Monday, October 18, 2010

მე და ღმერთი

მე არა ვარ რელიგიური.

არარელიგიურში იგულისხმება, რომ არ დავდივარ წირვაზე, არ ვიცავ მარხვას, არ ვიცნობ წმინდანებს (გარდა რამდენიმესი) და საერთოდაც, ბავშვობა გავატარე კომუნიზმის ეპოქაში და ცოტა კომუნისტი ვარ. კომუნიზმი თავისთავად ათეიზმია. მაგრამ მე მწამს მოვლენების. და მწამს ინტუიციის. შეიძლება ეს ყველაფერი ერთად არის კიდეც ღმერთი, ისევე როგორც სიყვარული არაა ცალკე გამოყოფილი გრძნობა და რამდენიმეს ნარევია. ჰო, სიყვარულზე და ღმერთზე იმას ვიტყვი რომ სკოლაში რელიგიას გვასწავლიდნენ მე-10 კლასში, სადაც რელიგიის მასწავლებელმა, რომელიც რუსულად საუბარს გვიკრძალავდა, ასე გვითხრა: "კაროჩე, ღმერთმა ადამიანი შექნა სახედ თავისად და რადგან ღმერთი არის თვითონ სიყვარული, ზნაჩიტ ადამიანმა თავის ცხოვრება სიყვარულში უნდა გაატაროს"-ო (ეს სიტყვები ერთმა კლასელმა დააპრიკოლა და მას შემდეგ დავფიქრდი "მგელი და კრავის" იგავზე)

რაღაცა არსებობს. არა, მე მთელი ტანით ვგრძნობ მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ რაღაცა არსებობს. კი, მიყვარს ამ ფრაზის ჩაკვეხება, როდესაც უაზრო პასუხი აღარ მაქვს უაზრო კითხვაზე ან ამ უაზრო საუბრის დამთავრება მინდა, მაგრამ მართლა არსებობს რაღაცა. ეს რაღაცა მთელი ცხოვრება მეხმარება. ჩემს სასარგებლოდ ლაგდება მოვლენები, ხანდახან მეშინია რამის ძლიერად ნატვრის, იმიტომ რომ დიდი შანსია მისი ახდენის, რაღაც უხილავი წინ მიდის და გზას მიწმენდავს. და მიჭირს იმის დაზუსტება, ეს კეთილი ძალაა, ჩემი გაკეთებული საქმეების ექოა და ბოროტი ძალაა (სამხედრო სწავლებიდან: ..თუ გრძნობ, რომ ბრძოლა მარტივი გახდა და წინ წასულს წინააღმდეგობა არ გხვდება - შენ ალყაში მოქცევის საფრთხე გემუქრება)

ხოო, ვაღიარებ, ცრუმორწმუნე ვარ და მწამს ნიშნების. მწამს იმის, რომ ფოდრათზე წასულს მაღაზია დაკეტილი დამიხვდა, ეს იმის ნიშანი იყო რომ ზედმეტი ფულის შოვნა უნდა ამომეგდო თავიდან. შემეძლო დავლოდებოდი რამდენიმე წუთი და გაიღებოდა, ჰო? მაგრამ მე ნიშნების მწამს. მწამს, რომ როდესაც ცეცხლის გულის დასანთებად მისულს ზუსტად მისი სახლის წინ ვეება გუბე დამხვდა, ეს ნიშანია და ამ გეგმაზე ხელი ავიღე. მწამს, რომ თუ ბოლო ჩაკიდული საქმე არქივში მიმდინარე კრედიტი არაა, ის დღე ცუდად ჩაივლის (4 წლის მანძილზე არც ერთხელ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა). და მე მწამს რომ რაღაცა არსებობს.

