Tuesday, June 8, 2010

გარგანტუას ბავშვობის ამბავი

ვერასოდეს ვკითხულობ ამ თავს ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელში" ისე, რომ სიცილის ცრემლები არ წამომივიეს. მოკლედ რომ ვთქვა, ფრანსუა რაბლემ დაწერა წიგნი შუა საუკუნეების ფრანგულ აღვირახსნილობასა და სიდებილეზე. მთელი წიგნის მანძილზე შეიძლება შეუჩერებლად იცინო, მაგრამ ბოლოს სევდანარევი გრძნობა გრჩება - როგორი საცოდავი, გაუმაძღარი, არაპატიოსანი და უაზრო ხალხი იყო მაშინ.. ნუ, ახლაც არა უშავს. თუმცა მოდი გადავიდეთ საქმეზე. მაშ ასე, ყველაზე სასაცილო თავი:

სამიდან ხუთი წლამდე გარგანტუას ზრდიდნენ და კვებავდნენ სათანადო წესით, მამის განკარგულების შესაბამისად და დროს ატარებდა მისი ქვეყნის ყველა პატარა ბავშვივით, სახელობრ: ჭამდა, სვავდა, ეძინა; ეძინა, ჭამდა, სვავდა; ეძინა, სვავდა, ჭამდა. მუდამ ტლაპოში ეგდო, ცხვირს ითხუპნიდა, პირს იგანგლავდა, ფეხსაცმელს ცვეთდა, ბუზებს იჭერდა და მამამისის მამულში მოფარფატე ყველა პეპელას დასდევდა. ჩექმაზე იფსავდა, შარვალში ისვრიდა, ცხვირს სახელოთი იწმინდავდა, წვნიან ჯამში აფურთხებდა, ყველა გუბეში დაშლაპუნებდა, წყალს ქალამნით სვავდა, მუცელს კალათით იფხანდა, კბილებს კალაპოტზე ილესავდა, ხელს კერძით იბანდა, თავს ყანწით იფხანდა, ორ სკამს შუა ჯდებოდა, სველ ჭილოფს იხურავდა, წვენს წყალს აყოლებდა, ნაზუქს პურს ატანდა, სიცილით იკბინებოდა, იკბინებოდა და იცინოდა, ჭაში აფურთხებდა, ქონიანი საჭმელებისგან ქარი სძვრებოდა, წვიმით გალუმპული ისევ წყალში მიიწევდა, გაციებულ თონეში ლავაშს აკრავდა, ვირივით ყროყინებდა, პირჯვარს მაიმუნივით იწერდა, თავის ცხვრებს უბრუნდებოდა*, თევზს ბალახში იჭერდა, ძროხას უნაგირს ადგამდა, კურდღელს უღლითა კლავდა, საცა არ ეფხანებოდა - იფხანდა, და სხვის საქმეში ცხვირსა ყოფდა; სიზმრებს დაძინებამდე ხედავდა, საპნის ბუშტებს უშვებდა, ოცნების კოშკებს აგებდა - ერთი სიტყვით, იმთავითვე მისი ცხოვრება მარტოოდენ სიტკბოება იყო.
კიდევ რას შვრებოდა? ჩხირკედელაობდა, თავის იღლიას უღიტინებდა, სამზარეულოში ღმერთებს აგინებდა, ბუზებს ფეხებს აწყვეტავდა, ქაღალდს ფხეკდა და პერგამენტს ჯღაბნიდა, ცხელი ფაფის ჭამაში ვერავინ ჯობნიდა, ფაფით პირდამწვარი დოს სულს უბერავდა, ფეხს იქამდე სჭიმავდა სადამდეც საბანი გაწვდებოდა, ქვას აგდებდა და თავს უშვერდა, მთვარეს დარაჯობდა - ტურამ არ შეჭამოსო, რწყილს ტყავს აცლიდა, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, მამამისის ძაღლები და თვითონ ერთ ჯამში თქვლეფავდნენ, ის ყურებზე კბენდა - ძაღლები კი ცხვირს უკაწრავდნენ, ის კუდქვეშ უბერავდა - ძაღლები კი ლოყებს ულოკავდნენ. ჰოდა შენ ხარ ჩემი ბატონი, დასწყევლოს ეშმაკმა, ეს მამაძაღლი ღლაპი თავის გამდელებს უკვე ხელს უსვამდა ზევით-ქვევით, წინ და უკან ისე, რომ რომ ტრიალსღა ასწრებდნენ, თან ჰა და ჰა ტალიკის** ხმარებასაც იწყებდა, რომელსაც მისი გამდელები მუდამ დღე თაიგულებით, ბაფთებით, ლამაზი ყვავილებით და ლამაზი ფუნჯებით რთავდნენ. თავისი ასაკის ბავშვებივით რომ გართულიყო, გაუმართეს საუცხოო ფრიალა, რომელსაც მირბალეს დიდი ქარის წისქვილის*** ფრთები გაუკეთეს.

________________________
* - დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს. ერთ შუა საუკუნეების მოთხრობაში აღწერილია ამბავი, როდესაც ერთმა როჟამ ცხვრები დაკარგა თუ მოპარეს და ამან იჩივლა სასამართლოში. დამნაშავე მხარის ეშმაკი ვექილი (ადვოკატი) ყველანაირად ცდილობს მოსამართლე სხვა თემაზე გადაიყვანოს. ის საწყალი კი მთელი პროცესის მაძილზე იმეორებს: "დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს". ფრაზა გადაიქცა სიტუაციის სინონიმად, როდესაც სხვა რელსებზე გადასული თემის უკან დაბრუნება გინდა.
** - ტალიკი. ტალიკი ესაა თანამედროვე ტრუსის შუა საუკუნეების ანალოგი. განსხვავება ისაა, რომ ფაქტიურად ერთ-ერთი ჩასაცმელი იყო და არა საცვალი. მასზე იცმეოდა შარვალი, რომელსაც უბე არ ქონდა და ფაქტიურად თუ ტალიკის ხმარება დაგჭირდებოდა, შარვლის გახდა საჭირო აღარ იყო.
*** - დიდი ზომები. გარგანტუა გოლიათია. სურათებზე კარგად ჩანს რამხელა ზომების ადამიანია. ან ადამიანია კია? ფრანსუა რაბლემ მისი სახით გვითხრა, რომ ეს ღორობა და აღვირახსნილობა პატარა კი არაა, არამედ უკვე გოლიათურ ზომებს აღწევსო.

No comments: