Tuesday, April 19, 2011

კენტი - რას აპირებ

გორში იყო ასეთი რეპერი, კენტი. ყავდა ნაპარნიკი - გუსა. ხოდა კენტი და გუსა მღეროდნენ ხოლმე რეპებს. ნუ, ხომ იცით როგორი სასტავი ვართ ქართველები - ნახეს რომ იწვევდნენ ხოლმე კონცერტებზე და იქვე დაასკვნეს: პაპსაა! სხვისა არ ვიცი, მაგრამ ეს სიმღერა მომწონს მე გამორჩეულად და თხოვნა მექნება შეაფასოთ თქვენც.

Kenti - ras apireb by dj-guro

Monday, April 18, 2011

არსაით - ნაწილი 4

წინა ნაწილი

პირველი ნაწილი

ბნელში

ჩამოხეული ჭერი. საუკუნის წინ გაკეთებული რემონტი. ისევ ის საზიზღარი სუნი და ისევ ტანსაცმლიანი დასძინებია. კარადის თავზე გაკრული წარწერა ისევ იმუქრებოდა "ახლა უკან გზა აღარაა!", ხოლო მაგიდაზე გადაშლილ დღიურში სრულიად სხვა წარწერა დახვდა: "ოთხშაბათი. 13 ოქტომბერი. ადამიანი მანამ წასულა, სანამ მე დავბრუნდი სახლში. მემგონი სოფიას იცნობს, გუშინ სუნამოს სუნი უდიოდა. სოფია აღელვებული ჩანდა, რომ ეს წავიდა". გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. ისევ დაიჭრიალა კარებმა და ისევ ტყეში აღმოჩნდა. ხეები ტოტების გარეშე. სინათლისა და სიბნელის თამაში. აბსოლუტური სიჩუმე. ნაბიჯების ხმაც კი არ ისმის. და ღრუბლები. ხეების სიმაღლეზე ჩამოსული პატარა და ბევრი ღრუბელი. რამდენიმე წამს ცოცხლობენ და შემდეგ სხვაგან ჩნდებიან და ასე დაუსრულებლად. სიჩუმე. ჯიბეში ტუალეტში ნაპოვნი გასაღები იგრძნო. კბილების გასწვრივ წვრილი შრიფტით ეწერა "ქალაქის ციხე". გასაღები ისევ ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა. ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ ჯონს უზომოდ მოუნდა ვინმესთვის მოეხმო საშველად. "ჰეი, არავინა ხართ?" - დაიყვირა და ტანში გასცრა: ტყის სიღრმეში განათებულ ადგილზე საშინელი არსება შენიშნა.

რა იყო ეს? თითქოს ადამიანი რაღაც ძალამ აიღო და ორ ნაწილად აქცია. ფეხები ნორმალური ადამიანის ქონდა, ჯინსი ეცვა და კედები. მაგრამ ზედა ნაწილი.. მკვდრისფერი კანი, მოცახცახე, წვეთის ფორმის ტანი, მხრებზე თითქოს სხეულიდან ამოსული კანგადაკრული ტოტები, პაწაწინა ხელები, პირამიდავით თავი და უზარმაზარი თვალები ამ თავზე. არსებამ სულ ახლოს გაუარა და ჯონს მისი ქშენაც კი მიწვდა. წოპთავა განათებული არის კიდემდე მივიდა, ცოტა ხანი იცახცახა და მერე უკან მიბრუნდა განათებულში. "მემგონი სინათლე ხელს უშლის ჩრდილში დაინახოს რამე" - ჯონის იმედის ნაპერწკალი აენთო - "თუ სიბნელეში დავრჩები, შევძლებ გაღწევას". მუხლებზე დავარდნილმა შემდეგ ხესთან მიჩოჩება შეძლო, რომ წოპთავა მისკენ გამოემართა. მხოლოდ ნერვების უკიდურესი დაძაბვით შეძლო ჯონიმ არ დაეყვირა მის წინ ერთ მეტრში გაჩერებული უზარმაზარი თვალების დანახვაზე. არსებამ ცოტაც იცახცახა მის ცხვირწინ და ისევ უკან გაბრუნდა.
ალბათ ნახევარი საათი დაჭირდა ჯონს, რომ საშინელება შორს მოეტოვებინა და ისევ იმ არასტუმართმოყვარე კოლიდორიან კედელს გადააწყდა. თითქოს სახლში იგრძნო თავი. კედელს დაიმედებული გაყვა. აი, ის უადგილოდ დადგმული აბრაც.. აბრის ძირში მოკლეტარიანი ცული დაინახა. ასეთ ცულს ხის წვრილი ნაფოტების დასაჭრელად იყენებენ, თუმცა ასეთივე წარმატებით შეიძლება გამომდგარიყო თავდაცვისათვის. ჯონიმ გადაწყვიტა თან წაეღო ეს იარაღი. ცული ტარზე მიმხმარი სისხლისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, იმ არსების მერე ფიქრობდა, რომ ვეღარაფერი გააკვირვებდა. თუმცა ტყის ბილიკი ერთ ადგილას ბუჩქით იყო გადაღობილი. ადრე ეს ბუჩქი აქ არ იყო. თან.. თან ეს ბუჩქი რაღაცნაირად თვითონ ჯონის გავდა.. კაცმა მხოლოდ ახლა დაინახა, თუ როგორ ნთქავდა განათებულ ადგილებს სიბნელე და უხილავი შავი მასა მისკენ მოიწევდა. სხვა გზა არ იყო - ჯონიმ ბუჩქს ცული მოუქნია.
ბუჩქმა სრულიად მოულოდნელი რეაქცია გამოავლინა. ის ორად გადაიჭრა, მისი შუიდან სისხლის ვეება შადრევანი ამოიფრქვა და ჯონიმ იგრძნო, რომ რაღაც უხილავი ძალა შემოვიდა მასში, რაღაც ძლიერი და უდრეკი. შეგრძნება ყოველდღიურების რიგებიდან არ იყო, თუმცა მისით ტკბობის საშუალება დიდხანს არ ქონია - შავმა მასამ თითქმის მიაღწია მას. გაიქცა. ნაბიჯების ხმა ისევ არ ისმოდა. ღრუბლები თითქოს კიდევ უფრო დაბლა ჩამოსულიყვნენ და ხელს უშლიდნენ გზის კარგად დანახვაში. აი ეს ხეც, ეს ბუჩქიც, ცოტაც და განათებული ადგილი გამოჩნდა. ამ ადგილამდე სიბნელეს ჯერ არ მოეღწია, თუმცა.. ორი მოცახცახე წოპთავა დასეირნობდა ველის შუაგულში. გაპარვის შანსი არ იყო - ადგილი მეტად განათებული ჩანდა არსებების ვეება თვალებისათვის. ჯონიმ გადაწყვიტა ეაქტიურა. განათებულის კიდესთან დაელოდა ერთ-ერთ წოპთავას და შეატყო თუ არა, რომ მან ცახცახი შეწყვიტა და უკან გაბრუნებას აპირებდა, მთელი ძალით მოუქნია ცული თავში.

სულის შემზარავმა კივილმა გააპო არემარე და თითქოს ნაწილებად დაშლილი წოპთავა დაენარცხა მიწაზე. შეგუბებული სიჩუმის შემდეგ ამ ხმამ თითქოს ტყე გააცოცხლა. გარშემოდან გაისმა სხვადასხვა დაბალი და შრიალა ხმები, რომლებიც ნელა ახლოვდებოდა. მაგრამ ყველაზე მძაფრი რეაქცია მეორე წოპთავას ქონდა. მის მხრებზე ამოსული ტოტები თითქოს ხელებად იქცნენ, ხოლო პაწაწინა ხელების ბოლოებში გაჩნდნენ პირები, საიდანაც ისეთივე კივილი ამოდიოდა, როგორმაც სულ ახლახანს სისხლი გაუყინა ჯონს. არსება ცახცახით გამოემართა კაცისაკენ, რომელმაც აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს ბუნების ბოძებულმა ინსტინქტმა გაიმარჯვა და ჯონმა ისეთი მოკურცხლა, ვერც ერთი სპრინტერი ვერ დაეწეოდა. ზურგს უკან მომავალი სიბნელე და შრიალა ხმები არ აძლევდა საშუალებას ერთი წამით მაინც მოდუნებულიყო. ხმა კი ახლოვდებოდა. ასი მეტრიც და ტყიდან გავა.. ორმოცდაათი.. ხმა სულ ახლოდან ისმოდა. თითქოს ათასობით წვრილფეხა არსება ალყაში აქცევდა. ოცი.. ფეხი რაღაც რბილს დაადგა. ისეთი ხმა იყო, თითქოს თოვლმა გაიხრაშუნა. ათი მეტრი.. მხარზე შეხება იგრძნო. გულგახეთქილმა ჯონმა კატასავით ისკუპა და ტყიდან გამოხტა. ხმები ისე გაქრა, როგორც დენიდან გამორთული რადიო ჩაიწყვიტავს ხოლმე ხმას.

ავტოსტრადის მეორე მხარეს პატარა შენობა ჩანდა, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გავდა. მის წინ აბრა იდგა: "გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას". ჯონიმ ჯიბეში მყოფი გასაღები მოარგო და კარებიც დაემორჩილა. ორჯერ დაჩხაკუნების მერე კლიტე გაიღო და კაცი პატარა ოთახში მოხვდა, რომელსაც ციმციმით ანათებდა ნათურა. ოთახის მეორე ბოლოში კიდევ ერთი კარები ჩანდა. თვითონ ოთახში ერთი მაგიდა და ორი სკამი იდგა. გარემო მოვლილი და სუფთა ჩანდა, თითქოს სულ რამდენიმე წუთის წინ გავიდა ვინმე ოთახიდან. ჯონიმ გადაწყვიტა მეორე კარებით ესარგებლა და მისდა გასაკვირად, ისევ ტყეში მოხვდა. თუმცა ეს ტყე უფრო განათებული ჩანდა. ერთი ხანობა, სანამ ბილიკს მიუყვებოდა, ჯონის მოწონდა კიდეც ეს განათებულება, მაგრამ მერე ისევ წოპთავები რომ დაინახა, სრულიად შეეცვალა გრძნობები. ამჯერად ეშმაკობა იხმარა და ხეების უკან დამალვით მშვიდობიანად გასცდა მოცახცახე არსებებს. მის წინ ხისმჭრელის სახლი გამოჩნდა. სახლს სამი კარი ქონდა. ხოლო მარჯვნივ კიდევ ერთი შენობა იდგა ნახევრად დანგრეული კედლით. მონადირის სახლის წინ ბლანჟიანი და კეთილთვალებიანი კაცი დაბორიალობდა. ჯონიმ გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა.

- გამარჯობა - მიესალმა ჯონი
- პატარა ბიჭი ხომ არ გინახავთ - კაცი აღელვებული ჩანდა და გამარჯობაზე არც უპასუხია.
- მე.. არა - ყველა-ყველა და ჯონის პატარა ბიჭი მართლაც არ უნახავს.
- ჩემი ბიჭია. რამდენიმე დღეა ვეძებ. ჭაობებთან თამაშობდა და მოულოდნელად გაქრა.
- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არ მინახავს.
- მე ჟურნალისტი ვარ და არასოდეს მიტარებია მისი სურათი. ჩემი საწყალი ბიჭი..
- ა.. სოფიამ მითხრა თქვენს შესახებ.
- სოფია? ბარში რომ მუშაობს, იმ გოგოზე არ ამბობ? ეს-ესაა აგერ იმ კარებში შევიდა - ჟურნალისტმა მარჯვნივ მდებარე დანგრეულკედლიან შენობაზე მიუთითა - წაბლისფერი თმა ქონდა. არასოდეს მინახავს ადრე. და.. არ იფიქროთ, რომ ხელს მიშლით, მაგრამ ჩემი შვილი უნდა მოვძებნო და..
- დიახ, მესმის - ჯონი ცოტა დაიბნა. სოფიას ქერა თმა აქვს. ეს წაბლისფერთმიანი ვიღაა ნეტა? - თუ რამეს გავიგებ თქვენს შვილზე, აუცილებლად გეტყვით.
- მადლობა.
ჯონიმ გადაწყვიტა ტყისმჭრელი მოენახულებინა, იქნებ რამე ეთქვა ასე თავისუფლად მოსეირნე წოპთავებზე, მარცხენა კარები შეაღო და შევიდა. წამის მერე ისევ სახლის წინ აღმოჩნდა. მიიხედ-მოიხედა, არაფერი შეცვლილა, ჟურნალისტი ისევ აღელებული ფიქრობდა, სახლი ადგილზე იდგა, ხეებს ისევ არ ქონდათ ტოტები.. ამჯერად შუა კარებში შევიდა - ეფექტი იგივე: კარები მოხურა თუ არა, მაშინვე სახლის წინ აღმოჩნდა. გადაწყვიტა ჟურნალისტის მითითებულ შენობაში შესულიყო და ასეც მოიქცა.

ოთახი ძალიან ცუდად ნათდებოდა ორი ნათურით, რომლებიც სულ ციმციმებდნენ და ისედაც ცუდ განათებას კიდევ უფრო უარესს ხდიდნენ. ნათურებთან ორი წოპთავა დაცახცახებდა. და რაც მთავარია, ჯონი მთელი ტანით გრძნობდა ვიღაცის ყურადღებიან მზერას. ოთახის შუაში თითქოს ლანდი გაკრთა, მაგრამ მოციმციმე ნათურებში ბევრ ვერაფერს გაარჩევდი. კედელს გაუყვა და ორივე ნათურისაგან შორს დატოვებულ სიბნელის ფარდაში დაიმალა. წოპთავები საკმაოდ სულელები ჩანდნენ. დაცახცახებდნენ განათებული არის ერთი ბოლოდან მეორემდე და ჯონის თითქმის აღარ ეშინოდა მათი. რაღაც მომენტში ორივე არსება მისგან ზურგით დადგა და ამან საშუალება მისცა მიერბინა კარამდე და გარედან გადაეკეტა ის - წოპთავებმა ხომ სირბილის ხმა გაიგეს და გამოეკიდნენ. კარების მეორე მხარეს ისევ ტყე აღმოჩნდა. ზედ სახლის კუთხესთან მთელი შეკვრა პისტოლეტის ტყვიები დაინახა, ხოლო ტყვიებიდან ტყის სიღრმისკენ წვეთებად მიიწევდა სისხლის კვალი.
უკან გზა აღარ იყო. ამიტომ, თუმცა მუხლებში ძალა ნელა-ნელა ელეოდა, ჯონი მაინც გაყვა სისხლიან გზას. რაც უფრო წინ მიდიოდა, უფრო გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. მას ხელში მჭრელი ცული უჭირავს, ყოველ ნაბიჯზე შიშს ბრაზი ფარავდა, ყვირილი მოუნდა, მაგრამ ბრაზი ჩაიხშო. სიმწრისგან ცრემლიც კი წამოუვიდა. რაც მოაფიქრდა, ყველა სალანძღავი სიტყვით აგინებდა ტყეს და მასში მოარულ ბრალიან თუ უბრალო არსებას. წინ ისევ სულელი წოპთავა გამოჩნდა. ჯონი არც გაჩერებულა, ცულამაღლებული გაიქცა მისკენ და არც მორიდებია განათებულ ადგილზე შევარდნა. ასეთ დაუპატიჟებელ სტუმარს კი არ ელოდა საშნელი არსება, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. სანამ ის კიოდა და მხრებზე ხელები ამოსდიოდა, ჯონიმ ქვემოდან ზემოთ ამოსცხო ცული და ძალიანაც ესიამოვნა, როდესაც შუაზე გადაჭრილი არსება უსულოდ დავარდა. კივილმა როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ტყე გამოაღვიძა, თუმცა ჯონის უკვე აღარ ეშინოდა. ჩქარი დამტკიცე ნაბიჯით გაყვა სისხლიან ბილიკს და მალე კიდევ ერთ შენობასთან მოხვდა.

გაუგებარია როგორ, მაგრამ კედლის მიღმა სოფია დაინახა. ხოლო სოფიას გვერდით კიდევ ვიღაც გოგო.. წაბლისფერი თმით.. ეს უკანასკნელი კარგად არც ჩანდა. თითქოს ხან იყო და ხან არა. მათკენ გზას კი კედელი ზღუდავდა. სოფია! - დაიძახა ჯონიმ. პასუხი არ იყო. აშკარად ჩანდა, რომ ორი გოგონა ერთმანეთში საუბრობდა, თუმცა მათი ლაპარაკი არ ისმოდა. ჯონი კედელს გაყვა შესასვლელის პოვნის იმედით. რამდენიმე მეტრის იქით მავთულის ღობე იყო და მის შიგნით ისევ ისეთი უცნაური ბუჩი, ჯონის რომ გავდა. შესასვლელი მაინც არ ჩანდა. სამაგიეროდ მიწიდან ამოძვრა წოპთავა და მისკენ გაიქცა კივილით. ჯონიმ ახლოს მოუშვა, შემდეგ შემობრუნდა, დაიხარა და მუხლებში ზუსტი დარტყმით მიწაზე დაანარცხა არსება. წოპთავა მხრებიდან ამოსული ხელების საშუალებით მაინც აგრძელებდა ჯონისკენ ფორთხვას, მაგრამ ეს უკანასკნელი აღარ დაელოდა მის მოახლოვებას და გასასვლელის ძებნა განაგრძნო. და მართლაც, კედელში კარები მართლაც იყო დატანებული. სოფია და წაბლისფერთმიანი გოგონა სულ ახლოს იყვნენ. კარები მოიხურა და და აღმოაჩინა, რომ კედლის მეორე მხარეს კი იმყოფებოდა, მაგრამ სოფია და მისი თანამოსაუბრე იქ აღარ იმყოფებოდნენ. გაოცებულმა შეამჩნია, რომ ისინი იმ უცნაურ ბუჩქთან გადასულიყვნენ. ჯონი უკან გამოვიდა კარებიდან, მაგრამ ამჯერად გოგოები ისევ კედლის მეორე მხარეს დაუხვდა.

სისხლის კვალი კი ისევ მიიწევდა კედლის იქითაც. დასაკარგი არაფერი იყო. ჯონი გაყვა კვალს და მალე ტყიდანაც გავიდა. მის წინ ისევ ავტოსტრადა იყო. მიწისძვრისაგან გზა ორად გაყოფილი დახვდა. ჩრდილოეთით დამტვრეული მანქანები ჩანდა, ხოლო მის წინ, ზედ შუა გზაზე ადამიანის გვამი ეგდო. ვიღაცას მისი სხეულის გასწვრივ კონტური შემოეხაზა ცარცით. სისხლიანი კვალი სწორედ მისკენ მიდიოდა. ახლოს მისულ ჯონს თვალები გაუფართოვდა: ეს ხომ მაიკლია! რა დაემართა? მას მუცელი აქვს გაფატრული! ჰმ.. ხელში პისტოლეტი უჭირავს. ახლა ეს იარაღი მე უფრო მჭირდება, ვიდრე მას.

Saturday, April 16, 2011

არსაით - ნაწილი 3

წინა ნაწილი

პირველი ნაწილი

სამუშაო დღე

-სალამი ლუკას. მე მაიკლი ვარ. გუშინ ტელეფონით ვისაუბრეთ. აი ამ არეულობას ვხელმძღვანელობ მე. საეროდ, ძალიან საჭირო ადამიანი ვარ. თუ ჩემი ნახვა დაგჭირდება, ამოხვალ მეორე სართულზე და კოლიდორის ბოლოში კარებში შემოხვალ. ახლა აგერ ყუთები რომაა, ეგენი მიალაგე და შემდეგ ოფისში ამომაკითხე, რაღაც ქაღალდებია ხელმოსაწერი.

მაიკლი ჩემი ახალი უფროსია.  აქ გადმოსვლის შემდეგ მან შემიფარა და შესაბამის ანაზღაურებასაც შემპირდა. ახლა მის საწყობში ვართ. საწყობი უზარმაზარი ფართია ასეთივე დიდი კედლებით და უამრავი ოთახით. რაც ყველაზე ცუდია, მთელს საწყობში მიმოფანტულია ვეება ყუთები და სწორედ ამ ყუთების დალაგება დამავალა მაიკლმა. სამუშაო იოლთა რიგიდან არაა. თითქმის 100 კილოანი ყუთები უნდა ერთ ადგილზე მივახროვო და რაც ყველაზე გულის გასახეთქია, არანაირი ტექნიკა არ მაქვს ამისათვის. ჯანდაბას, მივაწვები და გავაჩოჩებ.. ერთი, ორი, სამი, მივაწექი... იიი.. ასე. ერთი ყუთი მზადაა. ერთი, ორი, სამი, მივაწექი.. იიიი.. საღამოს 7 საათამდე ასე ვეჯახირე ყუთებს და როდესაც უკვე ბოლო ყუთიც ადგილზე მივაჩოჩე, აღარაფერი მინდოდა ძილის მეტი. მაგრამ გამახსენდა, რომ მაიკლმა ქაღალდებზე ხელმოწერა მთხოვა და მისი ოფისისაკენ გავეშურე.
მეორე სართული მარტო იმით განსხვავდებოდა პირველისაგან, რომ ყუთები არ იყო მიმოფანტული. თორემ თვალუწვდენელი სიგრძის კოლიდორი თავს საოცრად უმწეოდ გაგრძნობინებდა. საინტერესოა, რა იმალება ამ კარებების უკან. ჰმ.. ეს კარები დაკეტილია.. ესეც.. მესამეც.. იქნებ არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა? ეჰ, რა იქნებოდა ასევე კარგად იყოს განათებული ჩემი სადარბაზოც, ა? ჩრდილიც კი არ მაქვს ისეთი ძლიერი განათებაა. აი მაიკლის ოთახიც. ვნახოთ ერთი რა ქაღალდებია ხელმოსაწერი.

- ა, ეს შენა ხარ ლუკას? შემოდი - მე შევედი. მაგიდაზე ერთადერთი ფურცელი იდო. მაიკლმა თავაზიანად მიმითითა სკამზე - აი, აქ მომიწერე ხელი. ეს უბრალო ფორმალობაა უბედური შემთხვევის დროს რომ ავსებენ, ისეთი. ისე დღეს დილით შენი ცოლი ვნახე.
- ალბათ ეს კეტრინი იყო. ჩემი მეზობელია ეგ გოგო.
- არ ვიცი, არ გამომემცნაურა. წაბლისფერი თმა ქონდა და მწვანე თვალები.
- წაბლისფერი? - კეტრინი ხომ ქერათმიანია. საინტერესოა ვინ ნახა მაიკლმა.
- ჰო, წაბლისფერი. მიხვდი ხომ, ვისზეც ვლაპარაკობ?
- ისაა.. არა.. კი არა და, გვიანია უკვე. სახლში წავალ, კაი?
- ჰო, არ გაგაჩერებ ლუკას. ნახვამდის - მაიკლი ბლანჟეს ატარებს და კეთილი თვალები აქვს. ვინ იცის რამდენ თანამშრომელს გაუვლია მის ხელში. შეიძლება უბედური შემთხვევები იშვიათი არაა საწყობში და ამიტომაც მომაწერინა ამ ბლანკზე ხელი.. რას გაიგებ..
ჩემი ქუჩის შესახვევთან შესულს კეტრინი და მისი მიპატიჟბა გამახსენდა. მშვენიერი საღამოა. შეუვლიდა კაცი კეტრინს. მაგრამ სწორედ ჩემი სახლის გვერდით პოლიციის მთელი რაზმი შევამჩნიე. მათთან პიტერიც იყო 101 ოთახიდან.
- რამე მოხდა, ოფიცერო? - პოლიციის ფორმიანმა ერთი მოწყალე მზერა გადმოიგდო და რაღაცნაირად უგულოდ მიპასუხა
- ეს ისეთი საშინელებაა.. მაპატიეთ ბატონო, უნდა წავიდე - და თავისთვის ჩაიბურტყუნა - საწყალი ბავშვები.
გადავწყვიტე პიტერთან გამერკვია სიტუაცია. გამხდარი ექიმი კიდევ უფრო გამხდარი მეჩვენა. ჩვეულებრივზე უფრო გათეთრებული სახე და კიდევ უფრო აჩეჩილი თმა საერთოდ არ ტოვებდა ჯანმრთელი ექიმის შთაბეჭდილებას.
- გამარჯობა პიტერ. რა არის, რა ხდება აქ?
- სალამი ლუკას. იცი, მე გვამის გაკვეთა მთხოვეს და.. მემგონი მკვლელობა მოხდა მარჯვნივ რომ სახლია, იქ. სხვა არაფერი ვიცი, მაპატიე.
მარჯვნივ მდებარე სახლის ნახვის ბედნიერება ერთხელ მქონდა - როდესაც აქეთ გადმოვსახლდი. არაფრით განსხვავებული სახლი იქნებოდა, რომ არა თითქმის ყველა ჩამტვრეული ფანჯარა და დაბზარული კედლები. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მენახე ეს შენობა და იქ მობორიალე პოლიციელებგან მაინც გამეგო რამე. თუმცა მადგან მარტო მოჩვენებითი თავაზიანობით ნათქვამი "გაიარეთ, ნუ გვიშლით ხელს" მივიღე და დაღლილი სახლისაკენ წავლასლასდი. კეტრინი..
- ა, ლუკას, მოხვედი?
- საღამო მშვიდობისა - უეცრად საოცრად ცხადად ვიგრძენი, რომ კეტრინის გარდა კიდევ ვიღაც მიყურებდა.
- როგორ ხარ? იმედი მაქვს დღე ძალიან დატვირთული არ იყო.
- არაფერია, ყველაფერი შეჩვევადია. იცი, ახლა მივხვდი რომ არანაირი ცხოვრება არ მაქვს: სამუშაო-ძილი, სამუშაო-ძილი. საბედნიეროდ შენ გხედავ ხოლმე და ეს ცოტათი მაინც მშველის.
- კარგი. იცი, რაღაც სიახლეები მაქვს შენთვის. შენი მეზობლეთან დავაზარე სადილის დროს.
- ემილი? ნახე ემილი?
- არა. მაგრამ იმავე დღეს წერილი დამიტოვა კარების ქვეშ. წაიკითხე აბა. ძალიან უცნაურია - წლებისგან გაყვითლებულ ქაღალდის ნაგლეჯზე ერთად-ერთი ფრაზა ეწერა: "შენ ხომ არ გინდა, რომ ისევ მიმატოვო?"
- ჰმ.. დარწმუნებული ხარ, რომ ეს მან დაწერა?
- სიმართლე გითხრა, მგონია რომ კარები შეეშალა და სხვისთვის უნდა დაეწერა. რამეს ხომ არ შეჭამდი?
- სიამოვნებით. და ისა.. არ მინდა იმაზე ლაპარაკი.

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც კეტრინს დავემშვიდობე (რაც სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა და მგონია, რომ მასაც არ უნდოდა ეს), ჩემი ოთახისაკენ გავეშურე. გასაღებმა გაიჩხაკუნა კლიტეში, ჩამრთველმაც ჩაიგრუხუნა და ჩემი პატარა მყურდო ოთახი გამოჩნდა. გუშინდელი დიასახლისობის შემდეგ ის შეუდარებლად მყუდროდ გამოიყურებოდა. თუმცა იატაკზე რაღაც ქაღალდი შევამჩნიე.. ფოტოგრაფია.. ჰმ.. წყვილის სურათია წვეულებაზე. მე და კეტრინს რა მაგრად გვგავს ეს წყვილი, არა? საიტერესოა. ჰმ.. წარწერაცაა უკანა მხარეზე: "ჯონისა და სოფიასათვის, რომ არ დაავიწყდეთ როგორ კარგად ვატარებდით დროს ერთად". ხელმოწერად აქვს "ემილი" ალბათ ვიღაცაში შევეშალე და.. მაგრამ როგორ მოხვდა შუა ოთახში ეს სურათი? კეტრინს უნდა ვანახო სურათი ხვალე დილით..

შემდეგი ნაწილი

არსაით - ნაწილი 2

წინა ნაწილი

ჯონი

პირველი, რაც დაინახა, ეს იყო ნახევრად ჩამოხეული შპალერი ჭერზე. დაბნეულმა თვალებზე ხელი მოისვა. არა, არ სძინავს. საწოლს საზიზღარი სუნი უდიოდა, მას კი ტანსაცმლიანს დასძინებია. ფეხები რომ იატაკზე დააწყო, უკვე საბოლოოდ გამოერკვა ძილიდან. ობმოკიდებული კედლები, აბლაბუდები კუთხეებში, ქარის სისინი კარებიდან.. მან საკუთარ სახლში აღარ გაიღვიძა. საფრთხის უცნაური შეგრძნება დაეუფლა. თითქოს კედლებიდან ვიღაც უყურებდა. უფრო ყურადღებით რომ დაათვალიერა ოთახი, შეძრწუნებულმა აღმოაჩინა, რომ იგი სრული ანალოგი იყო იმ ოთახისა, სადაც დაიძინა. ოღონდ თითქოს საუკუნე გავიდა გაღვიძებამდე და ყველაფერი დაძველებულა და გაუბედურებულა.

ოთახში ყურადღებას ორი ადგილი იქცევდა: კარადა და მაგიდა. კარადაზე ნავიგაციის ინსტრუმენტები ეყარა - კომპასები, გიროსკოპები.. გაუგებარია რატომ დაჭირდა ვინმეს მაგალითად სამი აბსოლუტურად ერთნაირი კომპასი. კარადის თავზე გაცრეცილი დიდი მსოფლიო რუკა შენიშნა გვერდით მიკრულიყო მრავალი პატარა რუკებით. ერთ-ერთ პატარა რუკაზე მუქი წითელი საღებავით (სისხლით?) მიჯღაბნილიყო ერთი ფრაზა: "ახლა უკან გზა აღარაა!". მაგიდაზე კი სკოლის 12 გვერდიანი რვეული დარჩენილიყო. ახლოს მისულმა აღმოაჩინა, რომ ეს დღიურია. ბოლო გვერდზე ჩანაწერი იუწყებოდა: "სამშაბათი, 10 ოქტომბერი. ტყეში ერთი კაცი ვიპოვე და სახლში მოვიტანე. ოთხშაბათი. 11 ოქტომბერი. კაცი ჯერ კიდევ უგონოდაა. ის ისეთი ლამაზია, როდესაც ძინავს"

ახალი შთაბეჭდილებებით გაბრუებულმა გადაწყვიტა ოთახიდან გამოსვლა. კარებმა დაიჭრიალა და მოულოდნელად ტყეში აღმოჩნდა. მაგრამ რანაირი ხეები იდგა ტყეში? ხეები ტოტების გარეშე! არც ერთი ტოტი არ ქონდა არც ერთ ხეს. და გარემოც მრუმე და პირქუში იდგა. ოთახში მოსისინე ქარი სადღაც გამქრალიყო და შეგუბებულ სიჩუმეში მოხვედრილს საკუთარი გულისცემაც კი ესმოდა. ტოტების არ არსებობის მიუხედავად მიწა მაინც არათანაბრად იყო განათებული. იყო ადგილები, სადაც ნემსზე ძაფსაც ააგებდი და იყო ვამპირის ფიქრებივით ბნელი კუთხეებიც. და ეს ყველაფერი აბსოლუტურ სიჩუმეში. ნაბიჯი გადადგა. ისევ სიჩუმე. თითქოს არაფერზე მიაბიჯებდა.

რამდენიმე წუთის ბორიალის შემდეგ მოულოდნელად კედელს და მავთულის ღობეს გადააწყდა. ღობე ჩამუქებულ კოლიდორს იცავდა დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან, თუმცა მისი იერსახე საერთოდ არ იწვევდა სტუმრობის სურვილს. კედელს გაყოლილი კიდევ უფრო ღრმად შევიდა ტყეში. უადგილოდ დაყენებული ვეებერთელა აბრა უზარმაზარი ასოებით აფრთხილებდა ყველას: "ყურადღება! სამხრეთით საშიში ჭაობებია!". შემდეგ კედელი ისევე მოულოდნელად დაიკარგა, როგორც გამოჩნდა. სამაგიეროდ ხეებს შორის ერთიანი განათების ზოლი დაინახა. ეს ტყის განაპირა იყო. სიხარულმა აიტანა, ნაბიჯს აუჩქარა და ვერც შეამჩნია, როგორ შეიცვალა განათებული ადგილები ბნელით და როგორ გაყვა ეს სიბნელე მის კვალს. მზით განათებულმა ავტოსტრადამ გაუღიმა. სამშვიდობოსაა.


უეცრად იგრძნო როგორ ათამაშდა დედამიწა ფეხებქვეშ. ხეებმა შემაძრწუნებელი ხმა გამოსცეს. დადუმებული გარემო ერთბაშად ახმაურდა, თითქოს ვიღაცამ ჩამრთველს დააჭირა ხელიო. გუგუნით ჩამოიარა უხილავმა ტალღამ და ყველაფერი ისევ ჩაწყნარდა. მიწისძვრა იყო - გაიფიქრა. ავტოსტრადას ჩრდილოეთისკენ გაუყვა. უფოთლო ხეები უმზერდა გზის ორივე მხრიდან. რამდენიმე წუთში ტრასაზე რაღაც გამოჩნდა. ახლოს მისულმა დამტვრეული ავტომანქანა დაინახა. უფრო ჩრდილოეთით კიდევ ჩანდა მრავალი ასეთი ავტომობილი. არც ერთში არ იყო არც გვამი, არც ჩონჩხი და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხალხი უბრალოდ გაქრა.

გაოგებულმა გზა გააგრძელა. აბსოლუტურ სიჩუმეში და ნერვების უკიდურესი დაძაბვით გავლილი ერთ კილომეტრამდე მანძილი თითქოს რამდენიმე საათი გაგრძელდა. და როდესაც უკვე თითქოს ყველაფერი უიმედო ჩანდა, როდესაც არ იყო ცოცხალი არსების შეხვედრის თეორიული შანსიც კი, თითქოს მიწიდან ამოძვრა კაფე-ბარი. გარშემო ტყე ტოტების გარეშე, უკაცური ავტოსტრადა, ცარიელი დამტვრეული მანქანები და ამ ყველაფრის შემდეგ მოციმციმე აბრიანი კაფე "ჯეკის თვალი" კი არ ამსუბუქებდა მდგომარეობას, არამედ კიდევ უფრო დამრთგუნავს ხდიდა. ბარის წინ შინაურულად იყო გაჩერებული ჯანსაღი მანქანა, მოვლილი და გარეცხილი. ცენტრალული შესასვლელის გვერდით პატარა ეზოს გავლით უცნობი სათავსოს კარი ჩანდა, ხოლო მეორე მხარეს ჩაბნელებული ბილიკი ჩრდილოეთისკენ აგრძელებდა გზას.

ბარში შესულს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, როდესაც ამ უკაცურ გარემოში მშვენიერი ბარმენი გოგონა დაინახა. ყვითელთმიანსა და დიდთვალებას ვარდისფერი ფართუკი მოერგო და მომხიბვლელად იღიმებოდა.
- გამარჯობა - მთელი გზის სიჩუმეს მიჩვეულმა თავიდან არც დაიჯერა, რომ ბარმენმა მართლა თქვა ეს სიტყვა.
- გაგიმარჯოს - საკუთარი ხმა გაიგონა.
- რამეს ხომ არ შეუკვეთავდით? - ბარმენი გოგონა სრულიად რეალური ჩანდა.
- ჰმ.. ყავა თუ შეიძლება - მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
- რამ მოგიყვანათ აქ? - ბარმენი გოგონა თან საქმიანობდა, თან უღიმოდა სტუმარს.
- გარემოებამ.. საჭესთან ჩამეძინა და.. - მართლა ასე იყო კია?
- ვაიმე, ხომ შეიძელება დაღუპულიყავით?
- ვიღაცამ იზრუნა ჩემზე ტყეში.
- მართლა? და ვინ, ნეტა?
- არ ვიცი. როდესაც გავიღვიძე, უკვე წასული დამხვდა.
- ჰმ.. საინტერესოა. იმიტომ, რომ ექიმისა და ჟურნალისტის მეტი აქ არავინ ცხოვრობს.
- ჰო, ვიცი.. თუმცა არავინ მინახია სადან მოვდიოდი. რა მოხდა აქ?
- ხალხის დიდი ნაწილი პირველი მიწისძვრის დროს წავიდა.
- შენ რაღატომ დარჩი და ყავასაც რომ ყიდი?
- ისე რა.. უბრალოდ გადასვლა არ მინდა არსად. მე სოფია მქვია.
- ძალიან სასიამოვნოა სოფია. ჩემი სახელია ჯონი. დიდი ბოდიში, შეიძლება ტუალეტით ვისარგებლო?
- რა თქმა უნდა. თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.

ტუალეტში სამი რაკოვინა დახვდა. ჯონი პირველივესთან მივიდა და შუა საქმის დროს  შეამჩნია, რომ მისგან შორეულ რაკოვინაში რაღაცამ გაიბრწყინა. ახლოს მისულმა ძველებური გასაღები აღმოაჩინა. გასაღებს კბილების გასწვრივ რაღაც წარწერა ქონდა, მაგრამ ჯონიმ არ ჩათვალა საჭიროდ მისი წაკითხვა, პირდაპირ ბარში გავიდა, რომ სოფიასთვის ემცნობებინა აღმონაჩენის შესახებ.
- სოფია, ტუალეტში გასაღები.. სოფია? - ბარი რატომღაც ავტოსტრადასავით დაცარიელებულიყო. წუთის წინ სუფთა მაგიდებზე მტვერი იდო. თუმცა სიცარიელის მიუხედავად ჯონის ვიღაცის თანდასწრების უცნაური გრძნობა არ აძლევდა მოსვენებას. სულ ერთი წამით თითქოს ლანდს მოკრა თვალი ბარის შუაგულში, თუმცა იქ არავინ იყო.
- სოფია, ეს შენ ხარ? სოფია!!!

შემდეგი ნაწილი

Friday, April 15, 2011

არსაით - ნაწილი 1

შექმნილია კომპიუტერული თამაშის "Nowhere"-ს მიხედვით.

..ამონარიდი გაზეთიდან (თარიღი 1993 წლის 5 ივნისი): "აღმოჩენილია სამი ახალი მსხვერპლი. წინა ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა. 30 წლის ჯონსის და 28 წლის სოფიას ცხედრები ნაპოვნი იქნა მათი საცხოვრებლის ნანგრევებში. ცხედრებს მიაგნო მათმა მეზობელმა, ემილი სტენფორდმა. <<უნდა მომეძებნა ისინი, სანამ ჯერ კიდევ იყო იმედი>> - განაცხადა ემილიმ - <<დიდი ხანი არ მყავდნენ ნანახი.. და არც კი ვიცოდი, თუ ერთმანეთს ხვდებოდნენ. გაკვირვებულიც კი დავრჩი>>. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ნაპოვნი მესამე მსხვერპლის სახელიც ემილი აღმოჩნდა. მისმა ქმარმა არ ისურვა ჩვენთან საუბარი..

ერთი წლის შემდეგ

ლუკასი

გამარჯობა. მე ლუკასი ვარ. ვცხოვრობ საერთო საცხოვრებლის მეორე სართულზე. ჩემს სადარბაზოში სულ ხუთი ბინაა. პირველ სართულზე ოთახ 101-ში ცხოვრობს პიტერი. იგი ექიმია და პოლიკლინიკაში მუშაობს. მაღალი და ძალიან გამხდარი ბიჭია ყოველთვის მოვლილი ტასაცმლით და სასაცილოდ აჩეჩილი თმით. მისი ბინის მეზობლად არის 102 ნომერი ოთახი. დიდი ხანი არაა რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად, მაგრამ რაც აქ ვარ, არც ერთხელ არ მინახავს იქ ვინმე შესულიყოს ან გამოსულიყოს. სავარაუდოდ არც არავინ ცხოვრობს. კარებს სახელიც კი არ აწერია. კიბეზე ამოხვალ და კორიდორის შუაში ჩემს ბინას დაინახავ. კორიდორს სუსტად ანათებს კუთხეებში დამაგრებული ნათურები, ხოლო ყვითლად შეღებლი კედლები სევდიან გრძნობებს იწვევს. ჩემდა საბედნიეროდ გავიცანი მეზობელი 201 ოთახიდან - კეტრინი. ტანადი და ყვითელთმიანი დიდთვალება გოგონა. მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს და საკმაოდ მეგობრული ადამიანია. ხო, მართლა, აი ახლა სწორედ მას ველაპარაკები.

- დიდი მადლობა ლუკას. მშენივრად გავატარე დრო.
- მეც აგრეთვე, კეტრინ.
- მისმინე, ერთი რამე მაინტერესებს..
- რა?
- გოგონა 203 ნომერი ოთახიდან.. ადრე გინახავს ოდესმე?
- არა, არასოდეს.
- ის ჩვენამდეც ცხოვრობდა აქ. მემგონი "ემილი" ქვია.
- ემილი? ასე ჩემს ყოფილ ცოლს ერქვა.
- "ყოფილი ცოლი"?
- ჰო.. მიწისძვრის დროს დაიღუპა..
- ოი, ვწუხვარ..
- ყველაფერი კარგადაა, არ შეიძლება ეს გცოდნოდა.. ამის მიუხედავად შენ ერთადერთი ხარ, ვისთანაც ამაზე საუბარი შემიძლია.
- ჰოო..
- ჩვენი მეზობელი ალბათ სახლშია. მის ფანჯრებში შუქი დავინახე.
- საინტერესოა რას აკეთებს.
- შეიძლება ჩვენს საუბარს უგდებს ყურს..
- უხ! ნუ ამბობ ესეთ რამეებს. ახლა მთელი ღამე არ მეძინება.
- ხა-ხა! შენა და.. იქნებ დაუკაკუნო კიდეც, ა?
- არა, არ არის საჭირო. ისე ფინჯან ყავაზე ხომ არ დამეწვეოდი?
- მადლობა, მაგრამ ხვალე ადრე ვარ ასადგომი სამუშაოდ.
- არა უშავს, მესმის.
- მართლა?
- კი. მაგრამ შემდეგ ჯერზე ვერანაირი გამართლება ვერ გიშველის.
- შენ რა, მეპატიჟები?
- ვცდილობ..
- სიამოვნებით მოვალ.
- ძილი ნებისა ლუკას.
- შენც ასევე..
მე დიდი ხანი არაა რაც კატრინს ვიცნობ, თუმცა მასთან დაახლოვება მშვენიერი სიჩქარით მიმდინარეობს.. იცი, მარტოხელა კაცისათვის კარგი.. რა? ეს რა იყო? თითქოს.. თითქოს ვიღაცის ჩურჩული მომესმა. რაო? ქალის ხმა იყო თითქოს.. არა, აშკარად დაძინება მჭირდება. არ შეიძლება ამდენი მუშაობა, ლუკას.. მაგრამ ვაი რომ უცებ დაძინება არ მეღირსება. ჩემს პატარა ოთახში ისეთი არეულობაა, რომ საწოლამდეც ვერ მიაღწევ კაცი. მაგიდა შუაში გამოვაჩოჩო.. ასე.. ეს რაღაა? ტანსაცმლიანი ყუთი საწოლის ქვეშ შევაგდო. ტუალეტის კარები სულ რატომ იღება, არასწორად დაამაგრეს კარები? კარებიც დავკეტე. მეორე ყუთი კარადაში შევტენე.. თითქოს ყველაფერი მოვრჩი. ა, ჰო, ბინის კარები ჩავკეტო და ძილი ნებისა, ჩემო თავო.

შემდეგი ნაწილი

Wednesday, April 6, 2011

Bazzillio - Happy B.Day 2 U!

ბაზილიო, გილოცავ დაბადების დღეს.. ბლა-ბლა-ბლა.. მაგარი დაღლილი ვარ და ესემესი ხომ მოგწერე და აბა შენ იცი, თმა არ გაისწორო, ფეხი არ მოიტეხო, ხრამში არ გადახტე, ყველაზე საყვარელი იყავი, ბოღმაც იყავი, ლუდიც სვი, ქალებშიც.. ანუ კაცებშიც.. ან ორივეშიც.. იარე. მოკლედ, შენი გაისწორე, მე ნებას გრთავ. :) სამი ამხელა გაიზარდე და მაინც ისეთი ლაღი იყავი, როგორიც ახლა ხარ. დალეულზე შენზე ხმამაღლა ვერავინ იმღეროს. სიმაღლისა ისევ გეშინოდეს და ხინკლის ჭამა არ მოგბეზრებოდეს. ა, მართლა, არ გეთქვას ფრაზა: "ეეერთი კაცი ძლიივს ვიშოვე დააა იიიისიც არ უქნია ღმეეერთს. გააგისკდეთ გული თქვეეენ" -ო. ვსო, წავედი მე..