Wednesday, May 5, 2010

ჩხირკედელაობა - კარები პაროლით

სალამი მეგობრებო. დღეს კიდევ ერთ ჩემს ტკივილზე მინდა გესაუბროთ, რომელიც ბავშვობაში მქონდა ოცნებად. ესაა ჩემი საკუთარი ოთახის საკუთარი პაროლიანი კარები. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს ძალიან სამოყვარულო დონეზე გაკეთებული პაროლიანი კარების სქემაა. თუმცა იქვე დავამატებ, რომ ის მუშაობს.
თავიდან მოგვიწევს ამ ეშმაკური მოწყობილობის აწყობა. ესაა ძაფის კოჭზე (1-იანი) დახვეული მრავალი რგოლი მავთული (2-იანი). ასე გამოგვივა საკაიფო ელექტრომაგნიტი. რაც მეტ რგოლს დაახვევთ, მით უფრო ძლიერი იქნება. ამავე დროს არ დაახვიოთ 100 რგოლზე ნაკლები (მავთულის სისქე 0.5 მილიმეტრიდან 1 მილიმეტრამდე). კოჭის შუაში არსებულ ხვრელში (3-იანი) დაახლოებით ნახევრამდე რომ შეწვდეს, ასე შევდოთ ლურსმანი (4-იანი). მთელი ეს კონსტრუქცია უნდა  დამაგრდეს კარებზე. პრინციპი ასეთია: თუ ელექტრომაგნიტი გამორთულია, ლურსმანი გრავიტაციის ძალით დაბლაა და კარებს კეტავს (ურდულის პრინციპით). თუმცა თუ ელექტრომაგნიტი ჩაირთობა, ის მიიზიდავს ლურსმანს ზევით, ურდული გაიღება და კარებიც მასთან ერთად.
მეორე რაც დაგვჭირდება, ესაა კლავიატურა. კლავიატურა ნებისმიერი გამოდგება, თუნდაც ძველი კალკულატორის ან თუნდაც რამე დიდი ზომის მობილურის. მთავარია რომ ეს ციფრები ეწეროს ზედ და კონტაქტები უვარგოდეს. კლავიატურასთან ერთად სქემაში გათვალისწინებულია ასევე წითელი ("წთ) და მწვანე ("მწ") ნათურები შესაბამისად პაროლის არასწორად და სწორად შეყვანის გამოსახატავად. და პლუს იქნება ჩამოყრის ღილაკი. ანუ იმას რომ დააწვებით, მერე პაროლს თავიდან შეიტანთ. ეს კი თვითონ სქემა

ბევრი რელეა, არა? ეჰ, რას ვიზავთ. ავტომატიზაცია მსხვერპლს მოითხოვს. :) მოკლედ, განვიხილოთ როგორ მუშაობს. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ A და B ასოებს. ესენი შემოვიტანე სქემაში იმიტომ, რომ ზედმეტი მავთულებით არ გადამეტვირთა. სადაც წერია "ა" - იგულისხმეთ რომ ის წერტილები ერთმანეთთან არის შეერთებული. ასევე მოიქეცით "ბ" -ზე. აი ამ მდგომარეობაში, როგორც სქემა ხაზია, არაფერი ხდება. მაგრამ საკმარისია დააწვეთ ნებისმიერ ღილაკს, გარდა "4"-ისა, რომ მაშინვე ჩაირთობა სიგნალიზაცია! მიაქციეთ ყურადღება "განგაშის სისტემას". მას ყველა "ა" წერტილთან აქვს კავშირი. ანუ ნებისმიერი არასწორდ შეტანილი ციფრი ჩართავს ზარს და რელეს, რომელიც თავს ჩაიკეტავს (ანუ მას ვეღარ გათიშავ თუ დენს არ გამოურთობ) და ასევე გამორთავს "*" ღილაკს, რომელიც პასუხისმგებელია პაროლის ჩამოყრაზე. (თუ "*"-ს დააწვები, ის გამოიწვევს დენი დროებით გამორთვას და სქემის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას, ანუ "პაროლის ჩამოყრას")
****************************************************************************
თუ დავაწვებით "4"-იანს, რომელიც სწორი პაროლის 1-ლი ციფრია, მაშინ გააქტიურდება "ავტომატიზაციის განყოფილების" მეორე რელე. ეს რელეც თავს ჩაიკეტავს და ასევე გამორთავს პაროლის მეორე სწორი ციფრის, "2"-იანის დაჭერისას განგაშის ჩართვის საფრთხეს. ახლა რომ ისევ 4 იანს დააწვე, არაფერი მოხდება. მაგრამ თუ 2 იანის გარდა სხვა რამეს დააწექი, ისევ ისე სისტემა ჩაიკეტება და განგაშის ზარი დაიწყებს გაუთავებლად რეკვას (აქვე დავამატებ, რომ ზართან ერთად წითელი ნათურაც ირთობა)
************************************************************************
დაბოლოს, თუ 2 იანის მერე დავაწვებით მესამე სწორ ღილაკს "#"-ს, მაშინ დენი წავა ჩვენი ეშმაკური ელექტრომაგნიტისაკენ, ლურსმანი კარებს გააღებს და ყველა ლაღად და ბედნიერად იცხოვრებს. :) პაროლის შეცვლა ყოველთვის შეიძლება ამ სამი (4, 2 და # ) ღილაკების მავთულების სხვა კნოპკების მავთულებთან გაცვლით. მაგალითად თუ 4 იანის მავთულს 1 იანს მივაბავთ და შესაბამისად 1 იანისას 4 იანს - პაროლი გახდება "12#". იგივე ვრცელდება ჩამოყრის ღილაკზეც. ის შეიძება "*" კი არა, თუ გინდათ "5"-იანი იყოს და რაც გაგიხარდებათ მოკლედ.
ნუ, ასეთი ნავაროჩენი პაროლიანი კარები არ გამოგივათ, მით უმეტეს რომ ეს სქემა სამოყვარულო დონისაა და შესაბამისად, საკმაოდ დიდი და მძიმეც იქნება, მაგრამ ჩვენ ხასიათს გაასწორებს და მეტი რა შეგვრჩება ამ ცხოვრებაში. :)

No comments: