Tuesday, December 31, 2013

ჩემი 2013

რამდენიმე ათეული წუთი რჩება და კალენდარული 2013 წელი ისტორიას ჩაბარდება. ვზივარ ჩემს დიიდ ოთახში, წინ მიდგას უგემრიელესი ნამცხვარი.. მმ.. მართლა კარგია. და შესანიშნავ განწყობაზე ვარ დილის 7 საათზე ადგომის, ჯამში 3 საათი გზის და 5 ის მაგივრად ისევ 7 ზე დამთავრებული შრომის მიუხედავად. ასე, რომ Let's Roll და გადავავლოთ თვალი 2013 წელს.



2013 წელი იყო ყველაზე დატვირთული, პროდუქტიული, ემოციური და შემომტანი წელი ჩემს ცხოვრებაში. ახალ თანამდებობაზე წინა წელს გადავედი და 2013 ში საშუალება მქონდა აიტის მთელი მშვენიერება და უპირატესობები შემეგრძნო. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ნოკია N82 ის ნაცვლად Samsung Galaxy s Duos მაქვს, რაც რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯია და მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეს მიმწარებს ეს ტელეფონი, უკვე მიძნელდება მის გარეშე.






იყო საშუალება მეგრძნო თავი "ძალიან საჭირო პიროვნებად" (VIP), მომიწია რა კონფერენციაზე დასწრება და მისი აუდიო და ტექნიკური მოთხოვნების მხარდაჭერა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყველა დიდი საქმე პატარა კაცებზე დგას, ისეთებზე, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ მათ გარეშე არაფერი ხდება. ჩინეთის კედელი იმპერატორმა ცინმა არ ააგო, ჩინელმა ხალხმა ააშენა. პირამიდების მშენებელი ეგვიპტელები სწორედ VIP ხალხი იყო, ძალიან საჭირო პიროვნებები.


წელს პირველად გახლდით მივლინებაში და ამ პირველ ჯერზე გახლდით ბათუმში. მე ბათუმი შემიყვარდა. ვიღაც იტყვის, რომ ზღვრული სარგებლიანობის თეორია და ბორჯომიც მაგიტომ გიყვარსო, მაგრამ ბორჯომის სიმშვიდეს თავის ხიბლი აქვს და ბათუმის სიმეტრიას თავისი. დილით წამოშლილი ნისლები შემიყვარდა, ტექნიკური უნივერსიტეტის გრანდიოზული და ვაგლახ მიტოვებული შენობა შემიყვარდა, აჭარული აქცენტი შემიყვარდა, ვიწრო ქუჩები შემიყვარდა, ბათუმის წვიმა შემიყვარდა და ლაგუნას აჭარული ხაჭაპური შემიყვარდა. ძალიან გული მწყდება, რომ არ შემიძლია ბათუმი ჩავიხუტო.


სამუშაოს მოთხოვნილებიდან გამომდინარე გადავედი მაგთიზე და ისევ დავბრუნდი ბალზე. რამეთუ ბალი სულ სხვაა. კარგი მუშაობისთვის მაჩუქეს ჩაი. ბევრი არაფერი, მაგრამ რომ გაფასებენ კარგია. :) პლუს 2013 წლიდან შემიძლია ვთქვა, რომ ხე მაქვს დარგული. ვაშლის ხე. აბა გორელისგან რას ელოდით? :D სახლი უკვე აშენებული მაქვს 2007 წელს (თუ არ ვცდები) და ახლა შვილი მაკლია მარტო.


