Friday, August 13, 2010

დოესი და უცხოელი

დოესი - კასპის რაიონი. მანდ მაცხოვრებელ ხალხს სლენგზე დოელები ქვიათ (ისე დოესელები) იმყოფება ჰა და ჰა იმაზე სიმაღლეზე ზღვის დონიდან, რომელზეც გორი. ხოლო დაშორებულია კი გორიდან 14 კილომენტრით. მთავარი ისაა, რომ ერთი საშუალო სირთულის აღმართის მეტი დოესამდე ჩასვლას არაფერი უდგია წინ.
ხოდა უფლისციხემდე გზა გაკვალული და გათელილი და გადავლილი მქონდა მეც და სხვა ბაიკერებსაც გორიდან. მეც გადაწყვიტე რომ მეტი შეიძლება. ის საშუალო სირთულის აღმართი წინა მესამე და უკანა მე-7.. მე-4.. ცოტაც.. მე-2.. ჯანდაბა, ვეღარ ვქაჩავ.. 1-ლი სიჩქარით ავიარე, მერე ისევ მე-6 ში გადავიტანე და აღარც გადმომიტანია უკან სანამ აი ამ ნიშნამდე არ მივედი შუაგულ სოფელში.
რა ცუდია რომ მანძილი არ წერია მცხეთამდე.. არადა საინტერესო იქნებოდა. აქვე სახალისო ფაქტი. თმა მაქვს საკაიფოდ გადახუზული, თითქმის არაფერია დარჩენილი. ამას პლუს სკოლის ჩანთა ზურგზე, სადაც წყალი და სხვადასხვა რამეები იდო. და დასაგვირგვინებლად არა შავი, არა თეთრი, არა წითელი, არა ყვითელი.. არამედ მწვანე ფერის მაიკა და არა ჯინსის, არა ვილვეტის, არამედ თხელი რაღაცა ნაჭრის ბრიჯი.. შეხედავ - უცხოელია! ჰოდა ერთი 5-გან გამოვიდნენ ბავშვები და ეე.. ჰელოოუუუ! ჰელოუ მაი ფრენდ! ჰაუ არ იუ? ჰა? ჰააააააა? ერთი-ორჯერ ხელი ამიწიეს და დამიყვირეს: ჰაი! მეც ავუწიე ხელი და დავუყვირე: ჰელოუ! ამან ძალიან გაახარა ის ბავშვი და ჰაი! ჰაააი! ჰაიიიიიიიი!!!
აჰა, ესეც უკანა გზაზე. იმ აღმართის მერე სულ დაღმართია. მცირე დახრილობის, მარა მაინც. ხოდა ეს მცირე დახრილობის დაღმართი უკანა გზაზე ხომ მცირე ახრილობის აღმართად გადაიქცა არა? თავს იმით ვაიმედებდი რომ ის პირველ აღმართზე, დაღმართად რომ გადაიქცა, საკაიფო დაუნჰილი გამოვიდოდა (50 კმ/სთ გაქაჩა). ასევე თავს იმით ვაჩქარებდი რომ მზე ჩავიდა ფაქტიურად და სიბნელეში და იმდენ კოღოში მოძრაობა დიდი ვერაფერი სიამოვნებაა. :)

ევრიკა!!!

დიახ! ვიპოვე! აღმოვაჩინე! უფრო ზუსტად დავადგინე! ის ხომ ტიპიური მამიკოს გოგოა!!! დიახ! ის მამიკოს გოგოა, მას გამუდმებული ყურადღება ჰაერივით სჭირდება! გარეგნული ერთგვაროვნების ნიღაბი უბრალოდ თავდაცვის საშუალებაა, ის ჩამოყალიბებული, ასპროცენტიანი მამიკოს გოგოა! თუმცა მამიკოს გოგო მე არ გამომადგება. აი ასეთია მწარე რეალობა. სხეული მისკენ ისწრაფვის, გონება უარს ამბობს. ვფიქრობ გონებას უნდა დავუჯერო. ოდენ კავშირი ესრეთ სულთა შობს სიყვარულსა, ზეგარდმო მადლით საუკუნოდ მომადლებულსა. მამიკოს გოგოზე სტატია იხილეთ აგერ.

Thursday, August 12, 2010

მარ-ტორ-ქა ვარ..

ნუ მიყურებთ, რას ვგავარ..
საქმე იმაშია, რომ როგორც წინა პოსტებში მოგახსენებდით, ზღვაზე დავიწვი და შესაბამისად კანიც უნდა ამძვრალიყო წესით. დღეს კი ველოსიპედით გავიარე 10 მდე კილომეტრი და სახლში მოსულმა მაიკა რომ გავიხადე საშინელი სანახაობა დავინახე: მთელი მხრები, მკერდი და ზურგიც წვრილ-წვრილი ბუშტუკებით მქონდა დაფარული. საბედნიეროდ მალევე მივხვდი, რომ ეს გამოსული ოფლი იყო, რომელიც ატყავებულ კანს ვერ გაცდა. ვიბანავე, გავიხეხე და ვარ ახლა აი ასეთ საშინელ დღეში. მარტორქა ვარ, ნუ მიყურებთ, რას ვგავარ @ ნადირობის სეზონი 1

Wednesday, August 11, 2010

ჩემი სიფორჩხლე "სმიტი" გასწორებული კოლიმატორით

არა რა.. ლამაზია.


ამ კუთხიდანაც ლამაზია

გასწორებული კოლიმატორიდანაც..

გლოკის ჩასადები, რომელიც არიქ კაბურა და რომელიც კეთდება ბარძაყზე, ღირდა 50 ლარი.. 50 ეს, მთლიანი თათმანები 23 ლარი.. კაროჩე მაგარი ძვირი რამეა ეს აირსოფტი რა! :) ერთი წავიდე, გავისროლო, ეგება და არ დამევასოს და.. :) არადა ვინც მივიდა, ყველამ თქვა "სტრაიკბოლი დამევასა. დაივასე შენც"-ო.

Monday, August 9, 2010

ომი და უსაქმურობა

ტააქს.. ახლა ვასასისთან ვნახე ძალიან მუქი პოსტი იმაზე, რაც მოხდა აგვისტოს სამხედრო კონფლიქტისას. ახლა მოდი ჩემს ბლოგს გავქექავ, იქნება მეც დავწერე რამე.. ა, წერა 2009 ში დამიწყვია, შესაბამისად ვერაფერსაც ვერ დავწერდი. თუმცა მოდი დავიწყოთ ბოლოდან.
სიმართლე გითხრათ ამომივიდა ყელში უსაქმურობა. წარმოგიდგენიათ, მთელი დღე წევხარ, ტელევიზორი გაქვს ჩართული სადაც სულ ერთი და იგივეს ამბობენ. გარეთ გასვლაც არ გინდა, ცხელა. სახლშიც ცხელა.. მობილურს მიღება არა აქვს, თამაშები არ მიწერია. თვითონ მობილიც ძველი მოდელისაა და მარტო 208 წერტილი გაფართოების ეკრანი აქვს..

ატენში ვიყავით რა. ჩემს სოფელში. როგორ მოვხვდით ქვემოთ დავწერ. ახლა კი მინდა გავიხსენო, როგორ ჩავედით მდინარეზე, ეგება გული გადავაყოლოთ რამესო. მერე იქ მთვრალი სასტავი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ჩვენ რომ ჩვენს საკუთარ სახლში ვიყავით, ისინი ამ სახლს დარაჯობდნენ და ამისათვის პატივისცემას იმსახურებდნენ მაგალითად 5 ლიტრი ღვინოს სახით. ამ მოთხოვნის პასუხი აუცილებლად იქნებოდა ამ თოხზე ნამუშევარი ხალხის შეძლებისდაგვარად გაბერტყვა, მაგრამ გაგანია ომი იყო და კიდევ ერთი კონფლიქტი.. თუმცა რომ ვუფიქრდები.. ახლა ხომ არ.. ჰა?
ესაა ერთადერთი კადრი, რომელიც ომის სიტუაიციას მოგაგონებთ. სადღაც 16-ში თუ 17-ში ამოვიდა მანქანა პურით და დაგვირიგა 3 პური. პური ისედაც არ გვაკლდა, მარა ზედმეტი 3 პური ურიგო არაა. გარესამყაროსთან კონტაქტს ვახერხებდი სახლიდან 3 კილომეტრში შემაღლებულზე მობილურის ინტენა იდგა და იქედან. დარეკვით არაფერი გამოვიდოდა, მარა ესემესები იგზავნებოდა ხოშიანად. ბალის ბარათის საყიდლად გორში ჩამოვედით შაბათს, ანუ 9 ში. დაბნეულმა გამყიდველმა კი 2 ბარათი მისცა მამაჩემს 1 ის ნაცვლად.
ძალიან მინდოდა ცარილე ქალაქში შემოსვლა. საქმე იმაშია, რომ სადგურის ხიდთან, რომელიც ქალაქს ყოფს სამხრეთ გზებისაგან, იდგა რუსის ორი საცოდავი ბეტეერი, რომელზეც იჯდა 6 მდე საცოდავი რუსის პაცანა. შესვლა-გასვლა უპრობლემოდ ხდებოდა, უბრალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორია. სიტუაცია არეული იყო სანამ შრდილო ოსები და მისთანა ნაყარ-ნუყარი ხალხი იყო. ესენი საშოვარზე იყვნენ და სწორედ ესენი აჩმახებდნენ და იპარავდნენ. საწყალი რუსის სალდათი, რომელიც ახალი მისული იყო ჯარში და მაშინვე ესეთ ომში უკრეს თავი, აი ვააფშე ფეხზე ეკიდა რა ომი და უბედურება. ბიძაჩემ-ბიცოლაჩემი ჩამოვიდნენ ჯერ სახლში. ერთ დღესაც გამოიარა ბეტეერმა და ერთი ეკითხება, დეიდა, სად შეიძლება მობილურის ბარათი ვიყიდო, სახლში მინდა დავრეკოვო. პლუს ნუ დავუკარგავთ გენერალ ბორისოვს დამსახურებას: ადამიანი ჯარისკაცია და უნდა გაუგო - მიიღო ბრძანება, შესანიშნავად შეასრულა და როგორც ქალაქში დარჩენილმა ხალხმა მითხრა, ბორისოვი რომ არა, ის ოს-ჩეჩენ-მარადიორები მთელ ქალაქს გაზიდავდნენო.
ჰო, ბორისოვზე კიდევ ის მინდა ვთქვა, რომ მეზობელს სახლში შეუვარდა ვიღაც ყულფანა რუსი ლიოტჩიკის ნასროლი ჭურვის ნატეხი. თუ სროლა არ იცი შვილო, რასა ჯდები სამალიოტზე, ხო? ხოდა ავიდა ეს მეზობელი სამხედრო ნაწილში, სადაც ბორისოვი იყო გამაგრებული და იჯდა და იჯდა. მოვიდა გენერალი - ზის. წავიდა - ზის. კაცო, ვინ ეშმაკია ეს კაცი, რატომ ზის აქაო? საპიორები უნდა და რა ვქნათო? მიეცით ეს ოხერი საპიორები და გაუშვით, რამდენი ხანი უნდა იჯდესო. კიდევ ყური მოვკარი რომ თურმე ბორისოვს მე-6 რუსულ სკოლაში უსწავლია ბალღობაში და რომ ნახა, ცრემლები მოადგაო. რას გაიგებ, რა ჭორია, რა მართალი, ა?

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 6 აგვისტოს შვებულება მომირჩა, ჩამოვედი ქობულეთიდან გარუჯული, შესანიშნავ ხასიათზე.. ისე სურამთან კი ძალიან ბევრი პოლიციელი შეგვხვდა და რადიოც რაღაც უცნაურ ინფორმაციებს იძახდა, მარა 7 ში გაწითლებული ცის ყურებას ისევ ძილი ვამჯობინე და 8 ში დილით ისევ სამუშაოზე გამოვცხადდი როგორც ყოველთვის. ნუ, იყო იქ, რომ ცხინვალი ჩვენია, ძმამ დამირეკა და აქ ნამდვილი ომიაო, ყოველ ნახევარ წუთში ტაქსი მიდიოდა ჰოსპიტალისკენ 2 პატრულის ექსკორტით.. ბლა-ბლა-ბლა.. ოღონდ ცხოვრებაში არ დამავიწყდება მეორე დარტყმა. პირველი სკრასთან იყო გორიდან 10 კმ ში და უბრალოდ ხმა მოვიდა. მე ამ დროს არქივში წავედი. საბედნიეროდ არქივის ბოლოში ვიყავი, თორემ ამ სანახაობას ხომ ვერ ვნახავდი?! წარმოიდგინეთ, უეცრად ძაააალიან შენელებულს ხედავ მოძრაობას. ხედავ.. უფრო გრძნობ როგორ შემოიჭრა არქივის კარებიდან რაღაც უჩინარი. და ხედავ როგორ ტალღასავით იწევა ჭერი, ხოლო ჩაკიდული პაპკები ამ უხილავი ძალის გავლენით შენსკენ იხრებიან. სამი, ორი, ერთი მეტრი.. და მერე მკერდში დარტმა.. და კი არ გესმის, მთელი ტანით შეიგრძნობ: ბუბუუუმ!!! განუმეორებელი შეგრძნებაა.
და მერე გამაოგნებლად შეცვლილი ხალხი, პანიკა.. სრულად გაუგებარი ჩემთვის.. ქალები ტირიან, კაცები რეკავენ.. ამაოდ. ხაზები ერთ წამში გადაიტვირთა. და კიდევ უფრო მოულოდნელი იყო, როდესაც სახლში დავრეკე და ჩემმა დამ ნამტირალევი ხმით მითხრა რომ ეშინია. მოულოდნელი იმიტომ, რომ ჩემზე ძლიერი მეგონა ყოველთვის. არ მეშინოდა მე. მართლა არ მეშინოდა. უფრო ნერვები მომეშალა იმიტომ, რომ ჩემს გარშემო უამრავი უსარგებლო ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს პანიკის დათესვა და გაწონასწორებულ ადამიანსაც აპანიკებდნენ. მერე ყველა გაიკრიფა სახლებში, მე კი დავჯექი ტელეფონთან და თბილისიდან შემოსულ ზარებს ვპასუხობდი: ნუ გეშინიათ, კარგადაა ყველაფერი, ყველა ცოცხალია, ტუდა-სუდა.. მერე წავედით.. თუ 7 ში წავედით.. მოკლედ, წავედით და რამდენიმე თანამშრომელმა სისხლი ჩავაბარეთ.
არადა ჩვეულებრივ მიდოდა ცხოვრება.. ხალხი ჯარში შედიოდა კონტრაქტით, რომ მერე აღებული ფულით მაცივარი ან ტელევიზორი ეყიდა.. მიდოდნენ ორკვირიან რეზერვში, სადაც ავტომატის დაშლა-აწყობის ნაცვლად სამშობლოს მგზნებარე სადღეგრძელოებს სწავლობდნენ.. "თქვენი მოგებული ომის დედა მოვ%$#ნ მე!" - ამბობდა თავის დროზე ერთი წინასწარმეტყველი კაცი. გვყავდა მეთაურები, რომლებსაც ალბათ ცხოვრებაში ერთი სტრატეგიული თამაშიც არ ქონდათ ნათამაშევი, თორემ ხომ არ გამორჩებოდათ ავიაციის როლის გათავისება.. და რა თქმა უნდა ყველა დიდი ოპტიმისტები ვიყავით, რას ქვია რუსეთი შემოვა, მისი კი არააო. ჰა, ის როგორ იყო, კოკოითი რომ ითხოვდა პუტინისგან, არიქა ქართველები მავიწროვებენ და დამიცავით, როგორც რუსეთის მოქალაქეო? როგორ იყო, რომ დავცინოდით, აგეწვა კუდი კოკოითოვო?

უფ, რამდენი მიწერია კაცო. იმის თქმა მინდოდა, რომ ომი რა თქმა უნდა ფარჩაკობაა, მარა მარტო რუსებზე გადაბრალება არ იქნება სწორი. როგორც იტყვიან ხოლმე, თუ გატრაკება არ შეგეძლოთ, რაღას ატრაკებდითო. ვრაგუ ნე სდაიოტსა ნაშ გორდი ვარიააგ, პაშაადი ნექტოო ნე ჟელაააეეტ.. თუ როგორაა ესა?

მე სპეციალურად არაფერს ვიტყვი აღშფოთებულ და შეშფოთებულ ევროპასა და ამერიკაზე. ერთი იმის თქმა მინდა და დავამთავრებ ამაზე, რომ ამ კონფლიქტმა აჩვენა: აზერბაიჯანის იმედი არ უნდა გვქონდეს, სომხეთის იმედი იმ შემთხვევაში უნდა გვქონდეს, თუ მათ წაადგებათ, თურქეთის იმედი კი არა და შიში უნდა გვქონდეს, რუსეთის მორიდება უნდა გვქონდეს და უკრაინა.. უკრაინას თავის თავი გაჭირვებია ახლა. ჩვენს თავს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ, ხალხო.

გითხარით ვერ ვიტან თქო?

რატომ მოწონს ნეტა ხალხს ზღვა? აი, რა უნდა გააკეთო კაცმა ზღვაზე? წახვალ-წამოხვალ, მზეა, ნესტია, ნახევრად შიშველი უკვე გულისამრევი გოგოები და გაუგებარი ფასები. ჰო, კაი, ჩახვედი ზღვაში, გაცურე-გამოცურე, იყვინთავე, დაიხრჩე და გამოხვედი, დაწექი მზეზე, გაირუჯე (არადა დაიწვი სინამდვილეში). და მერე?
მე გამიგია დასასვენებლად წასვლა შენი ჭკუის ხალხთან ერთად, ბოლო-ბოლო დაჯდებით და მოჯოკრავთ ან ბურთს ითამაშებთ, ან ლუდს დალევთ, ან თავს მოიკლავთ სულ რომ არაფერი. მარა მშობლებთან.. ჰმ.. პენსიონერული დასვენება გამოგივიდა @ ვასასი. ვარ ახლა მე საპენსიო ასაკში? პლუს გავცივდი და სამყაროს ბლანტად ვხედავ. მეწვის კანი და არაფრის ხალისი აღარ მაქვს. სამუშაოზე მინდააა!
ჰო, კაი, ჯანდაბას, ერთ სახალისო ვიდეოსაც მოვაბავ.

Friday, August 6, 2010

კოლიმატორი

ჩეეემი სიფორჩხლეა ესაოოო

ნახეთ როგორ მოუხდა კოლიმატორი. :) შენდეგში იქნება სურათები კოლიმატორიდანაც. ახლა კი გევედი მე ზღვაზე.. ვერ ვიტან რა ზღვას.

Just პოსტი სურათებით

დავიწყოთ ბოლოდან. დღეს ლუდი ვსვით და ხინკალი ვჭამეთ ჭონამ და მე და კიდევ რამოდენიმე არაბლოგერმა. ატენური ვიცი მე ღვინო. მზესუმზირა.. ეე.. არა!

მანამდე იყო ჯეოსტარი და შესაბამისად კონცერტი.

მე და ბიძაშვილი (გიტარაზე რომ უკრავს), დავსეირნობდით სკრის მიმართულებით.

სადღაც ელექტროფიკაციის დასახლებასთან, რომელიც გორად ითვლება, შეგვხვდა მოტოციკლეტი კაშკაშა ფარებით, ბიჭი მძღოლით და დამშოკავი ტანის მქონე გოგოთ ამ ბიჭის უკან. ბიჭმა იკითხა ამ გზას რომ გავყვეთ სად ჩავალთო. იდეაში ამ გზამ ხაშურშიც უნდა ჩაგიყვანოს კაცი. ხაშურის ხსენებაზე გოგოს გაეცინა.


მაქსიმალური განვითარებული სიჩქარე ჩემი სპიდომეტრის მიხედვით იყო 40 კმ/სთ. ხოლო გარეთ ყოფნა დაიწყო გორის ციხის დალაშქვრით. ველოსიპედით ქვიან ბილიკზე ასვლა საოცრად ძნელი გამოდგა.. თუმცა არა შეუძლებელი.
მაგრამ კიდევ უფრო ძნელია უკან ჩამოსვლა. რჩევა: არ ახვიდეთ ასეთ გზაზე ველოსიპედით.

დაბოლოს, აბა რას იტყვით, ხომ ლამაზი საყურეებია?

Monday, August 2, 2010

ჯარისკაცი, სიონი და დაბადების დღე

უაზრო ბლოგი გაქვსო, ვერ გაიგებ რაზე წერო.. აი ახლა სათაურს შევხედე და კაცი-შვილი ვერ გაიგებს რაზე შეიძლება იყოს პოსტი. ნუ, არის ხალხი ვინც სხვისი კრიტიკით იქაჩება. ზოგი სიტყვებს აბრუნებს წინ და უკანს და ხალხს ეს უხარია. მე პირადად მომწონს ბლოგერი, რომელიც საინტერესო ადგილებში დადის და მინიმუმ ფოტოკოლაჟს და მაქსიმუმ ვიდეომიმოხილვას აკეთებს. სიმართლე გითხრათ, ერთი გამკილავი პოსტი მიტრიალებს თავში და მინდა "გამკილავი" გავკილო, მარა მერე ვიტყვი "დავჯექ და გამკილ-გავკილე, საქმე ვქენ საჭოჭმანები"-თქო და შარის თავი არა მაქვს რა. გორელი კაცი ვარ, ალალი და პირნათელი. ჰო, რას იცინიხარ, გაპარსული მაქვს წვერი და მშვენივრად გამოვიყურები.
მოკლედ, როგორც ყოველთვის დავიწყოთ ბოლოდან და ესაა ჩემი კლასის სურათი, გადაღებული 1996 წელს როდესაც ვიყავით მე-6 კლასში. წითელი ისრით აღნიშნული ვარ მე, მწვანე ისრით - ცირა. ცირა იყო ჩემი სკოლის სიყვარული და დღეს, ანუ 2 აგვისტოს ქონდა დაბადების დღე. ცირა, გილოცავ დაბადების დღეს და პატარას გაზრდა-ჯანმრთელობას გისურვებ შენს ქმართან და დასთან და დედასთან და ბლა-ბლა-ბლა და ა.შ. და მისთანები.

დიაღ, დიაღ! ღეოღრაფია გართოვდება. რაც არ უნდა გასაკვირვი იყოს, სიონში არ ვიყავი ველიკით ნამყოფი და აი, დღეს საღამოს, სამუშაოს მერე მე და მიშა ბიძაშვილი დავაჯექით ჩვენს ცოხეებს და ჰაიდაა.
როგორც აგერ გუგლი გვეუბნება, 11 კილომეტრამდე გზა გავიარეთ. აქედან 10 კილომეტრი იყო აღმართი. არის საშუალო სირთულის გზა, გამოცდილი ბაიკერი იოლად დაძლევს ამ მარშუტს. სამაგიეროდ გამოუცდელი ადრენალინის ზღვას მიიღებს უკანა გზაზე. იმიტომ რომ ის 10 კმ აღმართი ახლა დაღმართად იქცევა და იყო მომენტი, როდესაც ჩემი სპიდომეტრი 50 კმ/სთ ზე მეტასაც აჩვენებდა. სპიდომეტრი გასასწორებელია, ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ 55-60 ავკრიფე. გაფრთხილება: არარეკომენდირებულია ასეთი სიჩქარეების განვითარება თუ არ ჩანს იმდენი გზა, რომ შემდეგ გაჩერება შეძლოთ. იმიტომ რომ ჩემთვის მოვდიოდი 30 კმ/სთ ით და კამაზი გაიჩითა წინ მოსახვევში და შაანსი არ იყო ვერც ის ამივლიდა გვერდს, ვერც მე. ამიტომ გადავედი გზის მარჯვენა მხარეს, სადაც აღმოჩნდა ხრეშნარი. ხრეშნარზე დამუხრუჭება ზემკაცრად არარეკომენდირებულია, მე ეს გადამქართულდა.. მარა ცოცხალი ვარ, ნუ გეშინიათ. :)
და ბოლო საკითხია მე - სამხედრო ფორმაში. სამხედრო ფორმაში რამდენიმე სურათი მაქვს, მაგრამ ჩემს საკუთარ სამხედრო ფორმაში - არა. ასე რომ დღეის მდგომარეობით მე სრულიად მზად ვარ აირსოფტის წვრთნაზე წავიდე. ცოტა ცხელი კი იყო ეს ფორმა, მარა რას იზავ "ჯარისკაცს არ სცხელა, არ შია, არ ეძინება" @ ლეიტენანტი წიკო
Need a Light?

Sunday, August 1, 2010

ცოხე2, კაიფისტკა, გლორია და ადრენალინის ნორმალური დონე

დიდი ხანია ასე არ ყოფილა.
თუმცა მოდი დავიწყოთ თავიდან. პირველი იმის თქმა მინდა რომ რატომღაც მშობლებს არ ესმით ან არ უნდათ გაიგონ შვილების მისწრაფება-სურვილები ან შვილებს არ გვესმის მშობლების და შესაბამისად იქმნება ხიდჩატეხილობის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა ფორმულით: ეს რა თაობა მოდის. ნუ, ამ საკითხზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, საყვედური ბუმბულად გეჩვენებოდეთ ყველას და გადავიდეთ სიცოცხლის სადღეგრძელოზე.

გაუმარჯოს 1 - იანით აღნიშნულ მე-ს, 1' - ით აღნიშნულ ცოხე2-ს, 2 ით აღნიშნულ ცეცხლოვან შაქ-შაქ-ს, 2'-ით აღნიშნულ შაკოს ველიკს, 3-ით აღნიშნულ ბიძაშვილს (გიტარაზე რომ უკრავს), 3'- ით აღნიშნულ ცოხე-ს, გლორიასაც გაუმარჯოს, 4 ით რომაა აღნიშნული.. უფლისციხეს გაუმარჯოს, ფონს რომ გვიმშვენებს, იმ გავლილ 30 კილომეტრს გაუმარჯოს, დღეს რომ გავიარე და სამხედრო ფორმასაც გაუმარჯოს, აიროფტის წვრთნაზე რომ ჩავიცმევ და აგერ რომ მაქვს, ე. აბა ჰე, ვსვავთ ბოლომდე.

სურათში არა ჩანს ისე, მარა მემგონი პირველად მომეწონა რაღაც თბილისში. ნუუ, თუ აი ამას არ ჩავთვლით.
მარტორქა ვარ, ნუ მიყურებთ, რას ვგავარ.. :) მოკლედ, გვერდით რაც ობიექტებია, მობილის აპარატი წელავს და ამიტომ მაქვს ასეთი უცნაური ფორმის თავი. ისე "რეალში როგორი კარგი ბიჭი ყოფილხარ და ეტყობა არაფოტოგენური ხარ" @ კაიფისტკა. ნინო, მე მაპატიე, მაინც დავდე სურათი. იმიტომ რომ არაა ახლა ცუდი სურათი, რას ერჩი?
ისე ჩემმა შვილმა რომ.. ეე.. საინტერესოა, რა უნდა დაიწყოს ისეთი, რომ ვერ გავუგო. ნუ, ორი რამეა, რაზეც ძალიან სერიოზულად დავუპირისპირდები: სიგარეტი და ნარკოტიკები. მარა იმაზე, რომ ბავშვს უნდოდეს წვრთნა გაიაროს სამშობლოს დასაცავად თუ როგორცაა და ამისათვის საკუთარი ფული გადაიხადოს.. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი კაიფის საშუალება აქვს. ვიცი ადამიანი რომელიც კაიფს იღებს ზღვის დონიდან 4000 მეტრზე აკუმლატორის თრევაში და თევზის ჭერაში. ვიცი ადამიანი რომელიც კაიფს იღებს დრიფტში და ჯანმრთელ ექსტრიმში. ბანკში მუშაობამ მასწავლა პატივი ვცე სხვის აზრს რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის.
(მეტრო სამედიცინო ინსტიტუტი. ვიღაც კაიფს იღებს ბოძზე მაგალითების ამოხსნით)

მე არ ვიცი მივიღებ თუ არა კაიფს აირსოფტით, მაგრამ ნამვილად მივიღებ კაიფს, თუ ჩემს "სმიტ"-ს აი ამ კოლიმატორს დავუყენებ და მაგარ ვიდზე დადგება. დედაჩემი კაიფს იღებს სახლის მორთვა-მოკაზმვიდან და ეს უკვე ჰობიც აღარაა. სამწუხაროდ ის ვერასოდეს გაიგებს რატომ ვიღებ კაიფს ისეთი "უსარგებლო" ნივთების ჩემი ფულით შესყიდვით, როგორებიცაა ველოსიპედი, გლორია და სხვა. მას ურჩევნია ვიყიდო მართლა უსარგებლო ნივთები: ოქროს ჯაჭვი, ოქროს საათი და სხვა. არასოდეს ვიყავი მარიაჟი ტიპი და არც არასოდეს გავხდები. არ მაინტერესებს რას იტყვიან ჩემს პუჭურა ქალაქში.
ვსო, წავედი მე. ერთი სულიერი შემოვა და იტყვის რომ გემოვნება არა გაქვსო. მე კი ვურჩევ საკუთარ გემოვნებას მიხედოს, რომელსაც მე პატივს ვცემ. მეორე სულიერი შემოვა და მოაბოღმავს რაღაცას. ვეტყვი, თეიქ ით იზი, ბრატაან. და მესამე სულიერი, რომელიც შემოვა სავარაუდოდ, ასევე სავარაუდოდ რამე თბილ კომენტარს დატოვებს. ხოდა ვეტყვი, რომ მახსოვს კაცო. ერთი პრობლემა იმაშია, იქით კვირას სავარაუდოდ ქობულეთში ვარ. :)