Monday, May 3, 2010

ჩხირკედელაობა - ტელეგრაფი

დღეს შევეხები ჩემთვის მტკივნეულ ისეთ საკითხს, როგორიცაა ტელეგრაფი. ეს ამოცანა არაა წიგნში და ის წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით ჩამოყალიბდა. საქმე იმაშია, რომ ჩემის პატარაობაში ჯერ კიდევ ძალიან დიდ ფუფუნების საგნად ითვლებოდა მობილური ტელეფონი. თქვენ წარმოიდგინეთ, მეგაკომის ტელეფონი, მეტეხის აგურის ზომის რომ იყო, ისეთი ძვირი ღირდა, რომ იმ ფასად შეიძლებოდა ძალიან საკაიფო სუფრა გაგეშალა ძმაკაცებთან ერთად. არადა ამ დროს ჩემი ძმაკაცი, რომელსაც მეტსახელად ჯადო ქვია (მოკითხვა სოსოს) ჩემგან ერთი სახლი და ამის მერე ცხოვრობდა. არადა კომუნიკაცია საჭირო რამეა ადამიანისათვის. მაგალითად გინდა რომ დაუძახო, გადმოდი ჩემთან, მაგარი დენძის (ასეთი სათამაშო კომპიუტერი იყო, როგორც ახლა X-box) კასეტა მაქვს და ორზე ვითამაშოთო.
ხოდა იმის გამო, რომ არ გვქონდა მობილურები, ხოლო ქალაქის ტელეფონი მარტო მე მქონდა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჩვენი საკუთარი ქსელი ორ აბონენტზე (ის კი არა და მესამეს - ტრუხა ნიკას ჩართვაც გვინდოდა. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა ბოლომდე) და როდესაც მოგვინდებოდა ერთმანეთის დაძახება, დაგვეჭირა ხელი ღილაკზე და გამოგვეძახა. ასე შეიქმნა გურჯადქსელი. გამტარებად გამოყენებული იქნა ის გამოცვლილი ტელეფონის მავთულები, რომელებსაც ასე ხშირად ცვლიდნენ ხოლმე ატეესის ხალხი. საქმე იმაშია, რომ ერთ კაბელში 40 წყვილი მავთული მაინც გადის. 1 მეტრი ასეთი კაბელი კი 40 მეტრ 2 წვერა მავთულს იძლევა, რაც საკმარისზე მეტიც კი იყო ორ სახლს შორის კავშირისათვის.

ასე რომ მოვრჩეთ ისტორიას და გადავიდეთ საქმეზე. თქვენი ქსელის ასაწყობად დაგჭირდებათ: 2 ბატარია (თუნდაც 2 ცალი ელემენტი რომ ჩადიოდეს და 3 ვოლტი ძაბვა გამოვიდეს), 2 კნოპკა (ჩვეულებრივი, რომ დააწვები და თავისით რომ ბრუნდება უკან), 2 გადამრთველი (რომელიც ან ერთ პოზიციაშია ან მეორეში), 2 ზარი (ნებისმიერი ზარი, რომელიც ნებისმიერ ხმოვან სიგნალს გამოსცემს და მუშაობს 3 ვოლტზე) და 2 ნათურა. ასევე, თუ ასეთი მაგრები ხართ, დაგჭირდებათ მორზეს ანბარის შესწავლა.
თუ არა და მაშინ გეგმა "ბ" ც არსებობს. (ამაზე ბოლოს)


მაშ ასე, ვიწყებთ ქსელის აწყობას. დავალება ასეთია. როდესაც მე ვაწვები სიგნალს 3 წამის მანძილზე, მაშინ ჯადოსთან რეკავს ზარი. ის გადართავს მიმღებს და იწყებს ანბანის მიღებას. ერთი მხრისათვის საკმაოდ ადვილია. აი ნახეთ ნახაზი.
მაგრამ აბა სცადეთ და გააკეთეთ ორი აბონენტის ერთმანეთში ინტეგრაცია. აი მე კი უკვე დამვიწყებია როგორ შევძელით ეს. ამიტომ ახლა ვიჩალიჩებ და გავიხსენებ.. აჰა, 15 წუთიანი ჩხირკედელაობის მერე მივიღე ასეთი ნახაზი.
სიმართლე გითხრათ, ეს არაა იდეალური საკომუნიკაციო საშუალება. იმიტომ რომ როდესაც შენ რეკავ, შენი ზარი ან ნათურაც ინთება. ეს კი ნაკლებ ძალას აგზავნის მეორე აბონენტისკენ. მაგრამ რაც მთავარია, სქემა მუშაობს. ახლა კი იდეა მათთვის, ვისაც ეზარება მორზეს ანბანის სწავლა. ხალხო, იყო თავის დროს ასეთი ტელეფონები, რომლებსაც ყურმილში ქონდათ ნახშირის მიკროფონი. ესაა კაცობრიობის (არადა ნიკოლა ტესლას) უდიდესი გამოგონება, რომელიც ხმის მიხედვით ცვლის წრედის წინაღობას. საბჭოთა წარმოების ყველა ტელეფონს ასეთი ყურმილი აქვს. ხოდა სწორედ ის დაგჭირდებათ (თუ იშოვით რა თქმა უნდა)
მოკლედ, ერთადერთი, რაც თქვენ დაგჭირდებათ ისაა, რომ მიკროფონი დაუმატოთ ამ წრედს. საბოლოოდ კი ასეთი გამოვა (მიაქციეთ ყურადღება ახალ სიმბოლოებს: სასიგნალო ღილაკთან პარალელურად ჩართულია მიკროფონი, ხოლო ნათურის ნაცვლად - დინამიკი)
ვსო, წავედი მე ნიჭიერს ვუყურო. უნდა იმ ფოკუზნიკმა მოიგოს, მაგარი შოუმენია. :) ა, მართლა, არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ 6 ვოლტზე მეტი ძაბვა თუ მიკროფონს დააყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწვავთ ამ კაცობრიობის მიღწევას, ახლა რომ არავინ არაფრად აგდებს.

1 comment:

Anonymous said...

This information is priceless. When can I find out more?


Here is my site; cellulite treatment