აი აღარც კი ვიცი რომელი ერთი გავიხსენო. ზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტიურობამ მოიმატა. გავსინჯე ასე გარეკლამებული კონენს სპილბერგი - ლუდი, რომელმაც დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დავესწარი ჩემს ბანკზე კლიპის გადაღების პროცესს და ვნახე 6 ძრავიანი დრონი - ვერტმფრენი, რომელიც კამერას დაატარებდა და ასე ჰაერში იღებდა. მივედი და გავმართე არქივის ოთახები - მომიწია კედელზე სპაიდერმენივით სიარული და ქსელების (მასე ქვია, ქსელის კაბელები) გაყვანა. ვიყავი აეროპორტში და მასთან მრავალჯერ, გავმართეთ რა აეროპორტის ფილიალი. ჩრდილომეზებლურისსახელიანმა გოგონამ საკუთარ უნივერსიტეტში წამიყვანა და ძალიან ძალიან სახალისო იყო ლექციაზე დასწრება. ჩემი მიძინებული ტვინი ისევ დაიქოქა და ყველაზე მეტად მე და ლექტორი ვაქტიურობდით. ასევე პირველად გავიკეთე ლინზები და მივიღე შოკი - მხედველობა Full HD ხარისხში, პირველად ვნახე 3D ფილმი და მივიღე მეორე შოკი.. მერე კი 90-იანი წლების უდენობას და სიცივეს გადარჩენილი ხეები მოჭრეს ჰოსპიტლის ეზოში და მესამე შოკი მიმაღებინეს. :(


მერე იყო ზაფხული და ველოტურები. ტყუილად მეგონა, რომ 2013 წელს ველოსიპედზე არ ვმჯდარვარ თქო. არა მარტო გასვლები მქონდა, არამედ თავზეხელაღებული მიზანი - ავსულიყავი გორიჯვარზე ველოსიპედით. ეს ისეთი აღმართიანი გზაა, მანქანები რომ პირველი სიჩქარით ძლივს ადიან. თუმცა მცდელობა დამიფასდა და გზის რეაბილიტაციის ზედამხედველმა ამერიკელებმა დამინახეს, ინტერვიუ ჩამომართვეს  და დამპირდნენ - ველობილიკს გავაკეთებთო. ჩემი აზრით დიდი სისულელეა ეს ჩანაფიქრი, მაგრამ ველობილიკი მართლაც უკვე არის გაკეთებული და ყველა ექსტრემალს შეუძლია ავიდეს და კიდევ უარესი - ჩამოვიდეს ამ გზით.


სხვა მრავალ საქმიანობასთან ერთად, როგორიცაა ზემოხსენებულ გოგოსთან ერთად პიცაობა არკ კაფეში, კიდევ უფრო ხალხმრავალი გორიჯვრობა, უძაანეს წვიმაში სწრაფად მოარული ტაქსით მგზავრობა (როდესაც სადაცაა მორწმუნე გახდები) - არის კიდევ ჩემი დაბადების დღეც და საშვილიშვილო პროექტი: ჩვენი ოჯახის დიდი ალბომის გაციფრულება. კერძოდ ჯადომ, რომელ არს ჩემი ძმაკაცი, მათხოვა სკანერი და სამი დღის მანძილზე ვასკანერე და ვაფოტოშოპე 800 ზე მეტი სურათი. ჩემი თავით აღფრთოვანებული ვარ. ერთი ისაა, რომ ზოგიერთ ძველ სურათზე ვიღაც ხალხია გამოსახული, სავარაუდოდ ახლობელი ხალხი უნდა იყოს და ვინ არიან, არ ვიცი. :(


ახლა მობილის სურათებს ვათვალიერებ, აპრობირებულ მეთოდს მივყვები და ვიხსენებ ასე რა მოხდა და როდის. ხოდა იმდენი კარგი სურათი მაქვს, იმდენი მოვლენაა, რომ აღარ ვიცი რომელი ერთი დავდო. ამიტომ კახეთის მივლინებას გამოვყოფდი. თვითონ კახეთი ულამაზესი მხარე, მშვენიერი გოგოებით, ჯიგარი ხალხით და საოცარი ძეგლებით. პლუს კარგ სასტუმროში დაგვაბინავეს, სადაც პირველად ვნახე დუშკაბინა რადიოთი. ჩემთან ერთად ვინც იყო, შედიოდა და აღარ გამოდიოდა ხოლმე ისე მოეწონა. :D კახეთს ერთი აბზაცით ვერ აღწერ. თან ჩვენ ივნისში ვიყავით და ამ დროს გრანდიოზულია, სულის შემძვრელია კახეთი. როგორც იტყვიან, Must See!


მერე იყო "ჩემი მეორე ნახევარი". ამ დროს პირველად ვიყავი 7D ატრაქციონზე რუსთაველის კინოთეატრში და შთაბეჭდილებების ქვეშ ახლაც ვარ.


ამ სურათზე ჩემი უფროსის დაბადების დღეა. უფროსი ისაა, ტორტი რომ უჭირავს. ტორტი კი უბრალო კი არაა, ზემოდან მაზერბორდი ახატია. მაზერბორდი ისაა, კომპიუტერის კომპონენტები რაზეც ამაგრია. ამიტომაც ქვია მაზერ ბორდ - დედა დაფა. მე ძალიან ჯიგარი უფროსი მყავს. ამის დასადასტურებლად მედალიც გავუკეთე - ყველაზე ჯიგარი უფროსი - და ლენინის ორდენისავით სურათი. :)


24 ივნისიდან ვიდრე თვენახევარი დავდიოდი Delta Learning-ში და ვითვისებდი მონაცემთა ბაზების დეველოპმენტს SQL Server 2010 ის გამოყენებით. ეს იყო ჩემი პირველი ტრენინგი, რომელშიც ფული ბანკმა გადაიხადა და რომლიდანაც ძალიან ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღე. იმდენად დიდი, რომ სულ ვერ დავიმახსოვრე და ახლა რვეული მაქვს, რომელიც სავსეა სიტყვებით: Select, If, Not in და ძმანი მისნით.


ეს ფული არ მახსოვს რისია და რატომ არის ამდენი. ერთი ის მახსოვს, დიდი დასტა იყო, ავაფრიალე ჰაერში და მერე 100 ლარიანს ვერ ვპოულობდი. :D


ეს ყაზბეგია. მშვენიერი მხარე საოცარი ხედებით. ბანკი წავედით და არ ვიცი რა ვთქვა, გადასარევი იყო. მით უმეტეს რომ "ჩემი მეორე ნახევარი" გვერდით მყავდა.


თავი რომ არ შეგაწყინოთ, ძალიან ბევრ პაემანს გადავახტი და ბოტანიკურ ბაღში პირველ გასეირნებასთან მოვედი. ნახეთ, როგორ მიხარია. :D რა თქმა უნდა თბილისის ბოტანიკური ბაღი ბათუმისას ვერ შეედრება, მარა ქალაქის ხმაურისგან გარიდების ძალიან კარგი საშუალებაა.


4 აგვისტოს მანქანიანთა რიგებს შევურთდი ჩემი ოპელ ვექტრა ბე "პანჯაპი"-თ. და რა გავაკეთე პირველი? დავჯექი და ჩვენს ქუჩას ავყევი ბოლომდე და ჩამოვყევი - სულ არა ყოფილა ე შოფრობაი ძნელი, არა კაცო. :) უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მანქანა დამყავდა ხოლმე მამაჩემის, და ისიც მაშინ, როდესაც მამაჩემი მთვრალი იყო და მე ვმძღოლობდი. შესაბამისად ტვინს მიბურღავდა მითითებებით ტიპა "ის კაცს აარიდე, არ დააჯახო", "მარჯვენა ზოლში იარე", "წითელზე გაჩერდი", "აი იმ ქალს ხომ ხედავ? შეიძლება გული წაუვიდეს და გზაზე დაეცეს. ამიტომ წინასწარ უნდა გათვალო და ისე აარიდო, რომ არ დაეჯახო. შენთვის გეუბნები"


სოფელში წასვლა და ქეიფი კაპოტზე.


ბორჯომში წასვლა და წვიმაში, სიცივეში და სიბნელეში მართვა. თან ძალიან მაგრად.


ბათუმში ჩასვლა, პირველად მოძრაობა ხალხით და მანქანებით გატენილ ქუჩებში, პირველად მოშლილი ნერვები საჭესთან და პირველი გავლილი 1000 კილომეტრი.


მერე იყო რთველი, მერე იყო აინავზე პლასტიკატის გაკვრა (რაც ასევე საშვილიშვილო საქმეა), მერე იყო ვენდის მონახულება პირველად და ასევე იყო თელავის, ალავერდის, შუამთის მოვლა ჩემი მანქანით, როდესაც ჩემთან ერთად იყო "ჩემი მეორე ნახევარი".


ჩემი "ატომური მანქანა" :) რავარი ტატუა, უხდება ხომ? :)


ეს კი არის თავისუფალი თეატრის სცენა, სპექტაკლი "მშვენიერი ქართველი ქალი" ავთო ვარსიმაშვილის დაბადების დღე იყო ამ დღეს, რეჟისორის. სპექტაკლი არის ძალიან სახალისო, ადრეც მქონდა ნანახი და მაშინაც ბევრი ვიცინე. ამავე დღეს ვიყიდე ფეხის ნასოსი მანქანისათვის და ეს ბოლო დღე იყო, როდესაც "ჩემი მეორე ნახევარი" ჩემს გვერდით იმყოფებოდა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ As you wish, როგორც იტყვიან.


ესაა ლეონარდოს ხიდი - ამ კონსტრუქციას არ ჭირდება წებო და სამაგრები. მთელი ხიდი მხოლოდ გრავიტაციას და ხახუნის ძალას უჭირავს. თუმცა ამ ხიდს ერთი თვისება აქვს, რომელიც ძალიან ფართოდ შეიძლება გავრცელდეს ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე, ცხოვრებაზე ზოგადად: საკმარისია თუნდაც ერთი ხე გამოაცალო რომ მთელი კონსტრუქცია წამებში იშლება.


15 ნოემბერს დაიწყო ეზოს გამყოფი კედლის მშენებლობა.


17 ნოემბერს 10 წუთიანი თეორიული სწავლების და 5 წუთიანი პრაქტიკის შემდეგ ჩემმა დამ გორიდან ჩამიყვანა ქარელში - რითაც თავდაყირა დააყენა ყველა წარმოდგენა იმაზე, რომ ქალებმა მანქანის ტარება არ იციან. პირადად მე ჩემს დას უფრო ვანდობ ახლა საჭეს, ვიდრე ზოგიერთ ბიჭს.


23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, როდესაც ფეხით მიდიოდა ხოლმე ხალხი გორიჯვარზე, რამეთუ გზა იყო ცუდი, და ახლა საშუალება მიეცა მანქანით ასულიყო ბოლომდე, გამოჩნდა ის, რომ კიდევ მრავალი ათწლეულის მანძილზე არაფერი გვეშველება თუ ამ ტემპით წავედით. და ჩემი ოპტიმისტური ვარაუდი, რომ 50 წელიწადში ქალაქებში მაინც მოსახლეობის შეგნება დამაკმაყოფილებელი მაინც გახდებოდა, დაამსხვრია როგორც ამ საცობმა, ისე თბილისში მოძრაობამ. ათჯერ 50 წელი არაფერი გვეშველება. ვაფშე არაფერი!


3 დეკემბერს პირველად მომიწია მოყინულ გზაზე სიარულმა. ამ ვითარებას მომზადებული შევხვდი და რეზინის საბურავები მეყენა, მაგრამ გამოცდილების უქონლობის გამო მაინც ცოტათი ვღელავდი. მით უმეტეს რომ ძლიერი გვერდითი ქარი იყო, შუქები გამორთეს ტრასაზე და ძლიერი თოვა წინ რა ხდებოდა იმის დანახვას ართულებდა. თუმცა მალევე გავუგე მუღამი: ზუსტად ისევე უნდა ატარო, როგორც მშრალზე, ოღონდ უძაანესად შენელებულმა. ისე მეგონა, რომ ყველა ჩემი მოქმედება 5 ჯერ ან მეტჯერ იყო შენელებული. ნეეეელა და ზღნარად, 10 კილომეტრი საათით ჩამოვბობღდით გორში, სადაც მოცურებისას მანქანის გასწორების თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენე და საკუთარ თავში კიდევ უფრო ამვაღლდი.


როგორც იქნა მივხედე დიდი ხნის გეგმას და რამდენიმე კვირიანი ბურღვის, ჩიჩქვნის, დასხივების, ტკივილის და ჯანდაბის მერე ჩავისვი კბილები. ახლა ადამიანს ვგავარ და გაღიმება აღარ მერიდება. ნიუ დენტი სასწაულებს ახდენს.. ერთი ისაა, რომ თითქმის მთელი ხელფასი დამიჯდა ეს სასწაული და ამის გამო ამ თვეში გაუთვალისწინებელ მინუსში ვარ. :)


28 დეკემბერს, ახალ წლებთან დაკავშირებით, ისეთი საცობი დამხვდა თბილისის გასასვლელში, რომ ნახევარი საათი მარტო 1 კილომეტრის გავლა მოვახერხე. პლუს მაგას,როგორც აღმოჩნდა, ამ ჭეჭყვასა და უბედურებაში ჩემი სარკე გავუსვი ვიღაცის სარკეს. მოვდივარ ჩემთვის და მისიგნალებს ვიღაც. გადავედი მარჯვნივ, გადმოვიდა ისიც. მერე რამის დამაჯახა. ხოდა ჩავუწიე და ვეუბნები რა გინდა თქო. გადააყენეო. გადავაყენე. სარკე რომ გამისვი რას აპირებო? ღმერთი, რჯული, რა სარკე, მასეთი არაფერი მიგვრძნია თქო. მერე ვნახე - პატარათია გაფხაჭნილი ჩემი სარკე, ალბათ მართლა გავუსვი. მარა ის კაციც ღვთისნიერი გამოდგა, თავიდან კი მითხრა, რა არის სარკე რომ გამაცალეო, მარა შევხედე კაცო და სარკე ადგილზეა. ხოდა ხომ არ დაგეხმაროთ თქო რამით თქო. და არა ჯიგარო, საცობია და არა უშავს, წადიო. არადა კაცო, ისე ცუდად ჩამრჩა გულში, აი სარკის გასმა რაღა ჭირია, მით უმეტეს რომ ასე ნელა მიდიხარ. მარა იქნებ იმის ბრალი იყო და უცებ გადმოუხვია? ა ჩორტ ევო ზნაეტ.


ხოდა, ჩემო კარგო ხალხო, აი ასე გაგვეპარა 2013 წელი. წინა წლის სახსოვრად აი, ხუთ ლარიანებზე ჩემი DJ და თარიღი მივაწერე. თუ ვინმეს შეგხვდეთ, არ მოგერიდოთ, დაწერეთ. :) აქ ჩამოთვლილების გარდა კიდევ ბევრი სასიამოვნო და ჭკუის სასწავლებელი რამე მოხდა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი. მინდა გისურვოთ ისეთივე მაგარი მფარველი ანგელოზი, მე რომ მყავს (არადა მართლა მაგარია, იმდენჯერ დამიცვა, ძალიან მიყვარს). გქონოდეთ ჯანმრთელობა, მუშაობის ხალისი და საშუალება. გვესვას, გვეჭამოს, ერთმანეთი არ დაგვეჭამოს, სხვა კი არაფერი შეგვრჩება ცხოვრებაში.


ხო, მართლა, იქნებ ცოლი მოვიყანო 2014 ში, თორემ სირცხვილია უკვე კაცო.

No comments: