Sunday, October 30, 2011

ველქამ 2 სტეფანწმინდა, სოლჯერ!

ჰაიუშკი! როგორც არ მოგეხსენებათ, 18 სექტემბერს გახლდით სტეფანწმინდაში, რომელ არს იგივე ყაზბეგი. ჰოდა იმის გამო, რომ საერთოდ არ მაქვს აღარაფრის შემქნის დრო და ნერვები, აქამდე ვერ მოვახერხე დაწერა. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპარში.

დარიალისკენ მიმავალი გზა არის უმშვენიერეს მდგომარეობაში, ასე რომ ველოსიპედითაც კი არ შეგექმნებათ პრობლემა ზედ მოძრაობისას. სხვა საკითხია რა დრო დაგჭირდებათ.. ყველა შემთხვევაში, სექტემბრის დასაწყისში საერთოდ არ ცივა და როგორც ბოროტმა უძლეველმა ხმებმა მითხრეს, იმდენი თბილი ტანსაცმელი არ დამჭირვებია.





ნატახტარის გავლა იქნება საჭირო გზაზე, ასე რომ შეიძლება ამოუცნობ მფრივან ობიექტებს მოჰკრათ თვალი. მე მათში ორ ადგილიანი თვითმფრინავი შევიცანი - როგორც შემდეგ გაირკვა, 400 დოლარი 1 საათით ქირაობა და საქართველოს ცაში განავარდება. ოდესმე აუცილებლად დავდებ ამ თვითმფრინავში გადაღებულ ვიდეოს. მანამ კი დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს.


არა, ამ ცხვრებს არა კაცო. უბრალოდ სრულიად მოსალოდნელია გზაზე ასეთი ფარა შეგხვდეთ, ასე რომ ძალიან დიდი სიჩქარით სიარულიც არ არის კარგი. მარტო ცხვრების გამო არა, მთელ გზაზე ისეთი არჩვეულებრივი ხედებია, რამის მართლა ველოსიპედით ჯობდეს სიარული, რომ ყველაფრის ნახვა მოესწროს.


ანანურთან მიახლოვებას გვამცნობს აი ეს კოშკი. ანანურთან მიახლოვებას პრინციპში ჟინვალის წყალსაცავიც გვაცნობს, მაგრამ მე ეს კოშკი-სასტუმრო მომეწონა. სამწუხაროდ ფასებზე არ გვიკითხავს არაფერი, ჩავუქროლეთ გვერდით, მაგრამ შაბათ-კვირას ახალშეუღლებულებისათვის მშვენიერი პონტი უნდა იყოს ჩემის მოკრძალებული აზრით.


ანანურის კომპლექსს რაც შეეხება, ეს არაჩვეულებრივი მაგალითია ძალისა და რელიგიისა. ყველაზე დიდი კოშკი, რომელსაც შეუპოვარი ქვია, თვეობით იგერიებდა ალყას 300 მეციხოვნის დარაჯობით და მხოლოდ მას მერე დაეცა, რაც მოალყეებს ყელში ამოუვიდათ და ცეცხლის სროლა დაიწყეს ზემოდან და მთლიანად გამოწვეს კოშკი თავის მეციხოვნეებით.


მთელი გზის გასწვრივ შეხვდებით ასეთ სუვენირებს, მაგრამ ანანურში ისინი განსაკუთრებით ბევრია. ფასები იწყება 3 ლარიდან და 15 ლარამდე ადის.


სამწუხაროდ ანანურზე დიდხანს გაჩერება არ შემიძლია, ესაა ერთ-ერთი ადგილი იმ მრავალთაგან, რომლებითაც განებივრებულები ვართ ქართველები და ატარებს გრიფს: MUST SEE! ეს მარტო ეკლესიები და კოშკები არაა. ესაა ხედები, სიძველის სული, სიმშვიდე და ბობოქრობა ერთად, ესაა ანანური..


