრებით მამაჩემი, რომელიც უფრო ადრე დგება სამუშაოზე წასასვლელად (ძველი ჯარისკაცია, მურმიანსკში მსახურობდა -40 გრადუსი სადაც იყო და რომ უხაროდათ, არც თუ ცივი ზამთარიაო) და მიმზადებს ჩაის და მისაყოლებელს რამეს და მელოდება, რომ მისი შვილი სამუშაოზე თბილი მანქანით მიმიყვანოს.

დროის გადანაწილება, თაიმ მენეჯმენტად წოდებული, ძალიან საჭირო რამაა ჩემი ყოველდღიური საქმინობისას. მაშ ასე. ჩემი ოთახიდან საკრედიტომდე 22 საფეხური ნახევარი სართული, 20 საფეხური - მეორე სართული. ნორმალური სიჩქარისას 36 წამი ასვლას უნდა და 32 წამი ჩამოსვლას. ექსრეს რეჟიმში მოძრაობისას 20 წამი ასვლას უნდა და 9 წამი ჩამოსვლას. არქივი - 102 ნაბიჯი. 53 წამი დრო იქამდე, 12 წამი გაღებას უნდა. ექსპრეს რეჟიმში - 40 წამი იქამდე, 10 წამი გაღებას. ექსპრეს რეჟიმში იხარჯება 3 ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ნორმალური რეჟიმისას. ასეე.. თეორიულად ყველაფერი მარტივია. მაგრამ აი პრაქტიკაში ცოტა სხვანაირადაა საქმე.
როგორც წესი, მისვლისთანავე მოსამზადებლად გამოსაყენებელ ნახევარ საათს ვანდომებ ხოლმე წინა დღით დარჩენილი საქმეების დაბინავებას. ეს ძალიან კარგი რამეა, რომ არა გამუდმებული ზარები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადაცაა კლიენტი მოვა და უნდა მივხედო. არადა იმ ნახევარი საათის განმავლობაში დაკეტილია შენობა. ეს კარგი, თუ მოვასწარი საქმეების დაბინავება ხომ კარგი, თუ არა და საღამოს მივხედავ. მაშ ასე, გავიდა ნახევარი საათი და აი აქ იწყება მხიარულება. მოვა ერთი საქმე, დავიწყებ მის კეთებას და ამ დროს მოვა მეორე საქმე. როგორც წესი, ამ მეორე საქმის კლიენტებს ეჩქარებათ. რომელიმე წევრს მაინც. დროის გადანაწილების მეცნიერება გვეუბნება, რომ ჯერ დაწყებული საქმე უნდა დაამთავრო კაცმა და მერე გადახვიდე ახალზე. მაგრამ მეორე საქმის მომტანი თანამშრომელი დაბეჯითებით ითხოვს მისი საქმის გაკეთებას. ჯანდაბას, ვიწყებ მის საქმეს და ამ დროს მოდის მეორე თანამშრომელი, რომელსაც თავის საქმე მოაქვს და რომელსაც რა თქმა უნდა ასევე ეჩქარება. რიგითობის მოთხოვნით ვაგრძელებ მეორე საქმეს (ამ დროს პირველის შუა გზაზე შენახვა არ ხერხდება დაუხვეწავი სამუშაო პროგრამის გამო) და ისაა ბოლოში გავალ, რომ პროგრამა იჭედება და 10 დან 7 შემთხვევაში ითიშება. ნამუშევარი დაკარგულია.


აუღელვებლობის მეცნიერების მცნებიდან გამომდინარე, აუღელვებლად (ყოველ შემთხევვაში ვცდილობ) ვიწყებ თავიდან გავაკეთო მეორე საქმე და ამ დროს მოდის კლიენტი, რომელსაც მაგალითად გირაოს მოხსნის წერილის გამზადება უნდა. ესაა ყველაზე საძაგელი პროცედურა, განსაკუთრებით თუ კლიენტს ძალაინ ადრე აქვს ეს გირაო ჩადებული, თუ მისი საქმე არ იძებნება სიძველის გამო და რაც ყველაზე ცუდია, საქმე კი იძებნება, მაგრამ განთავისუფლებისათვის საჭირო საბუთები არაა შიგნით. საძაგელი უფრო იმიტომაა, რომ მიაქვს უამრავი დრო და არაფერი სარგებელი არაა აქედან. მაქსიმალურად თავაზიანად ვთავაზობ კლიენტს დატოვოს ტელეფონის ნომერი და გამზადებისთანავე დარეკვას აღუთქვავ. ცუდია თუ კლიენტი ადგილობრივი არაა და "ზუსტად 1 საათი" აქვს (ხანდახან უფრო ცოტაც) სანამ ავტობუსი გაასწრებდეს. იძულებული ვარ მივატოვო მეორე საქმე (პირველს ვიღა კითხულობს) და წავიდე მისი გირაოს გათავისუფლებისათვის საჭირო საბუთების მოსატანად.

როგორც ხედავთ, რეჟიმი "ნორმალური" აქ აღარ გამოდგება. ასე რომ გადავდივარ "ექსპრეს" რეჟიმზე და ვცდილობ დროზე გავუშვა გირაოს მოხსნის მოსურნე და მასთან ერთად როგორმე დავამთავრო მეორე საქმე. წერილი თავის საქმით და მეორე საქმით ამაქვს საკრედიტოში (20 წამი და სამჯერ მეტი დახარჯული ენერგია) და ვუბრუნდები მეორე საქმეს. ამასობაში მეოთხე თანამშრომელი, დამინახავს რა რომ მის ტერიტორიაზე ვარ, მაჩეჩებს მეოთხე საქმეს. საბედნიეროდ როგორც წესი ამ კლიენტს არ ეჩქარება და როცა მოვრჩები, მაშინ უნდა დავურეკო. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მეორე საქმეში შეცდომაა გაპარული და მის გასასწორებლად ვაკითხავ მეორე თანამშრომელს და მაშინვე ვუბრუნდები წერილს. ჩემს ოთახთან კი მოსულა მესამე კლიენტი და აცხადებს, რომ თუ 10 წუთში ვერ გავუშვებთ, საერთოდ აღარაფერი უნდა. ვცდილობ დავამშვიდო და აღვუთქვავ, რომ ამ დროში შევეცდები ყველაფერს. ექსპრეს რეჟიმი საკმარისი აღარაა.


კმაყოფილი გირაოს წერილის მთხოვნელი მიდის, სამაგიეროდ მოდის პირველი კლიენტი. წესით მისი საქმე მზად უნდა მქონდეს, მაგრამ სიდან აბა, სიდან? ვთხოვ დალოდებას და ვიწყებ მესამეს საქმეს (10 წუთში რომ უნდა მოვუსწრო). ჩვენთან მოთხოვნაა ასეთი: სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. ვცდილობ სტრესულ სიტუაციას გავუძლო და მესამე საქმის კეთების შუა პროცესში პროგრამა ისევ იჭედება. იჭედება ტელეფონიც.. იძულებული ვარ დაველოდო მათ ჩართვას. მაგრამ გვაქვს მითითება: კლიენტს არ უთხრა პროგრამა გაიჭედა და ამიტომ გაგვიანებთო. ასე რომ ფაქტიურად ფანტაზიის გავარჯიშების საშუალებაც გვეძლევა. საბედნიეროდ ფანტაზიის ამოქმედება არ ხდება საჭირო, პროგრამა მუშაობას აგრძელებს და ამ დროს რეკავს მეორე საქმის ავტორი და ამბობს, რომ გაასწორა შეცდომა და ავიდე და წამოვიღო (ანუ დაკარგული 40 წამი და ექვჯერ მეტი ენერგია). მე ვთხოვ ადგეს და თვითონ ჩამოიტანოს, რა უბედურებაა კაცო, არ მცალია მაგდენი. ისიც დგება და მოაქვს. ანუ საუბარში იკარგება 1 წუთამდე. უკეთესი შემთხვევაა, როდესაც ყურმილი მხრით გიჭირავს და თან მუშაობ. მაშინ არ იკარგება ეს დრო. უარესი შემთხვევაა, თუ ამ დროს მობილური ტელეფონიც რეკავს.

მოკლედ, მესამე საქმე მოვრჩი როგორღაც, გავედი, მივხედე კლიენტს.. და.. ახლა ორი ვარიანტია: ან დაველოდო ვინმე თანამშრომელს, რომელიც ამ საქმეს მაღლა აიტანს ან მეორე და პირველი საქმეები ავიტანო მე თვითონ მესამე საქმესთან ერთად და სანამ მესამე მოწმდება და გადის, გავაკეთო პირველი და შეძლებისდაგვარად მეორეც. შეიძლება მაქსიმალური სიამოვნების მონიჭების განზრახვით ამ კრიტიკულ მომენტში მოვიდეს მეოთხე კლიენტი (რომელიც რომ დავურეკავდით, მერე უნდა მოსულიყო) და განაცხადოს, რომ მასაც ნამეტანი ეჩქარება. ან ალტერნატივაა, რომელიმე თანამშრომელს დაჭირდეს (რა თქმა უნდა სასწრაფოდ) საქმის ამოტანა არქივიდან. სრულიად შესაძლოა სათაო ოფისმა გამოგზავნოს რამე დავალებაც, რომელიც რა თქმა უნდა სასწრაფოდაა შესასრულებელი. და ზემაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, ეს ყველა ზემო ჩამოთვლილი შესაძლოა ერთადაც მოხდეს.

ასეთ რეჟიმში გრძელდება სიამოვნება 4 საათი, მერე მოდის შესვენება 1 საათი (5-10 წუთი სახლამდე, 5-10 წუთი უკან, 20 წუთი ჭამა, დანარჩენი "დასვენება"), შესვენების დროის გამოყენება კრიტიკულ სიტუაციებში შესაძლოა საქმეს დავუთმო (ჭამა - 10 წუთი, დანარჩენი მუშაობა), შემდეგ ისევ 4 საათი სამუშაო საათები, რომლის შემდეგ, საქმიდან გამომდინარე, უკვე ნორმალურ რეჟიმში გადასულმა (იმიტომ, რომ სამუშაო საათები მორჩა და კლიენტები სავარაუდოდ აღარ არიან) შესაძლოა 9-10 საათამდეც ვიმუშაო და დღის მანძილზე აწეწილი საქმეები დავვარცხნო და დავაბინაო. ამავე დროს შესაძლოა სათაოდან მოსული დავალების შესრულებაც გახდეს საჭირო და მოკლედ, საკმაოდ მხიარულად ვატარებ დროს.
ხოლო იმის გამო, რომ მიწევს ექვსმაგი, რვამაგი და ხანდახან ათმაგი ენერგიის ხარჯი, მიწევს ე.წ. "ცეცხლი გამდიოდეს ხელებში" და ფეხებში (და შესაბამისად - ბოლი სხვა ადგილას) და მოკლედ რომ ვთქვათ, ვიღლებოდე, აი სწორედ ამიტომ გავიყინე ერთ ადგილზე ბლოგის თვალსაზრისით და თითქმის ბოლოში გაყვანილი (90 % ნათარგმნია) Half-Life 2 ის პროგრესი გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. აღარაფერს ვიტყვი "მეტრო 2033" ის თარგმანსა და სხვა ნაკლები პრიორიტეტის გამო შუა გზაზე შეჩერებული პროექტების ბედზე. ვსო, წავედი მე, დავიძინო. ხვალაც ქე ვმუშაობ მე. :)

No comments: