Monday, April 18, 2011

არსაით - ნაწილი 4

წინა ნაწილი

პირველი ნაწილი

ბნელში

ჩამოხეული ჭერი. საუკუნის წინ გაკეთებული რემონტი. ისევ ის საზიზღარი სუნი და ისევ ტანსაცმლიანი დასძინებია. კარადის თავზე გაკრული წარწერა ისევ იმუქრებოდა "ახლა უკან გზა აღარაა!", ხოლო მაგიდაზე გადაშლილ დღიურში სრულიად სხვა წარწერა დახვდა: "ოთხშაბათი. 13 ოქტომბერი. ადამიანი მანამ წასულა, სანამ მე დავბრუნდი სახლში. მემგონი სოფიას იცნობს, გუშინ სუნამოს სუნი უდიოდა. სოფია აღელვებული ჩანდა, რომ ეს წავიდა". გადაწყვიტა გარეთ გასულიყო. ისევ დაიჭრიალა კარებმა და ისევ ტყეში აღმოჩნდა. ხეები ტოტების გარეშე. სინათლისა და სიბნელის თამაში. აბსოლუტური სიჩუმე. ნაბიჯების ხმაც კი არ ისმის. და ღრუბლები. ხეების სიმაღლეზე ჩამოსული პატარა და ბევრი ღრუბელი. რამდენიმე წამს ცოცხლობენ და შემდეგ სხვაგან ჩნდებიან და ასე დაუსრულებლად. სიჩუმე. ჯიბეში ტუალეტში ნაპოვნი გასაღები იგრძნო. კბილების გასწვრივ წვრილი შრიფტით ეწერა "ქალაქის ციხე". გასაღები ისევ ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა. ასიოდე მეტრის გავლის შემდეგ ჯონს უზომოდ მოუნდა ვინმესთვის მოეხმო საშველად. "ჰეი, არავინა ხართ?" - დაიყვირა და ტანში გასცრა: ტყის სიღრმეში განათებულ ადგილზე საშინელი არსება შენიშნა.

რა იყო ეს? თითქოს ადამიანი რაღაც ძალამ აიღო და ორ ნაწილად აქცია. ფეხები ნორმალური ადამიანის ქონდა, ჯინსი ეცვა და კედები. მაგრამ ზედა ნაწილი.. მკვდრისფერი კანი, მოცახცახე, წვეთის ფორმის ტანი, მხრებზე თითქოს სხეულიდან ამოსული კანგადაკრული ტოტები, პაწაწინა ხელები, პირამიდავით თავი და უზარმაზარი თვალები ამ თავზე. არსებამ სულ ახლოს გაუარა და ჯონს მისი ქშენაც კი მიწვდა. წოპთავა განათებული არის კიდემდე მივიდა, ცოტა ხანი იცახცახა და მერე უკან მიბრუნდა განათებულში. "მემგონი სინათლე ხელს უშლის ჩრდილში დაინახოს რამე" - ჯონის იმედის ნაპერწკალი აენთო - "თუ სიბნელეში დავრჩები, შევძლებ გაღწევას". მუხლებზე დავარდნილმა შემდეგ ხესთან მიჩოჩება შეძლო, რომ წოპთავა მისკენ გამოემართა. მხოლოდ ნერვების უკიდურესი დაძაბვით შეძლო ჯონიმ არ დაეყვირა მის წინ ერთ მეტრში გაჩერებული უზარმაზარი თვალების დანახვაზე. არსებამ ცოტაც იცახცახა მის ცხვირწინ და ისევ უკან გაბრუნდა.
ალბათ ნახევარი საათი დაჭირდა ჯონს, რომ საშინელება შორს მოეტოვებინა და ისევ იმ არასტუმართმოყვარე კოლიდორიან კედელს გადააწყდა. თითქოს სახლში იგრძნო თავი. კედელს დაიმედებული გაყვა. აი, ის უადგილოდ დადგმული აბრაც.. აბრის ძირში მოკლეტარიანი ცული დაინახა. ასეთ ცულს ხის წვრილი ნაფოტების დასაჭრელად იყენებენ, თუმცა ასეთივე წარმატებით შეიძლება გამომდგარიყო თავდაცვისათვის. ჯონიმ გადაწყვიტა თან წაეღო ეს იარაღი. ცული ტარზე მიმხმარი სისხლისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, იმ არსების მერე ფიქრობდა, რომ ვეღარაფერი გააკვირვებდა. თუმცა ტყის ბილიკი ერთ ადგილას ბუჩქით იყო გადაღობილი. ადრე ეს ბუჩქი აქ არ იყო. თან.. თან ეს ბუჩქი რაღაცნაირად თვითონ ჯონის გავდა.. კაცმა მხოლოდ ახლა დაინახა, თუ როგორ ნთქავდა განათებულ ადგილებს სიბნელე და უხილავი შავი მასა მისკენ მოიწევდა. სხვა გზა არ იყო - ჯონიმ ბუჩქს ცული მოუქნია.
ბუჩქმა სრულიად მოულოდნელი რეაქცია გამოავლინა. ის ორად გადაიჭრა, მისი შუიდან სისხლის ვეება შადრევანი ამოიფრქვა და ჯონიმ იგრძნო, რომ რაღაც უხილავი ძალა შემოვიდა მასში, რაღაც ძლიერი და უდრეკი. შეგრძნება ყოველდღიურების რიგებიდან არ იყო, თუმცა მისით ტკბობის საშუალება დიდხანს არ ქონია - შავმა მასამ თითქმის მიაღწია მას. გაიქცა. ნაბიჯების ხმა ისევ არ ისმოდა. ღრუბლები თითქოს კიდევ უფრო დაბლა ჩამოსულიყვნენ და ხელს უშლიდნენ გზის კარგად დანახვაში. აი ეს ხეც, ეს ბუჩქიც, ცოტაც და განათებული ადგილი გამოჩნდა. ამ ადგილამდე სიბნელეს ჯერ არ მოეღწია, თუმცა.. ორი მოცახცახე წოპთავა დასეირნობდა ველის შუაგულში. გაპარვის შანსი არ იყო - ადგილი მეტად განათებული ჩანდა არსებების ვეება თვალებისათვის. ჯონიმ გადაწყვიტა ეაქტიურა. განათებულის კიდესთან დაელოდა ერთ-ერთ წოპთავას და შეატყო თუ არა, რომ მან ცახცახი შეწყვიტა და უკან გაბრუნებას აპირებდა, მთელი ძალით მოუქნია ცული თავში.

სულის შემზარავმა კივილმა გააპო არემარე და თითქოს ნაწილებად დაშლილი წოპთავა დაენარცხა მიწაზე. შეგუბებული სიჩუმის შემდეგ ამ ხმამ თითქოს ტყე გააცოცხლა. გარშემოდან გაისმა სხვადასხვა დაბალი და შრიალა ხმები, რომლებიც ნელა ახლოვდებოდა. მაგრამ ყველაზე მძაფრი რეაქცია მეორე წოპთავას ქონდა. მის მხრებზე ამოსული ტოტები თითქოს ხელებად იქცნენ, ხოლო პაწაწინა ხელების ბოლოებში გაჩნდნენ პირები, საიდანაც ისეთივე კივილი ამოდიოდა, როგორმაც სულ ახლახანს სისხლი გაუყინა ჯონს. არსება ცახცახით გამოემართა კაცისაკენ, რომელმაც აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს ბუნების ბოძებულმა ინსტინქტმა გაიმარჯვა და ჯონმა ისეთი მოკურცხლა, ვერც ერთი სპრინტერი ვერ დაეწეოდა. ზურგს უკან მომავალი სიბნელე და შრიალა ხმები არ აძლევდა საშუალებას ერთი წამით მაინც მოდუნებულიყო. ხმა კი ახლოვდებოდა. ასი მეტრიც და ტყიდან გავა.. ორმოცდაათი.. ხმა სულ ახლოდან ისმოდა. თითქოს ათასობით წვრილფეხა არსება ალყაში აქცევდა. ოცი.. ფეხი რაღაც რბილს დაადგა. ისეთი ხმა იყო, თითქოს თოვლმა გაიხრაშუნა. ათი მეტრი.. მხარზე შეხება იგრძნო. გულგახეთქილმა ჯონმა კატასავით ისკუპა და ტყიდან გამოხტა. ხმები ისე გაქრა, როგორც დენიდან გამორთული რადიო ჩაიწყვიტავს ხოლმე ხმას.

ავტოსტრადის მეორე მხარეს პატარა შენობა ჩანდა, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გავდა. მის წინ აბრა იდგა: "გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას". ჯონიმ ჯიბეში მყოფი გასაღები მოარგო და კარებიც დაემორჩილა. ორჯერ დაჩხაკუნების მერე კლიტე გაიღო და კაცი პატარა ოთახში მოხვდა, რომელსაც ციმციმით ანათებდა ნათურა. ოთახის მეორე ბოლოში კიდევ ერთი კარები ჩანდა. თვითონ ოთახში ერთი მაგიდა და ორი სკამი იდგა. გარემო მოვლილი და სუფთა ჩანდა, თითქოს სულ რამდენიმე წუთის წინ გავიდა ვინმე ოთახიდან. ჯონიმ გადაწყვიტა მეორე კარებით ესარგებლა და მისდა გასაკვირად, ისევ ტყეში მოხვდა. თუმცა ეს ტყე უფრო განათებული ჩანდა. ერთი ხანობა, სანამ ბილიკს მიუყვებოდა, ჯონის მოწონდა კიდეც ეს განათებულება, მაგრამ მერე ისევ წოპთავები რომ დაინახა, სრულიად შეეცვალა გრძნობები. ამჯერად ეშმაკობა იხმარა და ხეების უკან დამალვით მშვიდობიანად გასცდა მოცახცახე არსებებს. მის წინ ხისმჭრელის სახლი გამოჩნდა. სახლს სამი კარი ქონდა. ხოლო მარჯვნივ კიდევ ერთი შენობა იდგა ნახევრად დანგრეული კედლით. მონადირის სახლის წინ ბლანჟიანი და კეთილთვალებიანი კაცი დაბორიალობდა. ჯონიმ გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა.

- გამარჯობა - მიესალმა ჯონი
- პატარა ბიჭი ხომ არ გინახავთ - კაცი აღელვებული ჩანდა და გამარჯობაზე არც უპასუხია.
- მე.. არა - ყველა-ყველა და ჯონის პატარა ბიჭი მართლაც არ უნახავს.
- ჩემი ბიჭია. რამდენიმე დღეა ვეძებ. ჭაობებთან თამაშობდა და მოულოდნელად გაქრა.
- ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არ მინახავს.
- მე ჟურნალისტი ვარ და არასოდეს მიტარებია მისი სურათი. ჩემი საწყალი ბიჭი..
- ა.. სოფიამ მითხრა თქვენს შესახებ.
- სოფია? ბარში რომ მუშაობს, იმ გოგოზე არ ამბობ? ეს-ესაა აგერ იმ კარებში შევიდა - ჟურნალისტმა მარჯვნივ მდებარე დანგრეულკედლიან შენობაზე მიუთითა - წაბლისფერი თმა ქონდა. არასოდეს მინახავს ადრე. და.. არ იფიქროთ, რომ ხელს მიშლით, მაგრამ ჩემი შვილი უნდა მოვძებნო და..
- დიახ, მესმის - ჯონი ცოტა დაიბნა. სოფიას ქერა თმა აქვს. ეს წაბლისფერთმიანი ვიღაა ნეტა? - თუ რამეს გავიგებ თქვენს შვილზე, აუცილებლად გეტყვით.
- მადლობა.
ჯონიმ გადაწყვიტა ტყისმჭრელი მოენახულებინა, იქნებ რამე ეთქვა ასე თავისუფლად მოსეირნე წოპთავებზე, მარცხენა კარები შეაღო და შევიდა. წამის მერე ისევ სახლის წინ აღმოჩნდა. მიიხედ-მოიხედა, არაფერი შეცვლილა, ჟურნალისტი ისევ აღელებული ფიქრობდა, სახლი ადგილზე იდგა, ხეებს ისევ არ ქონდათ ტოტები.. ამჯერად შუა კარებში შევიდა - ეფექტი იგივე: კარები მოხურა თუ არა, მაშინვე სახლის წინ აღმოჩნდა. გადაწყვიტა ჟურნალისტის მითითებულ შენობაში შესულიყო და ასეც მოიქცა.

ოთახი ძალიან ცუდად ნათდებოდა ორი ნათურით, რომლებიც სულ ციმციმებდნენ და ისედაც ცუდ განათებას კიდევ უფრო უარესს ხდიდნენ. ნათურებთან ორი წოპთავა დაცახცახებდა. და რაც მთავარია, ჯონი მთელი ტანით გრძნობდა ვიღაცის ყურადღებიან მზერას. ოთახის შუაში თითქოს ლანდი გაკრთა, მაგრამ მოციმციმე ნათურებში ბევრ ვერაფერს გაარჩევდი. კედელს გაუყვა და ორივე ნათურისაგან შორს დატოვებულ სიბნელის ფარდაში დაიმალა. წოპთავები საკმაოდ სულელები ჩანდნენ. დაცახცახებდნენ განათებული არის ერთი ბოლოდან მეორემდე და ჯონის თითქმის აღარ ეშინოდა მათი. რაღაც მომენტში ორივე არსება მისგან ზურგით დადგა და ამან საშუალება მისცა მიერბინა კარამდე და გარედან გადაეკეტა ის - წოპთავებმა ხომ სირბილის ხმა გაიგეს და გამოეკიდნენ. კარების მეორე მხარეს ისევ ტყე აღმოჩნდა. ზედ სახლის კუთხესთან მთელი შეკვრა პისტოლეტის ტყვიები დაინახა, ხოლო ტყვიებიდან ტყის სიღრმისკენ წვეთებად მიიწევდა სისხლის კვალი.
უკან გზა აღარ იყო. ამიტომ, თუმცა მუხლებში ძალა ნელა-ნელა ელეოდა, ჯონი მაინც გაყვა სისხლიან გზას. რაც უფრო წინ მიდიოდა, უფრო გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა. მას ხელში მჭრელი ცული უჭირავს, ყოველ ნაბიჯზე შიშს ბრაზი ფარავდა, ყვირილი მოუნდა, მაგრამ ბრაზი ჩაიხშო. სიმწრისგან ცრემლიც კი წამოუვიდა. რაც მოაფიქრდა, ყველა სალანძღავი სიტყვით აგინებდა ტყეს და მასში მოარულ ბრალიან თუ უბრალო არსებას. წინ ისევ სულელი წოპთავა გამოჩნდა. ჯონი არც გაჩერებულა, ცულამაღლებული გაიქცა მისკენ და არც მორიდებია განათებულ ადგილზე შევარდნა. ასეთ დაუპატიჟებელ სტუმარს კი არ ელოდა საშნელი არსება, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. სანამ ის კიოდა და მხრებზე ხელები ამოსდიოდა, ჯონიმ ქვემოდან ზემოთ ამოსცხო ცული და ძალიანაც ესიამოვნა, როდესაც შუაზე გადაჭრილი არსება უსულოდ დავარდა. კივილმა როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი ტყე გამოაღვიძა, თუმცა ჯონის უკვე აღარ ეშინოდა. ჩქარი დამტკიცე ნაბიჯით გაყვა სისხლიან ბილიკს და მალე კიდევ ერთ შენობასთან მოხვდა.

გაუგებარია როგორ, მაგრამ კედლის მიღმა სოფია დაინახა. ხოლო სოფიას გვერდით კიდევ ვიღაც გოგო.. წაბლისფერი თმით.. ეს უკანასკნელი კარგად არც ჩანდა. თითქოს ხან იყო და ხან არა. მათკენ გზას კი კედელი ზღუდავდა. სოფია! - დაიძახა ჯონიმ. პასუხი არ იყო. აშკარად ჩანდა, რომ ორი გოგონა ერთმანეთში საუბრობდა, თუმცა მათი ლაპარაკი არ ისმოდა. ჯონი კედელს გაყვა შესასვლელის პოვნის იმედით. რამდენიმე მეტრის იქით მავთულის ღობე იყო და მის შიგნით ისევ ისეთი უცნაური ბუჩი, ჯონის რომ გავდა. შესასვლელი მაინც არ ჩანდა. სამაგიეროდ მიწიდან ამოძვრა წოპთავა და მისკენ გაიქცა კივილით. ჯონიმ ახლოს მოუშვა, შემდეგ შემობრუნდა, დაიხარა და მუხლებში ზუსტი დარტყმით მიწაზე დაანარცხა არსება. წოპთავა მხრებიდან ამოსული ხელების საშუალებით მაინც აგრძელებდა ჯონისკენ ფორთხვას, მაგრამ ეს უკანასკნელი აღარ დაელოდა მის მოახლოვებას და გასასვლელის ძებნა განაგრძნო. და მართლაც, კედელში კარები მართლაც იყო დატანებული. სოფია და წაბლისფერთმიანი გოგონა სულ ახლოს იყვნენ. კარები მოიხურა და და აღმოაჩინა, რომ კედლის მეორე მხარეს კი იმყოფებოდა, მაგრამ სოფია და მისი თანამოსაუბრე იქ აღარ იმყოფებოდნენ. გაოცებულმა შეამჩნია, რომ ისინი იმ უცნაურ ბუჩქთან გადასულიყვნენ. ჯონი უკან გამოვიდა კარებიდან, მაგრამ ამჯერად გოგოები ისევ კედლის მეორე მხარეს დაუხვდა.

სისხლის კვალი კი ისევ მიიწევდა კედლის იქითაც. დასაკარგი არაფერი იყო. ჯონი გაყვა კვალს და მალე ტყიდანაც გავიდა. მის წინ ისევ ავტოსტრადა იყო. მიწისძვრისაგან გზა ორად გაყოფილი დახვდა. ჩრდილოეთით დამტვრეული მანქანები ჩანდა, ხოლო მის წინ, ზედ შუა გზაზე ადამიანის გვამი ეგდო. ვიღაცას მისი სხეულის გასწვრივ კონტური შემოეხაზა ცარცით. სისხლიანი კვალი სწორედ მისკენ მიდიოდა. ახლოს მისულ ჯონს თვალები გაუფართოვდა: ეს ხომ მაიკლია! რა დაემართა? მას მუცელი აქვს გაფატრული! ჰმ.. ხელში პისტოლეტი უჭირავს. ახლა ეს იარაღი მე უფრო მჭირდება, ვიდრე მას.

1 comment:

Anonymous said...

გაფორმება მომწონს, ვერაფერს ვიტყვი :D