ჯერ კიდევ კომუნიზმი იყო თუ კუპონობის პერიოდი იყო, როდესაც წავიკითხე წიგნი "წმინდა ბუნაგი" - ესაა 600 გვერდზე მეტი სიდიდის წიგნი, სადაც ძალიან მხატვრულადაა აღწერილი რომის პაპთა გახრწნილი ცხოვრება და ხალხის უგნურება. ამას დაემატა "ულენშპიგელის თაგადასავალი" - უზარმაზარი მწვანე წიგნი, სადაც ერთი უბრალო გლეხის თვალით არის დანახული ინკვიზიცია, ინდულიგენციები და მსგავსი რელიგიური მამაძაღლობები. საბედნიეროდ ახლა ასეთი რამეები აღარ ხდება. მადლობა ვუთხრათ სამეცნიერო პროგრესს. თუმცა ჩემი აზრით თუ ისევ ბრმა მორწმუნეები გავხდებით.. თუმცა მახსენდება "..ვერას გიშველიან ის ციხეები, რომელთაც აშენებ ზურაბ სპასალარო, შენ". როგორც გითხარით, მწამს რომ რაღაცა არსებობს.

ბოლოსკენ მინდა რელიგია და მეცნიერების საკითხს შევეხო. ადამიანს ისეთი ფსიქიკა აქვს, რომ სასწაულები სჭირდება. საერთოდ არ უნდა ადამიანს რელიგია და რწმენა, მას უნდა სასწაული, შოუ უნდა. სასწაული არის დასტური იმისა, რომ ესა თუ ის პერსონა მართლაც განსაკუთრებულია. თუმა ზოგისთვის სასწაული შეიძლება ილუზიონისტის ტრიუკიც იყოს. მთავარია კარგად შეიფუთოს ეს ტრიუკი. ხოდა იმას ვამბობდი, რომ მეცნიერების აღორძინებამ არ ჩაახშო სასწაულის მოთხოვნის აუცილებლობა ადამიანში. ახლა სასწაულს მეცნიერულ ახსნას უძებნიან. იცი, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თურმე.. და აქ რაააც გინდათ ის თქვით. მეცნიერებმა დაადგინეს და აბა ვის ეყოფა იმის არასიზარმაცე, რომ წავიდეს და გადაამოწმოს, მართლა დაადგინეს რომ სატურნზე სიცოცხლეა? რომ მთვარეზე წყალია და რომ მარსზე შეიძლება კატამ იცხოვროს? (კატამ იმიტომ, რომ მეცნიერებმა დაადგინეს, მას ისეთი ხერხემალი აქვს და ისეთი ფეხის ბალიშები, რომ ადვილად გაუძლებს მარსის საშინელ გრავიტაციას.. აქვე ვიტყვი, რომ მარსს 3 ჯერ ნაკლები მიზიდულობა აქვს, თითქმის არ აქვს ატმოსფერო და კატა კი არა, ვირუსების კვალს ეძებენ გაფაციცებით, ეგება რამე ცოცხალი ქე მაინც აღმოვაჩინოთო)

პოსტი ეხმაურება ერთ-ერთი დამკომენტარებელის თხოვნას დამეწერა ჩემი მიმართება რელიგიისადმი. თუ გაქვთ ნაყურები "დაღამებიდან გათენებამდე" (ატ ზაკატა და რასსვეტა), იქაა ასეთი ღვდელი, რომელიც აღიარებს, რომ ის ეჭვებში ჩავარდნილი ღვთის მსახურია. აი ასე ვარ მეც. მე ვარ გარდამავალ პერიოდში დაბადებული ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში უნერგავდნენ რომ ღმერთი არ არსებობს, მერე ყმაწვილობაში არკვევდნენ არსებობს თუ არა, ახლა უჩიჩინებენ რომ ღმერთია მთავარი და აბა რამე თქვი საწინააღმდეგო.. სავარაუდოდ ველოდები გურჯისტანულ კომენტარებს, სტრელკების დანიშვნას და მსგავს ხუინობებს. "..მე ჩემი ფიქრები ძირს გაგიფინეთ. და ფრთხილად იარეთ, რამეთუ ძვირფასნია ისინი ჩემთვის"

პ.ს. ელფო, მინდა იცოდე რომ ძალიან გამიხარდა შენი ყურადღება. არ მეგონა საერთოდ რომ ასე დაინტერესდებოდი. მინდა გითხრა, რომ ახლა შენელებული ბომბის რეჟიმში ვმუშაობთ. როდის აფეთქდება, კაცმა არ იცის. ალბათ რაღაცა არსებობს, არა?

2 comments:

Anonymous said...

მადლობ პოსტისთვის;)

Anonymous said...

karqi xar tak derjat! zik.