თვითონ 4 თუ 5 სართულიანი "შეუპოვარი" კოშკი საერთოდ ცალკე თემაა. მე მაქვს ვიდეო გადაღებული, როგორ ავედით იქ და აუცილებლად ჩაემატება ამის დაბლა, როდესაც აიქაჩება. მანამ კი მოერიდეთ აი ამ ხეს. :დ


მი ტაკაია ნაცია - პოხუი გრავიტაცია! ისე ჟინვალის წყალსაცავის ადგილზე რომ სოფლები იყო, იცოდით ეს ამბავი, არა? ანუ ფსკერზე იქნება სახლები.. ჰმ.. ძალიან საინტერესო გამოვა ჩემი თავკამერით რომ ჩავიწერო წყალქვეშა კადრები. უბრალოდ.. მწყინთავის აღჭურვილობაა საჭირო. :) ჰო, მართლა, ჟინვალზე თევზები არიან, მაგრამ როგორც გავიგე, ჭიები ყავთო და არ იჭმევაო.


მოკლედ, ანანურიდან წამოსულები ბევრს ივლით..


თუ ცოტას ივლით..


მოხვდებით ფასანაურში, რომელსაც ადვილად იცნობთ შემდეგი ფაქტორებით. პირველი და წარმოუდგენელია რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ, ესაა გზის პირზე ამართული დედალ-მამალი ირმის ქანდაკება.


მეორე ესაა თეთრი და შავი არაგვის შეერთება სწორედ ამ ირმების გადასწვრივ.


დაბოლოს, ირმების მიმდებარე ტერიტორიაზე დგას უცნაური რესტორანი თუ რაღაც მსგავსი, სადაც 5 ლარად იყიდი 2 ლარიან ლუდებს. და მიუხედავად იმისა, რომ ერთი დიდი კედელი მთლიანად აქვს დათმობილი ნატახტარის რეკლამას, ნატახტარის ლუდი არ იყო იქ.


მოკლედ, გზა მიდის და მიდის. გაივლით ულამაზეს და მიხვეულ-მოხვეულ უღელტეხილს, რომლითაც თუ არ ვცდები მოხვდებით გუდაურში. ეს სამთო-სათხილამურო კურორტი ისეთივე მკვდარია სექტემბერში, როგორც გორი ზამთარში. ასე რომ ჯობია გზა გააგრძელოთ.


ჰო, გზაზე კარგია თქო კი ვთქვი, მარა აი ამ გვირაბის მერე.. მმ.. კაი მანძილზე რბილად რომ ვთქვათ, არ ვარგა. სამაგიეროდ ცოტა ხანში მიაღწევთ აი ამ გადასახედს.


ამ გადასახედიდან ძალიან მაგრად ჩანს როგორც მთების ფიქრები, ასევე თვითონ მთები, ხევები, ახალგამოჩეკილი მდინარეები და ყველაფერი ამის სანახავად კარგად გამოდგება უნივერსალური პოზა.


მთაჩი ძალიან სწრაფად იცვლება ღრუბლების გადაადგილება. ასე რომ შეიძლება 5 წუთის წინ წვიმა რომ იყო, ახლა მზე კაშკაშებდეს და შემდეგი ხუთი წუთის მერე - ძლიერი ქარი ამოვარდეს. აი, ეს სურათი კარგად ასახავს ღრუბლების და მზის თამაშს.


ჰოო.. აი ეს ცნობილი მჟავე წყლები კი.. მე რომ ყინული მეგონა.. და თურმე კლდე რომაა..


მოკლედ, რა ხდება: ზემოდან მოდის წყალი. ამ წყალში არის ძააალიან ბევრი რკინა. ნუ, ისეთი გაზიანი არაა, როგორც რაჭაში, მარა რკინა იმდენია, რომ აი მთელ კლდეზე გადაერკინა და ასეთი უცნაური რამე გამოვიდა. გემო კი.. უფ, უუმჟავესი..


ფუფ, ეს მიწერა-დახატვები როდის გადავა მოდიდან რა.. :( ვაგრძელებთ გზას. რამდენიმე კილომეტრი საზიზღარი მტვრიანი გზა გველოდება. არის საინტერესო, ღრუბელივით დაჩვრეტილი კლდეები გზაში..


შეიძლება გამოვიდეს ცისარტყელაც..


და რამდენიმე კილომეტრის მერე მოულოდნელად გავლილ ტრაფარეტს "სტეფანწმინდა" მივყევართ გაურკვევლობამდე - ახლა რა ვქნათ? :) ახლა შეიძლება საქართველო-რუსეთის საზღვარიც მოინახულოს კაცმა, მით უმეტეს რომ ზედ საზღვართან მშვენიერ სამონასტრო კომპლექსს აშენებენ.


კომპლექსი მთლიანად ვარდისფერია და მემგონი ესეთი ეს ერთია მარტო საქართველოში. გრანდიოზულობის გარდა შეიმჩნევა ტურიზმის განვითარებისაკენ გადახრაც - მას ვეება აივანი აქვს, საიდანაც ჩანს როგორც რუსეთი, ისე თერგი, ისე დარიალის ხეობის ნაწილი.


მონასტერში იყიდება უგემრიელესი მონასტრის თაფლი. არის ორი სახის, მე ვიყიდე ალპური და მივეცი 5 ლარი. დილით ჩაიზე - იმენა დაგლიჯა!


ტიალო დარიალაო - კლდენი ხარ ცარიალაო.. და იქვე, ამ კლდეების ძირში თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან. როკის გვირაბის გაკეთებამდე სწორედ აქედან, ვლადიკავკაზიდან შემოდიოდნენ ხოლმე საქართველოში. სიმართლე გითხრათ, გზაში უამრავი რუსეთის მანქანა შეგვხვდა, რომელიც იგივე მარშუტით სარგებლობდნენ. მე ერთი ვერ გავიგე მარტო - რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად დაელია თერგის წყალი. ამ მდინარემდე მისვლაც კი სარისკოა.


ნუ, დარიალი და საოცარი ხედები კი კარგია, მაგრამ საჭიროა სახურავის ძებნაც. თან მთაჩი ძალიან სწრაფად ღამდება. სტეფანწმინდა ერთი კიკნა ქალაქია, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით გახვალ 15 წუთში. ამის მიუხედავად სახურავის ძებნას დრო უნდა. პირველი, რაც თვალში ეცემა კაცს, ესაა სტაფარეტი: "ვლადიკავკაზი - ცენტრი" - არ შეცდეთ და ეს "ცენტრი" ნამდვილი ცენტრი არ გეგონოთ - უბრალოდ იქით გამგეობა დგას. :)


ასევე მთელი ქალაქი სავსეა თხოვნებით ნაგავს ნუ დაყრითო. და ეს წერია ქართულად!!! ანუ ეს ნიშნავს, რომ უცხოელებს არ ჭირდებათ ამის შეხსენება.


მოედანზე, რომელსაც მე ცენტრს დავარქმევდი, დგას ორი სასტუმრო: "სტეფანწმინდა" და "შორენა". პირველში 50 ლარი ღირს ოთახი - მაგრამ ჩვენ გვინდოდა მაყალი, რომ მწვადი შეგვეწვა. შორენამ გვითხრა, რომ მაყალი არ მაქვს, მარა ეზოაო. ამ დროს ახალჩასულს თვალში ეცემა აქცენტი - ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებების სული ფიზიკურად გეხება. საინტერესო იყო ერთ ადგილობრივ მოსახლესტან საუბარიც, რომელმაც ახლობელს დაურეკა, ტურისტები არიან, ქართველები არიან მარა ნორმალური ხალხი ჩანსო..


ენივეი, ვნახეთ უძაანმაგრესი ქალი (ანუ ხასიათით), რომელმაც წაგვიყვანა და გვანახა სახლი, რომელიც ჩვენი ტურისტული სესხის საშუალებით ჰქონდა გარემონტებული. ამ ქალს არა მარტო მაყალი და ეზო აღმოაჩნდა, არამედ ჯიპსაც თვითონ ატარებდა, ქმარზე გვითხრა, ჩემზე ახალგაზრდად ხომ გამოიყურებაო - ეს მე ვუვლი ასე კარგადო. სამწუხაროდ ნებართვა არ ამიღია, თორემ დავწერდი მის ნომერსაც.


ნუ, მწვადის შეწვის, გორიდან წამოღებული ხაჭაპურების და ქათამ-ვიჩინის, წვენების და კოქტეილ-არაყის გაშლა-დაგემოვნების მერე, როდესაც უკვე მშვენივრად შეღამდა და შეგრილდა, გადავწყვიტეთ გაგვევლო და ღამის სტეფანწმინდა გვენახა. ეს რა თქმა უნდა არაა სინათლის ქალაქი, მაგრამ რაღაცნაირი მყუდრო სული მაინც მოაქვს.


ჩემი შტატივი ძალიან გამოყენებაში იყო. ფაქტიურად სურათების 80% სწორედ შტატივითაა გადაღებული. სიცივის მიუხედავად ზედ ცენტრალურ მოედანზე, რომელიც ზედაცარიელებული და მიტოვებული დაგვხვდა, დახტუნაობდა აი ეს ბაყაყი.


ა, კიდევ ერთი - ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ მთელ სტეფანწმინდაში ვაი-ფაი მუშაობს ისე, თითქოს რუსთაველზე დადიოდე. მოედანზე არის ყავის დასალევი რაღაც, რომელსაც აქვს ლეპტოპის დასადები ადგილი და მშვენიერი ინტერნეტის წვდომის საშუალება. მე სპეციალურად ჩემი მობილურით შევამოწმე ვაი-ფაის მიღება სადაც დავდიოდით და 2 ხაზზე დაბლა არ ჩამოსულა. გორში კი 1 ხაზსაც ძლივს იჭერს.


მასპინძელს კომპიუტერიც კი აღმოაჩნდა სტუმრების ოთახში. ხოდა ამის გამო ძალიან შემიყვარდა ეს ადგილი. :) თან საწოლები ქონდა დიდი და მოხერხებული.. აუ, ეს იყო მართლა კარგი და მართლა მაგარი. და კიდევ უფრო მაგარი იყო დილით ალპური თაფლით შეზავებული ჩაი.


ქალაქში ყავის და ტკბილი რაღაცეების საყიდლად გამოსულმა ვიპოვე აი ეს "გუგლის მაღაზია" :) ამის გარდა გადავიღეთ "მზეო - ამოდი!"-ს მისამღერის ნაწილი, რამაც შეიწირა ჩემი საათის შუშა.


მერე მზეც გამოვიდა და თითქმის სახურავებამდე ჩამოწეული ღრუბლები მთების წვერებამდე ავიდა. ნახეთ, როგორ "ქრის" ღრუბელი მთის წვერიდან.


სტეფანწმინდაში თუ ჩამოხვედი და გერგეთის ტაძარი არ ნახე - ჩათვალე რომ ცხოვრებაში უდიდეს შეცდომაზე ერთით ნაკლები შეცდომა დაუშვი. პოსტის დასაწყისში ზღაპარში რომ დაგპატიჟეთ, სწორედ გერგეთია ზღაპარი. იქამდე ფეხითაც ახვალთ თუ ძალიან მაგარი აღმართების არ გეშინიათ, ველოსიპედითაც - თუ საკმარისაც განიერი საბურავები უყენია და არ ჩაიფლობა ტლაპოებში, და მანქანითაც - თუ საკმარისაც კარგი მძღოლი ხართ და მკვეთრ მოსახვევებში შეხვედრილი მანქანების არ გეშინიათ. ყველა ვარიანტში - გზის სახელდახელო მაჩვენებლები კურსიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცემენ.


მერე უეცრად აღმოაჩენ, რომ თურმე ღრუბლები შენც დაბლა დარჩა..


მერე აღმოაჩენ, რომ ღრუბელი ადრე ყოფილა ამ ადგილზე და კვალიც დაუტოვებია..


მერე კი.. გერგეთი! რაღაც მისტიური, ღრუბლებში ჩაფლული, თითქოს ღუბლებზე ამოშენებული..


ღრუბლები.. ეს თეთრი ლამაზმანები სასწაულებს ახდენენ. ისეთ გარემოს ქმნიან, სიტყვებით რომ ვერ გადმოსცემ. სურათებშიც არ ჩანს ის, რასაც იქ გრძნობ. შენი თვალით ხედავ როგორ ჩვდება ღრუბელი, შენი ფეხებიდან როგორ ამოდის თეთრი ორთქლი, იზრდება და მიცურავს..


აი, სულიერი სიმშვიდე ხომ გაგიგიათ? ხოდა აქ რომ ხარ, გერგეთში, სწორედ მაგას გრძნობ. გგონია რომ სამყაროს სახურავზე ხარ, გგონია რომ ფრენა შეგიძლია.


ისე პრინციპში ფრენა არ სცადოთ, როგორც გითხარით, საკმაოდ კარგი დაღმართებია და თუ დაგორდები კაცი, ძნელად თუ გაჩერდები..


თუმცა "სამყაროს სახურავზე" კი ხარ, მაგრამ გახსენდება, რომ გერგეთი და იქვეა ყაზბეგის მწვერვალიც - ზნიან ლამაზმანს რომ ეძახიან. ამბობენ, თუ სტუმარი არ მოეწონა, სახეს არ განახვებსო. ჩვენ როგორც ჩანს წინა ღამის ცანცარის მერე არ მოვეწონეთ, ამიტომ მთელი ის დრო, რაც გერგეთში გავატარეთ, სახე არ უჩვენებია და ნისლში მალავდა.. ჩვენ კი ნაგლად ველოდეთ ნახევარი საათი, მაგრამ მერე ძალიან გვიანდებოდა და წამოვედით გულნაკლულები. აი, უკან ნისლი რომაა, მანდაა ყაზბედის მწვერვალი.


გერგეთიდან ჩამოსულებმა მოვინახულეთ ყაზგების მუზეუმი. სიმართლე გითხრა ვერავინ ვნახეთ, რომ გიდობა გაეწია. შესასვლელში კი წერია, რომ 12 ლარი ღირსო გიდიო, მარა შენობის პირველი სართული მთლიანად ცარიელი იყო. ამიტომ ჩვენი ხოდით ვნახეთ ექსპონატები, მთამსვლელების აღჭურვილობა, სურათები, რუკები, მეფის წერილები, საყოფაცხოვრებო ნივთები და რომ ვერაფერი გავიგეთ, გამოვედით და გადავიღეთ სურათი აგერ აქ.


მერე ვთქვით, ისე როგორ წავიდეთ, აქაური ხინკალი არ ვჭამოთო. ხოდა მოედანთან ცოტა შემაღლებულზე მწვადის და ხინკლის ისეთი პლაკატი იყო გამოკრული, ნერწვები წამოგცვივდა და სასწრაფოდ მივაშურეთ ამ ადგილს. ამ ადგილზე კი გვითხრეს, იმდენი შეკვეთაა, ნახევარ საათზე ადრე არ იქნებაო. არადა დარბაზი ცარიელი იყო და გარეთაც ერთ მაგიდაზე იჯდნენ. ჩვენც მეორე მაგიდას მივუჯექით და ნახევარი საათის მერე აი ასეთი პატარაკუჭიანი ხინკლები გამოგვიტანეს.


ალბათ მოშიების ბრალი იყო რომ ასე ვშთანთქეთ ეს საკვები, თორემ რომ ვუფიქრდები ახლა, ვაფშე არ იყო ნორმალური ხინკალი. ის კი არა და გოგოებს ვაფშე მუცლები ეტკინათ პირველივეს შეჭმის მერე.


უკანა გზაზე გადავწყვიტეთ სნოს ციხე გვენახა. ციხის გარდა კი ვნახეთ ეს გაოჩნებულ ვირიანი კაციც. :)


სნოს ციხე კი არა, საგუშაგო კოშკია მე რომ მკითხო. ძალიან ციცაბო კიბით ადიხარ საკმაოდ მაღლა მდებარე ოთახში, საიდანაც იდეაში ახვალ კიდევ უფრო მაღლა სართულზე, მაგრამ ამისათვის ძალიან პატარა ტანი უნდა გქონდეს, რომ იმ ხვრელში გაეტიო. მოკლედ, ავედით  და ჩამოვედით.


ისე კოშკი საკმაოდ მაღალია. იქედან ხალხი ერთი კიკნა ჩანს.


სხვათა შორის სნოს კოშკი სადაცაა, მაგის მოპირდაპირედ მდინარის მეორე მხარეზე დგას აღმაშენებლის დიიიდი ძეგლი და იქვეა პატრიარქის სახლიც, სადაც დაიბადა. სახლისკენ გზაზე კიდევ ერთი საგუშაგო კოშკი დავინახეთ, რომელიც არ ვიცი რისია, მაგრამ იქედან ჩანს ასეთი მშვენიერი ხედი.


და ესეთი მშვენიერი ხედიც


კოშკთან დგას ეკლესიაც, რომლის ეზოში ძალიან ლამაზი ყვავილებია. ხოლო ეკლესიის უკან - გამოქვაბულები. ჩვენ კარგად დავიღალეთ, ამიტომ ისევ გზას გავუდექით და ისევ მჟავე წყლებთან მივედით, სადაც ვნახე ველოსიპედისტები. ამიტომ თამამად დავწერე დასაწყისში, რომ ველოსიპედით შეიძლება სტეფანწმინდაში ასვლა.


შეიძლება ჟინვალზეც შეჩერდე ადამიანი და ვითომ ითევზავო.


ან ნაღდად ჭამო და თვალი მოატყუო.


და სანამ მზე ბოლომდე ჩასულა, სახლშიც წახვიდე.


არა რა.. სახლს არაფერი ჯობია. :)


4 comments:

ელენე ბეთლემიშვილი said...

ვკითხულობ, ვკითხულობ და ჰოი, საოცრებავ – თურმე გორელს დაუწერია... გუგლში დიდი ძებნა არ დამჭირდა რომ თქვენს ბლოგს გადავეყარე :) ისე სიამით წავიკითხე, ლამის მეგონა, რომ მე დავწერე... მეც ვიყავი შარშან ყაზბეგში და წელასაც მივდივარ... და, ვზივარ ახლაც კომპთან და ოთახს ვეძებ ყაზბეგში, ისეთს რომ იაფიც იყოს და ნორმალურიც :(

პ.ს.გუგლის მაღაზიაზე მეც ბევრი ვიხალისე :)

გურამი said...

ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი პოსტი წაიკითხეთ და გულიანი კომენტარიც არ დაიშურეთ. ჩემის მხრივ ვცდილობ ჩემი მოგზაურობიდან მოპოვებული საინტერესო ინფორმაციები გავუზიარო დაინტერესებულ ადამიანებს ბლოგის საშუალებით. თუ გამოადგა ვინმეს რამეში, მაგას რა ჯობია. :)

Anonymous said...

The chiropractor may also provide nerve pain relief. Some usual exercises that help cure and
treat patients of all ages, neuralgia and non-healing wounds such as inflammation muscle
tension in the perfect way.

My site: funny back pain cartoons
my page :: funny back pain cartoons

ნინო კოკილაშვილი said...

ვკითხულობ, ვკითხულობა და ჰოი, საოცრებავ ... ელენეს კომენტარი გამოჩნდა! ახლა, სრული სერიოზულობით! დიდი ხანია ასეთი ინტერესით არაფერი წამიკითხავს, თუ ავტორი არ მიწყენს, facebook-ზე მინდა გავაზიარო, რომ ჩემმა მოსწავლეებმა წაიკითხონ!