Saturday, October 16, 2010

სუფრასთან გაგებული ამბები

ქართული სუფრა აკადემიააო - ეს ფრაზა ზეაღიზიანებს ერთ სულიერს, მალენკი რომ ქვია მეტსახელად და ნინოს რომ ეძახიან სახლში. აკადემიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ იდეაში სუფრა უნდა გართობის წყარო იყოს.. (სწორად ჩამოვაყალიბე აზრი ნეტა?) სუფრის გენდერულობის (ქალები ცალკე, კაცები ცალკე) და ბოლოს გალეშვა-ჩხუბის ისტორიებს თუ გავცხრილავთ, მივიღებთ საინტერესო ისტორიების კრებულს, რომელიც ახლა მინდა მოგიყვეთ. ზოგიერთი ისტორია შესატანია მწარე ტკბილად მოგვაგონდეს სადღეგრძელოში, ზოგი ანეგდოტებში.. აბა, ვკითხულობთ.

  • ამბავი თამადისა და პისტოლეტისა.
გავიხედოთ და ერთ სოფელში ერთი ძალიან განთქმული თამადა ყოფილა. აი კაი 200 კაციან სუფრებს რომ უძღვება და ხმას რომ არავინ იღებს. ეხლა რომ არის, ისე კი არა.. მოკლედ, ტიპი კარგადაც ცეკვავდა, კარგადაც ამბობდა სადღეგრძელოებს, მღეროდა, აცინებდა ხალხს.. და ქონდა პისტოლეტი. როდესაც შეატყობდა რომ რაღაც ძალიან ღეღელაობსო სუფრა, აიღებდა და ჰაერში ისროდა და ასე აჩუმებდა ხალხს. ხოოოტა, ერთხელაც ეს ჩვენი გივი (ასე დავარქვათ) უძღვება კაი დიდ ქორწილს. ერთი მეათე სადღეგრძელოა და კაცო, ეკუება თამადას. ეკუება, ვეღარ იკავებს თურმე. რა ქნას, რა ქნას და ამოიღო პისტოლეტი და ჰაიტ! სმენა იყოს და გაგონებაო და გამოკრა სასხლეტს და გააკუა კიდეც.. მარა ამ ოხერმა პისტოლეტმა ასეჩკა არ მისცა?! (მისფაია, ყალბი სროლა, როდესაც იარაღი იჭედება და არ ისვრის) არადა გააკუააა! დედა მოუვა, სოფლის ბოლოში ისმოდა ხმა თურმე. წამოხტა ეს საცოდავი და გადაიხვეწა საერთოდ წავიდა სადღაც. გავიდა ხუთი წელი, მოენატრა სოფელი, რა მოხდა ახლა, ერთი გავაკუე, იქნება არც ახსოვდეთო და დაბრუნდა უკან. თან ფიქრობს, აბა ხალხს ვკითხო თუ ახსოვთ რამეო. იქვე ბალღები თამაშობდნენ. დაუძახა, მოდი ბიჭი ჩემთანო. აბა რამდენი წლისა ხარო? რამდენი წლისა ვარ ბიძია არ ვიცი, მარა დედაჩემი ასე ამბობს, აი გივი თამადამ რომ გააკუა, კაკრას მაგ ღამით გაჩნდი შენაო.

  • ჩეჩნური ტრადიციები
..ერთხელაც ჩვენი ქარხნის დელეგაცია წავიდა გროზნოში იმათი რაღაც ქარხნის დელეგაციასთან.. ამას გიყვები ტოლი სამოცდაცამეტი, ტოლი სამოცდა თხუთმეტი წლებია რა. ხოდა იმათი ქარხნის დირექტორმა დაპატიჟა ახლა ჩვენი ქარხნის დირექტორი სახლში. გაიშალა სუფრა, წავიდა სმა, ჭამა.. ამ მასპინძლის ცოლი კაცო, ვაფშე არა ჩანს რა. ხოდა ამ ჩვენი დირექტორის შოფერი იყო იქ, გარეთ ხომ არ დავტოვებდით.. რა ერქვა? ცაცო? ა, ცუცა ხო! ხოდა ამ ცუცამ ახლა, აბა ერთი სადღეგრძელო მეც მათქმევინეთო. ნუ, დაუსხეს. ესეც წამოდგა და ამბობს: ამ ჭიქით, ჩემო კეთილო მასპინძელო, ქალები მინდა დავლოცო და შენი ლამაზი მეუღლის თამადობით ყველა ლამაზ ქალს გაუმარჯოსო.. ეე, დაიღუშა ეს ჩეჩენი, რა მითხარიო? ამ ცუცამაც აიღო და კაი რიხიანად გაიმეორა. თურმე იმ ჩემისებთან ცოლის ხსენება კი არა საერთოდ არ უნდა ამოიღო ხმა ქალებზე. გინდა ცოლი გიგინებია თურმე და გინდა სადღეგრძელო გითქვამს. ხოდა წამოხტა ეს ჩეჩენი დირექტორი, გააღო კარადა, გადმოიღო თავის სიგრძე ხმალი და აი მანდ მივხვდით რომ ვერაა საქმე კარგად. მე აქეთა ხელში ვეცი, ჩვენი დირექტორი მეორეში, აბა შენი ჭირიმე და აბა შენ გენაცვალე და.. ეს ცუცა საერთოდ ფანჯრიდან გადახტა. ჩეჩენი არა ჩერდება, მოიყვანეთ უნდა თავი მოვაჭრაო. მერე ნელა, ნელა ავუხსენით, ჩვენთან ქალების დალოცვა ტრადიციაა, ჰაი, ჰუი.. ორი დღე ეგრე ქონდა ხმალი ამოღებული, სადაც ვნახავ, კურდღელი უნდა მოვაჭრაო. ეს კაი მარა ახლა ცუცა დაიკარგა. წასულა ტყეში სადღაც, იმდენი ურბენია, სად იყო თვითონაც ვერ იგებდა. მერე ჩეჩენმა თქვა, კაი არ მოვკლავ, მარა არ დამანახოთ თვალითო.
  • ოჯახის კაცი და საყვარელი
ახლა იქნება ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილებზე მარტო კარგს ამბობენ და ხანდახან პარადოქსულად კარგს.

..- ასე იგი, აგერა ქალი რო მიდის, ხედამ შენა ბიჯო?
- ჰო, მერე?
- ეგა ხო იცი ვისი საყვარელი იყო?
- ვისი კაცო?
- აი, ჟესტიანჩიკი რომ იყო, ტრამპურჭაანთ ჟორა (დავარქვათ ასე), იმისა.
- რას ამბობ კაცო? ვიცნობ მე მაგას.
- აბა მააშ! რა ოჯახის კაცი, რა თავშეკავებული..
- აბა, აბა! რასაც შრომობდა სულ სახლში მიქონდა, სულ ოჯახზე იყო გადამკვდარი..
- რა დაემართა მერე ბჯო?
- რა ვიცი, ე ქალი ყავდა მემგონი წაყვანილი საღაცა, მწვადი ჭამა, გადაუცდა ყელში და დაიხრჩო კაცო!
- არადა რათა ჰა? მარა ეგრეა, ღმერთსაც კარგები უნდა..
ამ დროისთვის სულ ეს იყო. შემდეგში შევეცდები ჩავიწერო სათაურები მაინც სუფრაზე მოსმენილი ამბების და დავწერ ხოლმე პერიოდულად. ამავე დროს ვზროსლ ხალხთან ქეიფი გაცილებით სასარგებლო და საინტერესოა ვიდრე პაცან-პუცანებთან. :)

1 comment:

Anonymous said...

bheheh bevri vicine, stilnis moyolili istoriebi gamaxsenda,, eh........ ;(

zik.