Monday, September 20, 2010

ჩემი სტრაიკბოლის პირველი თამაში

სტრაიკბოლის ისტორიით დავიწყოთ. 1945 წელს კაპიტულაციის შემდეგ იაპონიას აეკრძალა იარაღის ქონა. თუმცა ქართველებისა არ იყოს და იაპონელებიც მაგარი ნიჭიერი ერია, ეგაა ზარმაცები არ არიან. ხოდა მოიგონეს ნამდვილის ზუსტი ანალოგი (ზომა, წონა, აქსესუარები) სათამაშო იარაღების წარმოება და მისით ვარჯიში. შემდეგ ეს დისციპლინა უფრო ფართოდ გავრცელდა და შემოაღწია საქართველოშიც, სადაც არსებობს

საქართველოს აირსოფტის ფედერაცია (G.A.F). ფედერაციის საიტი იხილეთ აგერ, ხოლო მოკლედ რომ გითხრათ, ესაა ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანთა გაერთიანება, რომლებსაც ერთი მისწრაფება აქვთ: ითამაშონ ომობანა. ოღონდ ომობანა რბილად ნათქვამია, ეს თამაში ხომ სამხედრო წვრთნას არაფრით ჩამოუვარდება. წვრთნისათვის დაგჭირდებათ მინიმალური აღჭურვილობა, რაც გულისხმობს იარაღს და სათვალეს. ყურადღება! დაუშვებელია სათვალის მოხსნა საწვრთნელ პოლიგონზე მისვლიდან წამოსვლამდე. ბრმა პლასტმასის ტყვიას თავისუფლად შეუძლია თვალის გამოთხრა. უკეთესი აღჭურვილობა კი უკვე თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული. მე მაგალითად საშუალო დონის აღჭურვილობით ვიყავი და ეს გულისხმობდა ავტომატ მ4-ს 130 დოლარად, ტყვიებს 15 ლარად, დამცავ ნიღაბს 50 ლარად, კოლიმატორს 80 ლარად, თათმანებს 20 ლარად და კომუფლიაჟს 50 ლარად. (სულ დაახლოებით 250 დოლარის ამბავია)
პირველი შთაბეჭდილება, რომელიც დარჩებოდა შეკრების ადგილზე მისულ ადამიანს, ეს იქნებოდა შეშფოთება. წარმოიდგინეთ მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 70 სამხედრო ფორმაში ჩაცმული და ზოგი იმდენად კბილებამდე შეიარაღებული, რომ წყლის თერმოსებით ზურგზე და სამუხლეებითაც კი აღჭურვილი გაურკვეველი მიზნების ახალგაზრდობა, რომლებიც იარღებს იქნევენ, დადიან, უმიზნებენ და რაც ყველაზე გულის გასახეთქია - ისვრიან კიდეც. თუმცა მცოდნე კაცისთვის ესენი ახლობელი ადამიანები არიან. ესენი ისინი არიან, ვისთან ერთადაც შემდგომში მოგიწევს

 შეკრება. მინდა შენიშვნა დავწერო და 10 საათზე დაბარებული ადამიანი რომ მოვედი 10 საათზე და სადღაც საათნახევარი ველოდე ხალხის შეკრებას, ამას დისციპლინა არ ქვია მემგონი. ხოლო თვითონ ბრძოლა კი ასე მოხდა: თავიდან იყო სცენარი. მაშ ასე, წარმოიდგინეთ, 3 სახლი სადღაც 3 ჰექტარ ფართობზე, ტყიანი, ხევიანი, გზიანი, მინდვრიანი.. კაროჩე, მაგარ ცვალებად გარემოში. ამ სამი სახლის გარდა კიდევ არის შენობები, ხოლო ამ სახლებში ინახება ტვირთი, რომელიც შემტევმა ჯგუფმა უნდა გამოიტანოს. თავის მხრივ სახლებს იცავს და დანებებას არ აპირებს მეორე ჯგუფი. შემტევი ჯგუფი იყო ორი და ორივე მტრულად განწყობილი. მოკლედ, სცენარი ისე იყო, რომ ესროლე ყველაფერს რაც მოძრაობს თუ ის შენიანი არაა. :)
ახალბედები, რომელთა ძირითად ნაწილი ჯგუფ "ამბრელა"-ში მოვხვდით, აღმოვჩნდით შემტევ ჯგუფში. მეთაურმა დაგვყო მზვერავ და მათ მიმყოლებად და წავიდა ბრძოლა. საერთოდ ეს არ აღმოჩნდა ქოლ ოფ დუტი ან მედალ ოფ ჰონორი ან თუნდაც იგივე გადაღეჭილი ქაუნთერ სტრაიკი. ტყე.. თითო ნაბიჯის დადგმა სამშობლოს გამყიდველ ხმას გამოცემს. ნელ-ნელა ხევი ციცაბო ხდება. ნიღაბი სუნთქვას უშლის ხელს. ხოლო დაორთქლილი სათვალიდან თითქმის არაფერი ჩანს. წინ მზვერავი მიდის. უკან 4 მებრძოლი მივყვებით.. მოხრილი ხელი და მუშტი! ადგილზე გავიყინეთ. ორი კაცი წინ და ქვემოთ წავიდა სადარაჯოდ, დანარჩენები ავფოფხდით მაღლა. შენობა.. სიჩუმე.. გულის ბაგაბუგი მესმის. ღრმად გინდა სუნთქვა მაგრამ ჯერ ერთი ნიღაბი არ იძლევა ამის საშუალებას და მერე სუნთქვა სამშობლოს გამყიდველ ხმას გამოსცემს გგონია. დაძაბული ვუსმენთ. სიჩუმეა. ვაგრძელებთ გზას. თითქმის ჩაკუზული ვმოძრაობთ. ოხ ეს ხმელი ტოტები. და უეცრად 9 საათზე აშკარა კამათის ხმა მოაქვს ქარს: "..მარცხნივ უნდა წავსულიყავით.. არა შეჩემა.. 11 საათზე მარჯვნივო.. მერე 11 საათი მარჯვნივაა? .." მეტის მოსმენას აზრი არ ქონდა, მთელი "ამბრელა" ხევიდან ამოვიპარეთ და უახლოეს შენობაში გავმაგრდით. ვაგლახ, არასწორში. ტვირთი მეორე შენობაში იყო.
შენობის პირველ სართულს 5 ფანჯარა ქონდა და ერთი კარი. თითო ფანჯარას თითო კაცი დარაჯობდა. მეთაური როგორღაც მეორე სართულზე ავსვი. და მერე გულის ბაგაბუგი გადაფარა ჩურჩულით ნათქვამმა: "მოდიან". ისაა გავიფიქრე "ჩერეზ მოი ტრუპ" თქო და ფანჯარაში ავტომატის ლულა გამოჩნდა. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, როდესაც ამ ლულიდან ტყვიების წვიმა წამოვიდა. აი მაშინ კი ვიკადრე ჩაკუზვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო: რიკოშეტიდან წამოსული ბურთულა აშკარად მომხვდა. ამის უარყოფა ჩეტერობაა, ჩეტერობა კი ყველაზე არაღირსეული საქციელია აირსოფტში. ასე რომ ავწიე იარაღი და გამოვედი გარეთ. გარეთ მყოფმა მტერმა დროულად ვერ დააფიქსირა აწეული იარაღი და ისე მომხვდა 20-მდე ტყვია რბილ ადგილებში, თქვენი მოწონებული. თავს იმითღა ვიმშვიდებდი, რომ პირველია და ვარჯიში მაკლია და გამოცდილება და ჰაი და ჰუი და უცებ ვხედავ მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანი, გამოცდილი და მრავალგზის ნაომარი "მკვდარი" ზის ხესთან და ისეთ ცუდ რამეებს ამბობს ამ თამაშზე, ყურო ნუ გაიგონებ. როგორც აღმოჩნდა "ბრაზერჰუდს", რომელსაც წესით შენობა უნდა დაეცვა, გზა შეშლია, მთელი ხევი გადაუვლიათ, თან ფოტოგრაფი გოგონაც უტარებიათ და სწორედ მათი "11 საათზე" საუბარი გავიგონეთ მზვერავებმა.მერე უკან წამოსულები ჩვენმა ბუჩქებში ჩაწოლილმა მებრძოლებმა "მოხსნეს" და სწორედ ამიტომ იყო ცუდ ხასიათზე ზემოაღნიშნული მეთაური.
საწყის პოზიციაზე, ე.წ. რესპაუნზე წამოსულებმა დიდხანს ლოდინს ერთი პატარა პარტიის წათამაშებაც გადავწყვიტეთ. ახალი სცენარი ასეთია: შენობაში გამაგრებულია დაცვა და შეტევამ უნდა აიღოს შენობა. დაცვაში სადღაც 10 კაცამდე იყო და შევიდა შენობაში. აი მთელი დანარჩენი ბატალილიონი, სადღაც 40 მებრძოლამდე ისროდა და ისროდა შენობის მიმართულებით. რატატატატატა! ორი კაცი მოემზადაა! არატატატააა! ტყისკენ გაიქ.. ცარატატარტატატაა! (ორი კაცი ტყეს შეეფარა, რომ შენობას უკნიდან მოუაროს). შემდეგი ორი კაცი. რატატატატააა! მოემზადაა! (მოვემზადე) წავიდა! რატატატატაა!.. ისაა გაქცევა დავაპირე და ყოველი შემთხვევისათვის შენობისათვის ცეცხლის გახსნას ვაპირებდი, რომ უეცრად ისეთი ბრაგვანი მივიღე შიგ შუბლში, რომ ნიღაბი შეირყა და მასთან ერთად საფუძვლიანად შეირყა ჩემი საბრძოლო სულისკვეთება. ნათელია - სუფთად მომკლეს. ეეე.. ავწიე ისევ ავტომატი და მოვდივარ უკან. მერე ვხედავ, ის ორი კაცი, ტყეში რომ შევიდა, უკვე კარებთან დგას. მერე ერთმა ხელი გაიქნია კარებისკენ და ისეთი იბათქუნა რაღაცამ, ხევმა ორჯერ მისცა ექო.
შენობა აღებულია. მე კი უცებ გამახსენდა, რომ დილის 10 საათიდან და აი უკვე 4 ხდება ლუკმა არ ჩამიდია პირში. არადა ცხელა. თან მწყურია. თან მეფსია. თან მეფიქრება, გორში წამოსვლას თუ მოვასწრებ დღეს თქო საერთოდ. კიდევ კარგი ნიკა, რომელმაც პოლიგონზე ამომიყვანა (ღმერთიც გაახარებს, მაგარი კაცია), ისიც მასე ფიქრობდა. ერთი კაი ხინკალი.. იფ, იფ.. კაი, მშია რა! კატლეტი? კარტოფილით.. იფ, იფ.. ააა, გაჩერდით! იფ იფ.. :) დღე რომ შევაჯამოთ, სამხედრო ნათლობა მივიღე. ცუდი ისაა, რომ არც ერთი ტყვია არ გამისვრია მტრისკენ. ფიზიკურად ვერ მოვასწარი. არადა მეგონა რეაქცია კარგი მაქვს თქო. არადა "მშიერი ჯარისკაცი ცუდი კარისკაცია". ლეიტენანტ წიკოს თუ დავუჯერებთ "ჯარისკაცს არ შია, არ სცივა, არ ეძინება". იმედია ეს თვისებები თანდათან გამომიმუშავდება. ახლა კი ველოდები შემდეგ წვრთნას. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.

2 comments:

Anonymous said...

იმედია მეღირსება მეც ოდესმე სტრაიკის თამაში –)

Anonymous said...

გურო რიკოშეტით რომ მოგხვდება ეგ არ ითვლება.. ასე რომ ჩეთერობაც არაა თუ პირდაპირ მოგხვდება ტყვია მაშინ გამოდიხარ თუ იარაღში მოხვედრაც არ ითვლება მკვდრად კონდახი თუ გაქვს მხარზე მიბჯენილი და კონდახს მოხვდა მაშიინ ითვლები მკვდრად.. ასე რომ შემდეგი თამაშისთვის გაითვალისწინე :) მშვენიერი თამაში გამოვიდა ამ კვირას : )

რაც შეეხება პოსტს მშვენიერია, საკმაოდ კარგად გადმოეცი პოლიგონზე მომხდარი ვითარება
ბრავო!!!

tateos