Saturday, November 28, 2009

გავლის მეთოდები

გამიარა. :)

ხომ ვთქვი გამივლის თქო. ხოდა გამიარა. კი, დღეს დილით ჰამბურგერზე ან მისავით გორაკებზე მინდოდა რამის დაწერა, მაგრამ ჯერ ერთი რომ ძუძუზე ჯერ ლექსი არავის დაუწერია, რამდენადაც ვიცი. მერე კიდე მაგარი პახაბნობა (ანუ ქართული ანალოგი - უტიფრობა) გამოვიდოდა. მთავრი კი ისაა, რომ გამიარა.

და იმის გამო, რომ ყველას მოშნად (ძრიელ) ჰკიდია გამიარა თუ არა, გთავაზობთ გავლისათვის რეკომენდირებული მეთოდებს.

მეთოდი პირველი - გავლა პირველი ნახვით შეყვარებისას

საერთოდ ადამიანები აზრზე არა ვართ არაფრის. დღეს რომ ერთი რამე მიგვაჩნია სწორად, ხვალ საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ. ცნობილი ფაქტია - ერთი ნახვით ის ადამიანი კი არ გვიყვარდება ვინც "შეგვიყვარდა", არამედ ჩვენ თავში წარმოდგენილი არარსებული, ვირტუალური პიროვნება. ამის საწინააღმდეგო აპრობირებული და მუდამ მოქმედი მეთოდია - მეორედ გაცილებით ყურადღებით შეხედვა. ავადმყოფობა ჩანასახშივე უნდა მოიკლას. ასე რომ გაამახვილეთ ყურადღება მის ცუდ კანზე, ქერტლიან თავზე, გაუპარსავ.. ნუ რაცაა გაუპარსავი. :) ხოდა გაგივლით.


მეთოდი მეორე - გავლა დეპრესიისაგან

დეპრესია ესაა სულის მდგომარეობა, როდესაც მას გასაკეთებელი არაფერი აქვს. ჩვენ - როგორც ცნობილია ნიჭიერი (ანუ დიდი სულს მქონე) მაგრამ ზარმაცი (ანუ ზარმაცი) ერი ვართ. სული კი, როგორც აკადემიკოსმა ნოდარ დუმბაძემ დაადგინა, მძიმეა. წარმოიდგინეთ ახლა დიდი, მძიმე და ხშირად ყურადღება მიუქცეველი საგნის ტარება როგორი ძნელია, მით უმეტეს თუ ზარმაცი ხარ. ამიტომ გთავაზობთ გამოსავალს - დეპრესიის დროს
ა) მოიკალით თავი. ასე შრომა და სულის ტარება აღარ მოგიწევთ
ბ) ატარეთ სული სხვებთან ერთად. ანუ წადით თქვენი მარკისა და მოდელის მეგობრებთან.
გ) მიყიდეთ სული ვინმეს. ეს არაპოპულარული მეთოდია, იმის გამო რომ შემდეგ დიდი პროცენტებია სახდელი.
დ) აჩუქეთ სული ვინმეს. ფრიად გავრცელებული მეთოდია და ხშირად აქეთკენ აპირებენ ხოლმე განვითარებას ხელმოცარული მავანები, თუმცა ასევე ხშირად ვერ ახერხებენ.
ე) დაივიწყეთ სული. ანუ დალიეთ ალკოჰოლო. ამას ორი გაგრძელება ექნება. ან ა) ვარიანტი ან მკურნალობა შედეგს არ მოგვცემს.
ვ) ავარჯიშეთ სული. საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ არაა მოწონებული საზოგადო წრეებში დიდი დროის ხარჯისა და ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობის გამო.


მეთოდი სამი - გავლა უპონტობისაგან

ამ მდგომარეობას სამეცნიერო წრეებში ეძახიან "უსაქმურანთინო გართობუნდანტო". საერთოდ უპონტობა გამოწვეულია ორი ფაქტორით: შიდა და გარე. შიდა ფაქტორებია: დეპრესია, შიმშილი, მცირე ფანტაზიიანობა და მისთანები. გარე ფაქტორებია: არაგუნდური კოლექტივი, უფრო მცირე განათლების მქონე კოლექტივი, აგრესიული კოლექტივი და მისთანები. უპონტობისაგან გავლის შემდეგი მეთოდებია ცნობილი:
ა) "აფრენინტო" - რამოდენიმე ერთნაირი მისწრაფების ადამიანი შეიკრიბება და აკეთებენ ერთი და იგივე საქმეს სინქრონში. ხტუნაობენ, მღერიან, პურმარილობენ.. ნუ, იმასაც აკეთებენ, აი ახლა რომ გაიფიქრე. :)
ბ) "ექსტრემილტო" - მძაფრი გრძნობების გამოწვევა სხვადასხვა მეთოდებით. იქნება ეს ადრენელინის მატება, ტესტოსტერონის მატება თუ ოპიატების მატება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ჰორმონების გადაჭარბებული რაოდენობის გამოწვევა რაიმე მეთოდით: მაღლიდან ხტომით, დიდი სიჩქარის განვითარებით, სტრიპტიზის ან მსგავსი ღონისძიებებით, ნარკოტიკების მიღებით.
გ) "ჭორნაბუირერო" - ძირითადად გავრცელებულია და ჩანს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფალი კომუნიკაცია ნებისმიერ თემაზე. დიდი ხნის აპრობირებულია და კარგად მოქმედებს მდედრების ფსიქიკაზე. სამაგიეროდ ანგრევს მამრების ფსიქიკას. ამიტომ რეკომენდირებულია სხვადასხვა ფსიქოლოგიური სქესის ინდივიდებმა ცალ-ცალკე განახორციელონ აღნიშნული მკურნალობა.

დღეისათვის სულ ესაა. შემდეგ ნახავთ ჩემს პირველ ვიდეო პოსტს.. როცა ჩავწერ, რა თქმა უნდა. :)

No comments: