Friday, April 30, 2010

ჩხირკედელაობა

ელექტრონული წრედები - ეს იქნება ამ ახალი რუბრიკის შინაარსი და ეს რუბრიკა იქნება იმდენად გასართობი, რამდენადაც შემეცნებითი და პლუს სასარგებლო. გპირდებით, არ მოიწყენთ და საინტერესო რამეებსაც ისწავლით. თქვენგან მოითხოვება ორად ორი რამე:
1. არ ჩაატაროთ ეს ცდები მაღალ ძაბვაზე (მეტი 12 ვოლტზე)
2, შეძლებისდაგვარად მიადევნეთ გულისყური ამოცანას.
მაშ ასე, დავიწყოთ. ამ პირველი პოსტის შინაარსი შეეხება იმ კომპონენტებს, რაც დავჭირდება შემდგომი ცდებისა და ხალისობისათვის. ამავე დროს არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ პოსტები მომზადებული იქნება 1981 წელს გამოსული წიგნის "ელექრონული წრედების გაცნობა" -ს საფუძველზე. ესაა მართლაც რომ შესანიშნავი წიგნი, რომელიც საშუალებას იძლევა აბსოლუტური ნულიდან დავიწყოთ ელექტრონული წრედების შესწავლა და გამოცდა (ეს ჩემი მრავალტანჯული მეგობარი წიგნია :))

პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, იქნება პირობითი აღნიშვნების შესწავლა. ესაა ელექტროინჟინერიის ანბანი და ამის გარეშე შააანსი არაა რამე გამოგვივიდეს. შეიძლება გამოტოვო გაკვეთილი, შეიძლება საერთოდ არაფერი ისწავლო, მაგრამ როგორც ანბანის სწავლის გარეშე არ გამოვა შენგან კაცი, ისე ამ სიმბოლოების სწავლის გარეშე არ გამოვა ჩვენი საქმე. სიმბოლოები სულ რამდენიმეა (სადღაც 5-7), ასე რომ ძნელი არ იქნება მისი შესწავლა.
პირველი და აუცილებელი დეტალია "გამტარი", ერისკაცობაში "მავთულს" რომ ეძახიან.
1-ით აღნიშნულია ჩვეულებრივი გამტარი.
2-ით - გამტარები, რომელებიც იკვეთებიან. ანუ ერთმანეთზე არიან გადაბმულები. ან უფრო გასაგებად, ერთში თუ გავა დენი, მეორეშიც გადავა.
3-ით ისეთი მავთულებია აღნიშნული, რომელებიც არ იკვეთებიან და არიან იზოლირებულები ერთმანეთისგან.
შემდეგ, როგორც წესი, წრედში გვაქვს ხოლმე "ჩამრთველი" ან "გამომრთველი". აი ნახეთ,
1 ით აღნიშნულია ჩამრთველი. ანუ თუ ამას დავაწვებით, მაშინ დენი გაივლის
2 ით აღნიშნულია გამომრთველი. თუ ამას დავაწვებით, დენი აღარ გაივლის.
წრედი რისი წრედია, თუ დენი არ მოდის საიდანმე. ხოდა ეს ზედა ნიშნები აღნიშნავენ დენის წყაროს.
1 - ესაა ერთი ჩვეულებრივი საცოდავი 1.5 ვოლტიანი ელემენტი. დიდი მსხვილი ხაზი ნიშნავს "პლიუსს" (აი, ამოწეული მხარე რომ აქვს), მეორე შესაბამისად "მინუსს"
2 - ვოლტნახევარი დიდი ვერაფერი ბედენაა, ამიტომ როგორც წესი ელემენტებს აერთიანებენ ბატარეაში. მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბატარეის თითოეული ელემენტის "პლიუსს" უნდა უერთდებოდეს მეორე ელემენტის "მინუსი". ხოლო დენი გამოვა პირველი და ბოლო ელემენტებიდან. ასე ბატარიის ვოლტაჟი იზრდება. მაგალითად თუ ორ ვოლტნახევრიან ელემენტს გავაერთიანებთ ბატარიაში, მივიღებთ 3 ვოლტს. ოთხ ცალზე - 6 ვოლტს და ასე შემდეგ.
3 - ხანდახან მოსახერხებელია სქემაზე დენის წყარო ასეთი რგოლებით იყოს ასახული. მაგალითად 12 ვოლტის მისაღებად 8 ელემენტის დახატვა დაგვჭირდებოდა, რაც ნახაზის გაწელვას გამოიწვევდა. ამიტომ ასე დავხატავთ რგოლებს და მივაწერთ, რომ აქ მოდის 3 ვოლტი (როგორც ნახაზშია)
ეს კაი, დენი გვაქვს, ჩამრთველი გვაქვს და დაჟე მავთულებიც გვაქვს. მარა რაღაცაში ხომ უნდა გამოვიყენოთ ეს დენი? ხოდა აი, სამი ძირითადი დენის მომხმარებელი.
1 - ასე აღინიშნება ნათურა. ჩვეულებრივი ნათურა, სპირალიანი. 3 ვოლტიანი მემგონი 1 ლარი ღირს. ამის შოვნა პრობლემა არაა.
2 - ეს კი ელექტროზარია. მახსოვს ადრე საათი მქონდა ხოლმე მაღვიძარიანი და ისე წიწინებდა, გული მიქონდა. ელექტროზარად ეგეც გამოდგება.
3 - ძრავი, იგივე "მატორი" ესეთები უყენიათ პატარა ქაცარა სათამაშოები რომაა, მანქანები, მავთულიანი პულტი რომ აქვს. სხვათა შორის პულტში 2 ელემენტი ჩადის და სწორედ რომ ბატარიას ქმნის.
დაბოლოს, საჭირო ნივთები:
1 - რელე. გამოიყენება რაიმე პროცესის ავტომატიზაციისათვის ან დაბალი დენით მაღალი დენის ჩასართავად. ანუ მაგალითად უნდა ჩაირთოს 10 000 ვოლტი სადმე. ასეთი ძაბვა რომ ხელით ჩართო ჩამრთვლით, არის რისკი რომ იბანჯღალავო და ბოლიც აგივიდეს. ამიტომ 12 ვოლტიან რელეს ავალებენ რომ შეასრულოს ეს საქმე. :)
2 - გადამრთველი. აუცილებელია დენის მიმართულების მისაცემად. მაგალითად თუ გვინდა ნათურას ავანთებთ, თუ გვინდა ზარს დავრეკავთ.
3 - კონდენსატორი. ჩვენ მაინცდამაინც არ გამოგვადგება, ასეთ მაღალ ტექნოლოგიებს არ ვგეგმავთ. მაგრამ ეგდოს მაინც, რაც არ უნდა იყოს, პატარა წვლილი არ მიუძღვის თუნდაც იმაში, რომ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ.
4 - ელექტრომაგნიტური კოჭა. ესაა რამეზე დახვეული მავთული. გამოყენება მრავალმხრივი აქვს. ჩვენ პრინციპში არც ეს დაგვჭირდება მაინცდამაინც. მარა აი ჯართის გადამტანი ამწე რომ დგას პორტში, იმას უკეთია ცხვირზე ვეებერთელა ასეთი რაღაც. ხოდა რომ ჩართავს ხოლმე, წარმოიქმნება მაგნიტური ველი (რაც მაგნიტს აქვს საერთოდ) და იმ ჯართს მიიკრავს. მერე როცა აღარ უნდა, გამორთავს და ჯართიც ჩამოცვივა.
აბა ხალხო, ხვალე ვიწყებთ სწავლებას და დავალებებს. ხოდა ვისაც გული უწევს სწავლისაკენ, ახლავე დავწერ შემდეგ პოსტს, სადაც რამდენიმე ბაზური ამოცანა იქნება განხილული.

No comments: