Saturday, January 22, 2011

საოფისე ტრამვები

ბევრს გონია, რომ ოფისში მუშაობა ძალიან ადვილი და "უმტვეროა". ერთმა კლიენტმა ისიც კი მითხრა, თქვენთან ვაკანსია თუ იქნება, ეგება შემეხმიანოთ, ჩემი ცოლი ექიმია და უფრო მშვიდ სამუშაოზე უნდა გადასვლაო. თუმცა დამიჯერეთ, საოფისე სამუშაოსაც აქვს თავისი დამალული "დემონები" და ახლა მოგიყვებით მათზე.
კლიენტი - ყველაზე მოულოდნელი საფრთხე, რაც შეიძლება ოფისში მუშაობისას შეგხვდეს ადამიანს, ესაა "კლიენტი". კლიენტი არის ერთგვარი კონტეინერი, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეავსო იმით, რასაც ის ითხოვს ან მისი შემცვლელით. კლიენტს არ ესმის რას უხსნი და მხოლოთ საკუთარი აზრი გონია მართალი. კლიენტს მუდამ ეჩქარება. კლიენტი მუდამ "პირველია". კლიენტი მუდამ "სასურველია". ნებისმიერ მომენტში კლიენტს შეიძლება გაუჩნდეს არაადეკვატური და მოულოდნელი მოთხოვნები, რომელთა ულაპარაკოდ შესრულება წმინდათა წმინდაა, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაო ადგილის თავზე გამოკრულია განცხადება ტექსტით: "თუ ჩვენი მომსახურება არ მოგწონთ, დაუკავშირდით მენეჯერს" და მენეჯერის ტელეფონის ნომერი.
ქაღალდი - საოფისე და ერთი შეხედვით უწყინარი ქაღალდი არის საშინელი ჭრილობების პოტენციური იარაღი. დასაჯერებლად ძნელია, მაგრამ ოფისის ქაღალდს შეუძლია საკმაოდ ღრმა ჭრილობების მიყენება, თუკი მის პირს სწრაფად გაუსვებთ ხელს. სისხლი არ წამოვა ბევრი, სამაგიეროდ ბევრჯერ შეგახსენებთ თავს საზიზღარი წვა და ქავილი ჭრილობის ადგილას. ხოლო თუ გაჭრილია თითის ბალიში - ჩათვალეთ რომ იმ ხელით მინიმუმ იმ დღეს ვეღარ იმუშავებთ: კლავიატურაზე დაჭერაც კი საკმაო დისკომფორტს ქმნის.

ბაინდერი - შედარებით არააგრესიული საგანი, რომელიც გამოიყენება დიდი ზომის საქმეების შესანახად. თუმცა სწორედ მისი დიდი ზომის გამო დავარდნის დროს შეუძლია გემრიელი ტკივილი მიაყენოს ფეხს. უფრო მტკივნეულია მისი ფარული თვისება, რომელიც დღეს აღმოვაჩინე და რომელმაც შთამაგონა ამ პოსტის დაწერა - ესაა მახვილი და ხშირად ლითონით შემოსაზღვრული კიდეები. თუ ბაინდერი გადაშლილი მოგაქვთ და ამ დროს რამე შეფერხებას წააწყდებით (კარებს, თანამშრომელს, კლიენტს), დიდი შანსია ეს მახვილი კუთხე მუცელში, მკერდში ან თუნდაც მხარში შეგერჭოთ, რაც სისხლდენას არა, მარა საკმაო ტკივილს გამოიწვევს.

სტეპლერი - ყველა სტეპლერს აქვს საკმაოდ კარგი დამცავი არე თვით დასტეპლერების ადგილიდან, სადაც თითის ბუნებრივ მოხვედრას ან მით უმეტეს, მის დასტეპლერებას 100 % ით გამორიცხავს. თუმცა სტეპლერს, მისი ტიპიდან გამომდინარე, აქვს მიდრეკილება გაიჭედოს და ტყვიების შეცვლის დროს, ტყვიები ამოაგდოს. დაცვა ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მაგრამ ყოველთვის შეიძლება რომელიმე ონავარი სტეპლერის ტყვია პირდაპირ სახეში მოგხვდეთ ან რაც უარესია - თვალში. სწორედ ამიტომ დატენვა რეკომენდირებულია განხორციელდეს წინ გადახრილ მდგომარეობაში და არა ზემოდან, როგორც უმეტესად აკეთებენ ხოლმე.
კარები ანუ ელექტროშოკი - არ ვიცი სხვაგან როგორ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მოვლენის გამო ჩვენი ოფისის კარებები მუდამ დამუხტულია. არა მარტო კარებები, არამედ ყველა მეტალის საგანი და თანამშრომლები. ყოველ სამუშაო დღეს დილის გამამხნევებელი ვარჯიშისავით მაქვს გამოწერილი გარდირობის კარებიდან ელექტროშოკი, ოპერატორის კარებიდან ელექტროშოკი (ამიტომ ფეხით ვაღებ ორივეს), ჩემი კარებიდან ელექტროშოკი (ამიტომ სულ ღიაა), ფანჯრის წინ შემზღუდავი რკინისგან ელექტროშოკი და საღამოს უკვე ვგრძნობ, როგორ კონდენსატორივით ვარ დამუხტული და ერთი სული მაქვს ქუჩაში მდგარ განათების ბოძს შევეხო "დამიწების" პონტში, რომ განვიმუხტო ამ ზედმეტი ელექტრობისგან.
ჯერ-ჯერობით სულ ეს მახსენდება. თუ გამახსენდა კიდევ რამე, განვაახლებ თემას, ხოლო თუ თქვენც გაქვთ რაიმე სათქმელი ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი. მადლობა რომ მკითხულობთ.

2 comments:

zorbeg said...

ბაინდერზე წარმოდგენა არ მქონია... სტეპლერსაც ვეჩნად "ზევიდან" ვტენი...
აი დამუხტვას რაც შეეხება, კარები და თანამშრომლები კი არა, სავარაუდოდ შენ ხარ დამუხტული...
შეიძლება რამე სინთეთიკური ქსოვილებისაგან შეკერილი გაცვია რაც გმუხტავს.

Anonymous said...

nerve pain may also help to stretch a few minutes,
a number of different ways. Another great way to treat as for the nerve pain.


Here is my web-site - back pain specialist Bayonet Point
Also visit my web-site ; back pain specialist Bayonet Point