Wednesday, March 6, 2013

მშობლიური და თბილი..

ნოემბერში მომიწია მაგთიზე გადასვლა. დაფარვის ზონის სიდიდის მიუხედავად ამ ქსელზე მაინცდამაინც კარგის თქმა არ შემიძლია. არც ცუდის, მარა მე, 2004 წელს რომ "ბალი" გავხდი, მას მერე რომ ერთი თეთრი არ მქონია დავალიანება, სამჯერ გავედი მინუსებში ამ მაგთის გადამკიდე. კრედიტი აიღეო - მირჩიეს ზოგიერთმა რაციონალურმა პიროვნებებმა. მაგრამ მე, რომელსაც ცხოვრებაში ვალი არ ქონია არასოდეს არავისი და არავისთან, კრედიტი ავიღო?


ხოდა დღეს ავწიე ჩემი აწ უკვე შემსუბუქებული ერთი ადგილი (რამეთუ წონაში ვიკლებ გეგმისამებრ), გავერთვი მაგთის ოფისში და ამოდენა ხალხის მიუხედავად საათი და 20 წუთის მერე მომიწია რიგმა. მომიწია, ესე იგი, რიგმა და იგივე ოპერატორმა გოგონამ, რომელმაც ამ რამოდენიმე თვის წინ ხელის გრაციოზული მოძრაობით მაგთიზე გადამაპორტირა, ასეთივე გრაციოზული მოძრაობით მოძებნა ჩემი ნომერი და აღმოჩნდა, რომ ეს ნომერი არ არსებობს.

აი, ზუსტად ასეთი სახე მქონდა. რას ქვია არ არსებობს, საუკუნეების მანძილზე ამ ნომერს ვიყენებ თქო. მერე მოძებნა პირადობით და გაირკვა, რომ ეს ნომერი აქვს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას კორპორატიულ ნომრად რომელიღაც თანამშრომლისთვის. მე კიდევ გამგეობაში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი ცხოვრებაში: ერთხელ სკოლაში თვითმმართველობიდან წაგვიყვანეს და მეორედ ქსეროქსის გადასაღებად შევედი.


საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პრობლემურებში გაარკვევდა ეს გოგო ჩემი ნომრის ამბავს, მე წავიდოდი სახლში და დამირეკავდა. ნახევარი საათის მერე ნანატრი ზარიც გაისმა - თქვენი ნომერი დაპორტირებულია ბალზე (უფრო ზუსტი იქნებოდა - დაბრუნებულია ბალზე), გამორთეთ ტელეფონი და ჩართეთ -ო. როგორც სურათიდან ჩანს, დიაღ, ნამდვილად ისევ ბალზე ვარ და მე მიხარია!


კარგად დააკვირდით ამ სურათს: აღარასოდეს ცხოვრებაში ასე აღარ იქნება! კარგია მშობლიურ და თბილ გარემოში დაბრუნება. ბალი სულ სხვაა!
  

No comments: