Wednesday, April 10, 2013

მხედველობა HD ში

მახსოვს პატარაობაში კარგად ვხედავდი ხოლმე. არ ვიცი გითხარით თუ არა, მაგრამ ერთ დღეს საქმე რომ არა მქონდა რა, ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ქუჩაში მიმავალი მანქანების სერიების ჩაწერა დავიწყე. ადამიანურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ 30 მეტრამდე მანძილზე საბჭოურ სერიას ვკითხულობდი, რომელც უფრო წვრილია, ვიდრე ახლანდელი ლათინური.

დვაცეტჩიტირი, დვაცეტდვა, გერერე

მეათე კლასამდე ჩემი მხედველობა უკან-უკან მიდიოდა. არ ვიცი, იყო ეს სწრაფად აყრილი ტანის ბრალი თუ გვიანობამდე და გრადამავალ პერიოდში წასული დენისას სანთლის შუქზე ნაკითხი წიგნების ბრალი - ყოველ შემთხვევაში როდესაც მე-10 კლასში როგორც იქნა დაითანხმეს დედაჩემი წავეყვანე ოკულისტთან, აღმოჩნდა რომ მინუს 4 მაქვს ასტიგმატიზმის გარეშე.


რაღაც უაზრო მკურნალობის მერე ექიმმა დამინიშნა -2,5 დიოპტრიის სათვალე. ამის მიუხედავად ამდენი წლის მერე პირველად დავინახე სამყარო HD-ში! თითოეული ფოთოლი ხეზე - ხეები ნაწილებად დაიყო, აღარ იყო მწვანე და ყავისფერი ნადღაბნის ჯამი. ადამიანებმა სახეები შეიძინეს.. კაროჩე მაგარი იყო. მარა მერე ჩემმა დამ დაადო ზემოდან საკერავი მანქანა და.. :(


მოკლედ, თავი რომ გავანებოთ სათვალის ორჯერ გამოცვლას და შემოპარულ ასტიგმატიზმს, 2012 წლის ნოემბერში, გადმოვედი რა თბილისში, წავედი რონიკოში და შევუკვეთე ლინზები. ლინზები დეკემბერში ჩამოვიდა, დაახლოებით 2 კვირაში. 150 ლარი დაჯდა 3 წყვილი და აი, გუშინდლამდე არ მქონდა გაკეთებული.


ვერასოდეს გაიგებთ იმ გრძნობას, როდესაც მთელი ცხოვრების მანძილზე შავი სათვალის გაკეთება გინდოდა/გჭირდებოდა ადამიანს და ვერ იკეთებდი, ახლა კი გაიკეთე. რამდენიმე წუთით მეგონა რომ ყველაფერი შემეძლო. სათვალე ხელს უშლის მკვეთრი მოძრაობების შესრულებას. ახლა კი შემეძლო მერბინა, ხეზე მეცოცა, წყალში ჩამეყვინთა და მაინც კარგად დამენახა ყველაფერი. შემეძლო წვიმაში მევლო და არაფერი წვეთი არ შეუძლიდა ხელს მხედველობას, არ გახდებოდა გასაწმენდი დაორთქლილი სათვალე, არ მომიწევდა წარამარა მისი სწორება.


და ეს ყველაფერი არაა. საუკუნეთა მანძილზე მინდოდა 3D ფილმის ნახვა და აი, ვნახე და განვიცადე მთელი მისი არსებით კაცობრიობის ეს მიღწევა. სრულიად მოულოდნელად ეკრანიდან ცეცხლის ნაპერწკალი წამოვიდა, წინ ჩემსკენ გამოემართა და ზუსტად თვალწინ დაიწყო ფარფატი. ხელითაც კი შევეხებოდი ასე მეგონა. შემეძლო გამეხედა ეკრანის ერთი კუთხიდან მეორემდე და ზუსტად ისე ამობურცულად და რეალურად დამენახა ობიექტები, როგორც ეს რეალობაში ხდება. ეს იყო მხედველობა Full HD ხარისხში.


და თუმცა ლინზების ჩასასვავად მთელი საათი (მემგონი მეტიც) ვიწვალე, რამდენჯერმე დამივარდა, ვერ დავუმუღამე თვალი არ დამეხუჭა და წარა-მარა ხელებს ვიბანდი, წვალება ამად ღირდა. სამწუხაროდ საღამოს სარკეში რომ ჩავიხედე უცნაურად ჩაწითლებული ჩემი თვალები დავინახე, მაგრამ პერიფერიული მხედველობის აღდგენა, ნორმალური ადამიანივით სიარული ქუჩაში და მომავალი პოტენციალი (აირსოფტი, დაივინგი, პარაშუტით ხტომა) ამად ღირს.

No comments: